ნიდარ მგალობლიშვილი- მსახიობი, რომელიც თვალებით საუბრობდა 16 ივლისი 2021, 00:39:29
AUTO PLAY
ნ ო დ ა რ მ გ ა ლ ო ბ ლ ი შ ვ ი ლ ი --- 90 "თეიმურაზ ხევისთავი ჩემთვის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო გმირია. არადა ამ როლისთვის ხალხის რისხვა დავიმსახურე. ქუჩაში რომ მივდიოდი, "ბრინკა, ბრინკა"–ს მეძახდნენ. მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ: – არა გრცხვენია?! რა როლი ითამაშე?! შენ რა ქართველი ხარ?! არადა ეს პერსონაჟი სამაგალითოა. "სხვას იმას ვერ ვასწავლი, რაც თავად არ მწამს" – ეს მისი კრედოა. თეიმურაზის მრწამსი ერთგულებაა, სხვას არ ჩაგრავდა, არ ამცირებდა და ამით გაიმარჯვა. ეს თუ შეგიძლია, უბედნიერესი ადამიანი ხარ. სხვებს არ ჰგავს, სიკეთისა და ერთგულებისთვისაა მოვლენილი, ეს არის მნიშვნელოვანი. ეს პერსონაჟი დაცინვის ობიექტი კი არა, ჩაფიქრების საგანია. ხალხს ამის აღქმა გაუჭირდა. ერთხელ ჩემს სახლთან ახლოს, წარმოების ეზოში, მანქანას ვრეცხავდი. იქვე ახლოს ავტომობილი გაჩერდა, გადმოვიდა მძღოლი და მითხრა: – ბატონო ნოდარ, საქმე მაქვს თქვენთან. ასეთი კარგი მსახიობი ხართ, ხალხს უყვარხართ, რაღა მაინცდამაინც ასეთი საზიზღარი კაცის როლი ითამაშეთ?! – მე მსახიობი ვარ და ვისი როლიც მომცეს, ის ვითამაშე, – მივუგე. – კი, მაგრამ, იცით, რა ჩაიდინეთ?! ჩვენ დავით აღმაშენებლის და გიორგი სააკაძის ერი ვართ, ხოლო ეს გმირი შეუფერებელია ჩვენი ტრადიციისა და აზროვნებისთვის... მერე საჩივრის წერილი, ვეებერთელა არზა მომაწოდა, რომელშიც ეწერა – ეს სპექტაკლი, როგორც უზნეობის მქადაგებელი და ქართული მენტალობისთვის შეურაცხმყოფელი, უნდა აიკრძალოსო. წერილს ხელს აწერდნენ მძღოლთა ორგანიზაციის წევრები. რა უნდა მეპასუხა? – დილით რომელ საათზე დგები? – ვკითხე მძღოლს. – 5–6 საათზე. – მერე, ცოლს აღვიძებ? – არა, ცოლს როგორ გავაღვიძებ, თვითონ ვემზადები და მივდივარ. – შინ როდის ბრუნდები? – სამუშაო დღის ბოლოს "ბიჭები" ვრჩებით, ცოტას ვსვამთ და გვიან ღამით ვბრუნდები სახლში. – შენი მეუღლე გეგებება? – მას უკვე სძინავს, როგორ გავაღვიძებ?! ვწვები და ვიძინებ. შვილებსაც სძინავთ–მეთქი, ვკითხე. მათაცო, მიპასუხა. – ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც შინ რომ მიხვიდე და ნახო, შენი ცოლ–შვილი სხვამ წაიყვანა, რას იტყვი, ვინ იქნება დამნაშავე – შენ, შენი ცოლი თუ შვილები? ამ სიტყვებმა დააფიქრა და ძალიან შეწუხდა. – ოჰ, ამის დედა ვატირე, ვინც ეს საჩივრის წერილი დამაწერინა და ვინც ამას ხელი მოაწერა!.. უკაცრავად, ბატონო ნოდარ, გთხოვთ, მაპატიოთ! – მძღოლმა წერილი გადახია და გაბრუნდა." * * * ".ქალი ბევრ რამეს ნიშნავს – სიხარულს, დარდს, წუხილს, პრობლემებს და, რაც მთავარია, სიყვარულს." * * * ".