როგორ უნდა სძლიო შიშს? - პასუხი ძალიან მარტივია... - ვიდეო, რომელიც პირველი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ 13 სექტემბერი 2019, 18:01:35
AUTO PLAY
- ვთქვათ, ვინმემ დუელში გამოგიწვიათ. რას იზამდით? - მე… მე დუელში არავინ გამომიწვევს. - მაგრამ რომ გამოგიწვიონ? შეგეშინდებათ? - მგონი შემეშინდება. - მართლა? მაშ ლაჩარი ხართ? - არა მგონია. ლაჩარი გარბის, ხოლო ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის ლაჩარი არ არის. "იდიოტი". თ. დოსტოევსკი ჩვენ ყველას გვეშინია. იმ სპილოებს ვგავართ, ბავშვობაში ფეხზე გამობმული თოკის გაწყვეტის მცდელობა, რომ კრახით დაასრულეს და ახლაც ჰგონიათ ვერ გაწყვეტენ. ჰოდა, ვდგავართ ასე მორჩილად და აღარც ვცდილობთ, რადგან პირველი წარუმატებლობის ტკივილის თავიდან განცდის გვეშინია. უკან ვიხევთ, რადგან არ გვსურს გვეტკინოს. შიში - ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ემოციაა, მიღებული გამოცდილებიდან შობილი რეაქცია. ეს რეაქცია კი სრულიად ადეკვატურია ხშირ შემთხვევაში, ქვეცნობიერი ხომ დალექილ ტრავმებს ინახავს. არსებობს გამოთქმა - "არ ეშინიათ მხოლოდ სულელებს"… სიმამაცე, ამ შიშის მიუხედავად, ნაბიჯის გადადგმაა. საწოლის ქვეშ შემალული შიშებიდან დაწყებული, სიღატაკის შიშით დამთავრებული ნებისმიერი შიშის დაძლევა რომ მოვახერხოთ, პირველ რიგში ჩვენი ემოციების ჩვენივე თავიდან გამიჯვნა მოგვიწევს. თქვენ მშიშარა არ ხართ, თქვენ უბრალოდ გრძნობთ შიშს და ნუ მისცემთ საკუთარ რეაქციებს უფლებას, რომ გმართოთ. ნუ დაუთმობთ მათ თქვენს კუთვნილ თავისუფლებას. ემოცია, როგორც ბარიერი, ყოველთვის იარსებებს, მაგრამ თუკი მის გადალახვას შეეცდებით, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მარტივად დასაძლევი მოგეჩვენებათ და თქვენი ქმედებების განმსაზღვრელი ფაქტორი ვეღარასოდეს გახდება. კარლოს კასტანედა მიიჩნევდა, რომ შიში ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი მტერია. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი წიგნიდან - "დონ ხუანის მოძღვრება", სადაც ის თავის ინდიელ მასწავლებელს - დონ ხუანს ესაუბრება: " - ადამიანი თავის უპირველეს მტერს ეჩეხება - შიშს! საშინელს, ვერაგსა და ძნელად დასაძლევს. ყოველ მოსახვევში შიში იმალება. შიში ინიღბება, ხელსაყრელ შემთხვევას უცდის და თუ ადამიანი მის სიახლოვეს შეუშინდა და გაიქცა, მის ძიებასაც მოეღება ბოლო. - რა ემართება ადამიანს, რომელიც შიშს გაექცევა? - რა თქმა უნდა, არაფერი, გარდა იმისა, რომ იგი ვერასოდეს ისწავლის რამეს. ვერასოდეს გახდება მცოდნე ადამიანი. იქცევა ჯიუტ კაცად, რომელსაც არაფრის დანახვა არ სურს, ან უწყინარ, შეშინებულ არსებად. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში მარცხდება. მტერი ყველა მის ზრახვას ბოლოს მოუღებს. - კი მაგრამ, როგორ უნდა მოიქცე, შიში რომ დაძლიო? - ამაზე პასუხი ძალიან მარტივია - არ უნდა გაიქცე. ნაბიჯი უნდა გადადგა მისკენ, მერე კიდევ და კიდევ. შიშისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, ცოდნისკენ გადადგმული ნაბიჯია. თუნდაც მთლიანად შეგიპყროს შიშმა, არ უნდა გაჩერდე. ასეთია წესი და აუცილებლად დადგება წუთი, როცა მტერი უკან დაიხევს. მაშინ საკუთარი თავის რწმენას იგრძნობ და შენი განზრახვა კიდევ უფრო განმტკიცდება. სწორედ ამ სასიხარულო წუთს ადამიანს უყოყმანოდ შეუძლია იმის თქმა, რომ მან თავის უპირველეს ბუნებრივ მტერს სძლია". ცნობილია, რომ ალფრედ ჰიჩკოკი საკმაოდ "მშიშარა" ადამიანი გახლდათ და სწორედ ამიტომ დაიწყო საშიში ფილმების გადაღება. ეს შიშის დაძლევის ერთგვარი ხერხია, გაუსწორო თვალი საკუთარ ემოციას და გააკეთო ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინია. გადადგა ნაბიჯი, რომელიც ახალი გამოცდილების მიღების საშუალებას მოგცემს და არასოდეს დაიხიო უკან! ერთი პატარა ნაბიჯი, რომლითაც გრანდიოზული მოგზაურობა იწყება. მოტივაციისთვის შესანიშნავ ვიდეორგოლს გთავაზობთ!
32
|
|