სოფელ არხილოსკალოს სივრცითი განვითარების და მიწათსარგებლობის გეგმა ექნება (ვიდეო) 15 მაისი 2018, 22:37:12
AUTO PLAY
საჯარო რეესტრმა, კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა და დედოფლისწყაროს მერიამ მემორანდუმი გააფორმეს. სოფელ არხილოსკალოს სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და მიწათსარგებლობის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (Rec Caucasus) დირექტორმა სოფიკო ახობაძემ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო რეესტრი საპილოტო პროექტის შედეგად არხილოსკალოს ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ სივრცით-ტერიტორიული ინფორმაციას - მიწის ნაკვეთების რუკებს, გეგმებს, მიწის ნაკვეთის კატეგორიებს, არსებულ განაშენიანებას და სხვა მონაცემებს დედოფლისწყაროს მერიას მიაწვდის. მერია კი, თავის მხრივ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დახმარებით სოფელ არხილოსკალოს სივრცით-ტერიტორიული განვითარებისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას მოამზადებს. „ეს იქნება მაგალითი მთლიანად ქვეყნისთვის, თუ როგორ შეიძლება, მარტივად, რეგისტრაციის სრულყოფილი მონაცემების საფუძველზე შედგეს სრულყოფილი მიწათსარგებლობის გეგმა კონკრეტული არეალისთვის, “ - აღნიშნა ივანე ცარციძემ. თანამშრომლობის მემორანდუმი დედოფლისწყაროს მერიას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებასა და მუნიციპალიტეტის საკუთრების გამოყენების უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება. მიწის რესურსების მდგრად და ეფექტიან გამოყენებასთან ერთად, უწყებებს შორის თანამშრომლობა საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობასაც შეუწყობს ხელს. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი არხილოსკალო ერთ-ერთია იმ თორმეტი დასახლებიდან, სადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტს ახორციელებს. პილოტ-პროექტი დედოფლისწყაროს კიდევ ერთ სოფელში, არბოშიკში ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში სპეციალური აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობდა და მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრები შედგა.
21
|
1099.00
k
1499.00
k
|