საერთოდ ნებისმიერი რეჟიმის მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვარ. " * * * "ღირსებას თუ დაკარგავ, ორდენი ვერაფერს გიშველის! არასოდეს დაჩაგრო სხვა..., წინააღმდეგობა შენს თავში უნდა ეძებო, აღმოაჩინო ის უარყოფითი, რაც სხვას უშლის ხელს შენი არსებობით. " * * * "ძალიან ძნელია შეცვალო ადამიანური ბუნება, რაც დაბადებიდან თან გდევს...." * * * " უკმაყოფილო ადამიანი ძალიან ცოდოა. კმაყოფილი უნდა იყო იმისთვის, რომ არსებობ, სამყაროს ხედავ, აღიქვამ, აზროვნებ და სიყვარული შეგიძლია... მომთხოვნი არასდროს ვიყავი. არც შურის გრძნობა მახლდა. რაც მქონდა, იმას ვკმარობდი – ამით ბედნიერი და ჯანმრთელი ვარ" * * * ".საშინელებაა, როცა ადამიანს სხვაზე ბატონობის სურვილი უჩნდება, უნდა, სხვას გაასწროს, უკან მოიტოვოს. ეს უღირსი ადამიანების თვისებაა. პატივს ვცემ ადამიანებს, ვინც ბევრს აღწევენ ცხოვრებაში, მაგრამ არა – სხვისი დაჩაგვრის ხარჯზე." * * * "მეკითხებიან, რატომ აღარ ვჩანვარ სცენაზე. ახლა აღარ ვარ საჭირო. რატომ უნდა მოვითხოვო ის, რაც აღარ მეკუთვნის? დროს ვერ შეაჩერებ, ვერც შეებრძოლები. ცოდოა ადამიანი, ვისაც ეს არ ესმის." * * * ….ვაჟთა მეორე სკოლა დავამთავრე, რომელიც სოლოლაკში, ყოფილ მახარაძის ქუჩაზე მდებარეობდა. სწავლის გაგრძელება საოპერო ვოკალის განხრით მსურდა. ბავშვობიდან ვმღეროდი, მეათე კლასში კი პედაგოგთანაც ვემზადებოდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ხმა დავკარგე და არჩევანის შეცვლა მომიწია. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, გეოლოგიურზე ჩამებარებინა – რომანტიკულ დარგად ვთვლიდი, მაგრამ პირველივე გამოცდაზე ჩავიჭერი, მათემატიკას ვერ გავუმკლავდი. ზუსტი მეცნიერებები არ მიყვარდა, სხვა საგნებს კარგად ვსწავლობდი... არ ვიცოდი, მარცხი დედამდე როგორ მიმეტანა, საშინელ ხასიათზე დავდექი. შინ მიმავალს ჩემი მეგობარი ჯემალ ანჯაფარიძე, ზურაბ ანჯაფარიძის ძმა, შემხვდა. – გამოცდაზე ჩავიჭერი, – შევჩივლე. – მერე რა მოხდა, წამო, ვიქეიფოთ, გულს გადააყოლებ. რა მექეიფებოდა, მაგრამ ქეიფის დროს ბევრს ავიწყდება პრობლემები, მით უფრო, იმ ასაკში. წავყევი. – მე თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისოროზე ვაბარებ, თუ გინდა, შენც ჩააბარე სამსახიობოზე. – ამისთვის რა უნდა გავაკეთო? – ერთი იგავ–არაკი, ლექსი და რომელიმე მოთხრობიდან მცირე ნაწყვეტი ისწავლე, მეტი არაფერი. მაინც გარეთ ხარ და რა გენაღვლება, სინჯე! * * * --პირველი როლი იყო... სხვათა შორის, არჩილ გომიაშვილი წავიდა თეატრიდან და მე დამნიშნეს, „რაიკომის მდივანი" რეზო თაბუკაშვილის პიესა იყო და სერგო ზაქარიაძის ვაჟს ვასრულებდი. ბებიას როლს სესილია თაყაიშვილი თამაშობდა, დედას - თამარ ციციშვილი. ახლა წარმოიდგინეთ, ამ ანსამბლში რა დღეში ვიქნებოდი - დავიბენი. პირველ რეპეტიციაზე რომ გავედი და სერგო მოვიდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო, გამამხნევა. ნეტავ ისეთი იყოს ჩემი ცხოვრება, როგორიც მაშინ იყო. და დაიყო ჩემი წამება. იმ დღეს სპექტაკლი მქონდა, მაგრამ შემხვდა ჩემი მეგობარი და ჩემს ნათესავთან წავედით, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი მქონდა, ხათრი ვერ გავუტეხე და ორი ჭიქა დავლიე. ორ ჭიქას მოჰყვა კიდევ ორი, შემდგომ ოთხი და ა.