შსს სპეცოპერაციების დეტალებზე პირველ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს 12 მაისი 2018, 13:47:04
AUTO PLAY
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით ჩატარებული სპეცოპერაციების დეტალებზე პირველი ოფიციალური განმარტება გააკეთა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის, განცხადებით, ბოლო პერიოდში ახალგაზრდების გარდაცვალება კლუბებში ვიზიტის შემდეგ დაფიქსირდა. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ყველა გახდით ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალების მოწმე. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი მოხდა კლუბებში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, საგრძნობლად იმატა კლუბებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელმა. არსებული ინფორმაციით, არაერთი ახალგაზრდა, მათ შორის, არასრულწლოვანი, გადაყვანილ იქნა სტაციონარში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დიაგნოზით,“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, ბასიანსა და გალერიში ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად არაერთი საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა. ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, არსებობს ვიდეომტკიცებულებებიც. „ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო,“ - განაცხადა ბორცვაძემ. შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, კლუბ ბასიანის დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის, ცემასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია. ამ დროისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
2
|
|