ორი ინდმეწარმე საბავშვო ბაღებს კარაქის ნაცვლად, სპრედს აწვდიდა 14 აპრილი 2017, 13:24:55
AUTO PLAY
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ორი ინდივიდუალური მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ მეწარმეებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე, ვალდებულება ჰქონდათ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღები უმაღლესი ხარისხის კარაქით მოემარაგებინათ. „ბრალდებულებმა, შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ათეულობით საბავშვო ბაგა-ბაღს უმაღლესი ხარისხის კარაქის ნაცვლად, ეტაპობრივად მიაწოდეს იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისგან დამზადებული სპრედი, რა გზითაც, მოტყუებით დაეუფლნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხებს”, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
|
|