შ. 8-ის 15 წუთი იყო, 8-ზე სპექტაკლი იწყებოდა. მივატოვე სუფრა და თეატრში მივედი, მაგრამ ვერ ვარ კარგად... როგორც იქნა, დავამთავრე გრიმის გაკეთება, ჩავედი ქვევით და კულისებში დავდექი, ველოდები ზარის დარეკვას, რომ ბებია, სესილია გამოვიდეს. დარეკა ასისტენტმა ზრი, გაიღო ვითომ კარი და პირდაპირ დავეტაკე ბებიაჩემს. უი, შენ მოუკვდი შენს პატრონსო, ატირდა სესილია. თურმე ღვინისა და მწვადის სუნად ვყარვარ. *** --როცა მაქებენ,სად გადავხტე, არ ვიცი. არ მიყვარს გადაღებები. მახსოვს, იალტაში ფილმის გადაღებისას სადღაც გამოქვაბულში ტურისტები დამადგნენ თავზე, აი, ეს მსახიობიაო და იმ წუთში რიგი დადგა ინტერვიუზე. ბოლოს რეჟისორმა იყვირა, ხალხი გაიყვანეთ აქედანო, და ცოტა გავთავისუფლდი. *** --რა უნდა მაწყენინოს კაცმა ისეთი, რომ ხასიათი გამოვიცვალო? ჩემზე რაღაც თქვა? თქვას, რა ვქნა... **8 --არაფერი მენატრება. მენატრება მხოლოდ ჭაბუკობის პერიოდი, როდესაც მე და ჩემი მეგობრები სულ ვქეიფობდით. სკოლასა და ინსტიტუტშიც რომ ვსწავლობდით, მაშინაც. ერთხელ „დომსვიაზის" წინ, კიბეზე, ღამის 4 საათზე ჯემალ ანჯაფარიძემ და მე ექვსი არია ვიმღერეთ. *** -- ნურავინ იტყვის, შევცვლიდიო, თორემ იმ ადამიანს ვეღარ ვენდობი. გენეტიკა ისეთი რაღაცაა, რომ დაბადებიდან სცენარი დაწერილია უკვე. მე რომ თავიდან დავიბადო, ზუსტად იმავე ციკლს გავივლი, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ადამიანი იბადება იმათ რითაც მერე გარდაიცვლება. *** -- ჩემი შეცვლა ძალიან ძნელია. პატარა ვიყავი, თითქმის ორი წლის, რომ გარდავიცვალე, პირდაპირ. იმდენად ავად ვიყავი, ვენები დამიჭრეს და გახსნილი ვენებიდან შემიყვანეს სისხლი. საწყალი დედაჩემი კინაღამ გადახტა თურმე აივნიდან. მერე იყო ძალიან ბევრი დაავადება, მერე მამა დაიჭირეს, მერე ბიძები... მგალობლიშვილები გაგვანადგურეს კომუნისტებმა! **** .-- დაბადებასა და გარდაცვალებას შორის არის მონაკვეთი, რასაც წამება ჰქვია *** .-- დროზე წამოვედი თეატრიდან. ყოველთვის ვამბობ, თუ აღარ ხარ საჭირო, დროზე უნდა გააღწიო. არ შეიძლება დაუსრულებელი ცხოვრებით ცხოვრება, უნდა იცოდე, რომ დღეს ბოლო დღეა. დამთავრებულია. არ გინდა ეს წიწინი ვაიმე, კიდევ ერთი როლი. გაგიჟდი, კაცო?! *** .***ვნანობ, რომ დიდხანს ვცხოვრობ. არ შეიძლება. იმ დროს უნდა გარდაიცვალო, რომ ადამიანებს დაენანო. როცა იქნება, იყოს, დავუძახებ, მოვდივარ, დამხვდი-მეთქი. ასეა... ნოდარ მგალობლიშვილი 2019 წლის 26 მარტს,87 წლის ასაკში გარდაიხვალა... თენგიზ არჩვაძე, მსახიობი: - დღეს დილით შევიტყვე ეს ამბავი და დამუნჯებული ვარ... რაღა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რაც ქართველმა ხალხმა თქვა ნოდარზე და შეიყვარა იგი! ჩვენ ერთად გაზრდილები ვიყავით და მაპატიეთ არაფრის თქმის თავი და ნერვები რომ აღარ მაქვს! მადლობა რომ დამირეკეთ და მომისამძიმრეთ... ---- კახი კავსაძე, მსახიობი: - თავზარდაცემული ვარ, ამ ადამიანთან ლამის