"ხელოვნება პოლიტიკის გარეშე" - აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი 5 თებერვალი 2014, 21:50:42
AUTO PLAY
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა ბათუმში აქცია - "ხელოვნება პოლიტიკის გარეშე" გამართეს. აქციის მონაწილეებმა ავტომობილებზე პლაკატები - "დაგვიბრუნეთ სამხატვრო ხელმძღვანელი" დაამაგრეს და ბათუმის ცენტრალური ქუჩები შემოიარეს. მოცეკვავეები და მუსიკოსები მთავრობის წევრებს, კულტურის სამინისტროს და უმაღლეს საბჭოს სამხატვრო ხელმძღვანელის, თემურ ქორიძის თანამდებობაზე დაბრუნებას სთხოვენ. აქციის მონაწილეები ჯერ აჭარის მთავრობის სახლთან შეჩერდნენ, შემდეგ კი კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. როგორც მოცეკვავე მურთაზ მანზოლაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, კულტურის სამინისტრო სახელმწიფო ანსამბლთან შეთანხმების გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს, რასაც ანსამბლის წევრები არასდროს დაეთანხმებიან. უთანხმოება კულტურის სამინისტროსა და ანსამბლის წევრებს შორის დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო მაშინ, როცა ანსამბლის დირექტორი ავთანდილ ჭოლაძე მოცეკვავეების და მუსიკოსების მოთხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გადააყენეს. როგორც ანსამბლის წევრები აცხადებენ, კულტურის სამინისტრომ მათ "სამაგიერო გადაუხადა" და სამხატვრო ხელმძღვანელი თემურ ქორიძეც გაათავისუფლა სამსახურიდან. მუსიკოსი თამაზ ბერიძე განმარტავს, რომ სანამ თემურ ქორიძეს არ დააბრუნებენ აღნიშნულ თანამდებობაზე, ანსამბლის წევრები პერმანენტულ აქციებს გააგრძელებენ. აჭარის განათლების და კულტურის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სამინისტრო ანსამბლის საქმიანობაში არ ერევა. ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჩაჩავა კი ანსამბლის ახალმა დირექტორმა, ავთანდილ მიქელაძემ დანიშნა, რადგან თემურ ქორიძეს დეკემბრის ბოლოს კონტრაქტი ამოეწურა.
0
|
|