უამინდობა საქართველოში 10 დეკემბერი 2013, 17:51:36
AUTO PLAY
ჩაკეტილი გზები, პარალიზებული მოძრაობა და დენის გარეშე დარჩენილი ასეულობით აბონენტი -საქართველოში დიდთოვლობაა. განსაკუთრებით რთული ვითარება ქვეყნის დასავლეთ ნაწილსა და მაღალმთიან რეგიონებშია, სადაც დილიდან სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. უამინდობის გამო შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა და წაქცეულია ელექტროგადამცემი ხაზები. სინოპტიკოსების პროგნოზით, დაბალი ტემპერატურა უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება. აჭარაში უამინდობის გამო რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა, მოსახლეობის ნაწილს კი ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ბათუმში თოვლის საფარი 15 სანტიმეტრს აღწევს. ქალაქის გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ტარდება, თუმცა სატრანსპორტო საშუალებები მაინც შეფერხებებით გადაადგილდებიან. მაღალმთიან რაიონებთან დამაკავშირებელი გზები კი ჩაკეტილია - აჭარის მაღალმთიანეთში ნალექის საფარმა მეტრნახევარს მიაღწია. უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოშიც. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ზუგდიდის რაიონის 10-მდე სოფელი, ასევე სენაკის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები. რაც შეეხება გზებზე არსებულ მდგომარეობას: რეგიონში საგზაო მოძრაობა პარალიზებული არ არის. არსებობს მცირე შეზღუდვები, რის გამოც რამდენიმე რაიონში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დენის გარეშეა დარჩენილი იმერეთის მოსახლეობის ნაწილიც. ენერგომომარაგების პრობლემა ვანის, ხარაგაულისა და ტყიბულის რამდენიმე სოფელს შეექმნა. ქუთაისში საგზაო მოძრაობა აღდგენილია, მაღალმთიან რაიონებში კი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული. უამინდობამ პრობლემები შექმნა ცენტრალურ მაგისტრალებზეც. საგზაო მოძრაობა ამ დრომდე ნაწილობრივ პარალიზებულია რიკოთის უღელტეხილზე, შეზღუდვებია დაწესებული კობი-გუდაურის მონაკვეთზეც. ტემპერატურა დაეცა დედაქალაქშიც. თუმცა, სინოპტიკოსები თბილისში თოვლს არ პროგნოზირებენ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს: მეტეოროლოგების ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილსა და მაღალმთიან რეგიონებში თოვა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
0
|
140.00
k
225.00
k
|