9-სართულიანი კორპუსი პრესტიჟულ უბანში - გახმაურებული საქმეების პროკურორებმა 30 ბინა გაინაწილეს 8 სექტემბერი 2018, 22:37:59
AUTO PLAY
გორგასლის გამზირზე, პრესტიჟულ უბანში, 9-სართულიანი კორპუსის მობინადრეები მხოლოდ გახმაურებული საქმეების პროკურორები არიან. კორპუსი მათ ააშენეს და 30 ბინა გადაინაწილეს. ბინის გასაღები უკვე გადაეცა მიხეილ სააკაშვილის საქმის გამომძიებელს, დავით ბაინდურაშვილს. ამავე კორპუსში ბინა მიიღო გიგი უგულავას საქმის გამომძიებელმა, თამარ კუჭავამ. პროკურორების კორპუსში ცხოვრობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სამმართველოს უფროსი, ალექსანდრე მუყასაშვილი, რომელმაც რუსთავი2-ის ყოფილი მფლობელები დაზარალებულად სცნო. პროკურორების კორპუსში მეშვიდე სართულზე შეხვდა ბინა კაბელების საქმის პროკურორს, თამარ აღლემაშვილს. მეექვსე და მეოთხე სართულები გაინაწილეს ციანიდის საქმის პროკურორებმა - გიორგი გუმბერიძემ და ჯარჯი წიკლაურმა. ყველა გახმაურებული საქმის პროკურორმა ბინა მას შემდეგ მიიღო, რაც ხმაურიანი საქმეებზე ადამიანები პასუხისგებაში მისცა. ადვოკატი ინგა არახამია იმ მოქალაქის ინტერესებს იცავს, რომელსაც გამომძიებელი დავით გუმბერიძე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. საქმის შესწავლის დროს მან გაარკვია, რომ გუმბერიძის ქონებრივ დეკლარაციაში ელიტარული კორპუსის 4 ბინა არის ასახული. ოფიციალური ინფორმაციით, 2014 წელს ტერიტორია პროკურატურის მაღალჩინოსნებმა VTB ბანკისგან იყიდეს. მანამდე კი ეს ტერიტორია სამშენებლო კომპანია აქსისს ეკუთვნოდა, შემდეგ კომპანიამ მიწა ჯერ VTB ბანკს, შემდეგ კი ბანკმა პროკურორებს მიჰყიდა. გიორგი მუჯირი პროკურატურის ის მაღალჩინოსანია, რომელმაც 4 წლის წინ პროკურორების ამხანაგობა შექმნა. გიორგი მუჯირი კურიერთან ამტკიცებდა, რომ ყველა, ვინც ახლა ამ კორპუსის მობინადრეა, რამდენიმე წლის წინ თანამდებობის პირი არ ყოფილა და მაღალი რანგი მათ ბოლო პერიოდში მიიღეს. პროკურორების კორპუსი თბილისში პირველი არ არის და საბჭოთა პრაქტიკის გაგრძელებას ჰგავს, როდესაც სპეცსამსახურების ანდა ძალოვანი უწყების თანამაშრომლებისთვის საბჭოთა ხელისუფლება დამოუკიდებელ ნაგებობებს აშენებდა.
20
|
1099.00
k
1499.00
k
|