ასწლიანი მეგობრობა მაკავშირებდა... სიცოცხლით სავსე და ყველას მიმართ კეთილგანწყობილი კაცი იყო! ამავე დროს მტკიცე და შეუვალი! კარგი ქეიფი, სიმღერა უყვარდა და ვინ მოთვლის რამდენი რამ მაქვს მასზე საუკეთესო მოსაგონარი! რა გითხრათ იმაზე მეტი, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა ძალიან ღირსეული კაცი და დიდებული მსახიობი! ---- ელდარ შენგელაია, რეჟისორი: - გამორჩეული მსახიობი იყო, შესანიშნავი სახეები შექმნა სპექტაკლებში "ჯაყოს ხიზნები" - ჯაყო, იაგო, ჰაკი და კიდევ ბევრი სხვა... როგორც ნოდარი თამაშობდა, ისე თამაში მხოლოდ მას შეეძლო! მისი საკუთარი ხელწერა ჰქონდა! გამორჩეული სახეები შექმნა კინოშიც, დაუვიწყარი! მან წარუშლელი კვალი დატოვა... ---- გოჩა კაპანაძე, მსახიობი და რჟისორი: - ნოდარ მგალობლიშვილი უკომპრომისო პიროვნება იყო, თავის პოზიციის დამცველი! მისთვის ყველაზე მთავარი, როგორც მსახიობისთვის თუ პიროვნებისთვის – ღირსება იყო! არცერთი მთავრობის ხელქვეითი არ ყოფილა! ის იყო ღრმად ერუდირებული, უმაღლესი პროფესიონალი და ძალიან დიდი არტისტი, რომლის შემოქმედებაზეც თაობები გავიზარდეთ! რამდენიმე არტისტი იყო, რომლის გამოც მივედით თეატრში, ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ნოდარ მგალობლიშვილი იყო!... მქონდა პატივი გიზო ჟორდანიას სპექტაკლში "სამგროშიანი ოპერა" ნოდარ მგალობლიშვილის დუბლიორი ვყოფილიყავი... ბატონმა ნოდარმა მოითხოვა დუბლი დაენიშნათ და თვითონვე შესთავაზა ჩემი კანდიდატურა გიზო ჟორდანიას. მე მაშინ მარჯანიშვილის თეატრში არ ვიყავი და როდესაც მიმიწვიეს, სასტიკ უარზე დავდექი, ვერ ვბედავდი მის დუბლიორობას... ბატონმა ნოდარმა დაჟინებით მთხოვა რეპეტიციების გავლა დამეწყო... შემდეგ შეუძლოდ გახდა და უფრო ხშირად მე მიწევდა რეპეტიციების გავლა. იგი გენერალურ რეპეტიციაზე ოთარ მეღვინეთუხუცესთან ერთად მოვიდა, ნახა სპექტაკლი და საჯაროდ ისეთი რამ თქვა, გამეორება მიჭირს - რასაც ეს ახალგაზრდა კაცი, ჩემი კოლეგა მსახიობი აკეთებს, მე ვერ გავაკეთებო... ისეთი როლი იყო, სადაც ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა იყო და ალბათ ამანაც გადაწყვიტა რომ დამითმო როლი, რაც გავაპროტესტე, თუმცა მითხრა, გოჩა, ასეთ შანსს ნუ გაუშვებ ხელიდანო... პრემიერაზეც მომილოცა და მითხრა, სწორი არჩევანი გავაკეთეო! დიდი მადლობა, მინდა, ვუთხრა ნოდარ მგალობლიშვილის სულს ყველაფრისთვის. ნოდარ მგალობლიშვილი პაუზის დიდოსტატი იყო. ბრწყინვალე პარტნიორობას უწევდა უდიდეს კორიფეებს. უზომოდ უყვარდა თავის საქმე, თავის თეატრი, მაგრამ მისთვის უპირველესი ღირსება და სამშობლო იყო! ის არანაირ ჯილდოზე არ გაყიდულა, მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარული და აღიარება იყო! ის რომ ევროპაში დაბადებულიყო, მსოფლიო მასშტაბის უმაღლესი რანგის არტისტი იქნებოდა, ქართულ სინამდვილეში კი ის ყოველთვის ვარსკვლავი იყო და ძალიან ნიშანდობლივია უარი რომ თქვა, ვარსკვლავის გახსნაზე..
18
|
1099.00
k
1499.00
k
|