დედოფლისწყაროში ყანებს მინდვრის თაგვი ანადგურებს - ვიდეო რეპორტაჟი 12 იანვარი 2019, 19:58:50
AUTO PLAY
კახეთში მინდვრის თაგვი მომრავლდა. მავნებელი მღრღნელი მარცვლეული კულტურების ყანებს აზიანებს, გლეხები კი მღრღნელის საწინააღმდეგო პრეპარატების შეძენას ვერ ახერხებენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, შირაქისა და ტარიბანის ველზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ გასულ წლებში ასეთი რთული ვითარება არ ყოფილა. ისინი ხელისუფლებას შხამით დახმარებას სთხოვენ და იხსენებენ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწათმოსარგებლეებზე თუთიის ფოსფიდი 2015 წლის შემდეგ აღარ დარიგებულა. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი შალვა თეთვაძე, რომელიც ათეულობით წელია დედოფლისწყაროში მუშაობს, ამბობს, რომ ვითარებას კლიმატური პირობები კიდევ უფრო ართულებს. დედოფლისწყაროში ნალექი ამ დრომდე არ მოსულა, ზამთრის სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა კი თაგვის გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. გაზაფხულზე მღრღნელი კიდევ ერთ თაობას შობს, ამიტომ ის მომავალ თვეებში მავნებლის კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებს.
453
|
|