ირაკლი ჩარკვიანს დღეს 52 წელი შეუსრულდებოდა 19 ნოემბერი 2013, 18:43:41
AUTO PLAY
ირაკლი ჩარკვიანს დღეს 52 წელი შეუსრულდებოდა. "მეფე" 1961 წლის 19 ნოემბერს დაიბადა და სიცოცხლე მოულოდნელად 45 წლის ასაკში, 2006 წლის 24 თებერვალს დაასრულა. ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს ჯგუფ „არიშთან“ ერთად დაიწყო. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი ნაკლებად ცნობილი იყო, ინდი ჟანრის კოლექტივი „ტაქსი“, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის „ტაქსი“ (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელმა დიდი ინტერესი გამოიჩინა მათი მუსიკის მიმართ. „ტაქსის“ წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები. ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Children's Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Daira (1997) — პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი. ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა „War is Over“. მისი პირველი სოლო-დისკი, „Svan Songs“ ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად. 1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისათვის ორფეოსის სიკვდილი. 1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ“. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა „საქართველო“, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა „უსაფრთხოება“. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო“ გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი“ და „ორღანი’78“ (აგრეთვე გადაღებული იქნა ვიდეოკლიპები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზე). 2004 წელს გამოჩნდა ალბომი „სავსე“, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ“, „აქ ხარ“ და „ნანასი“. ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით — შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია. 2006 25 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მოგვიანებით, 2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა „33ა“, „მწვანე ოთახმა“, „Outsider“, „ვაკის პარკმა“, „The Young Georgian Lolitaz“, „ზუმბა“ და სხვა შემსრულებლებმა. დისკს „ქაღალდის გემი - Tribute ალბომი“ ეწოდება. მოგვიანებით შეგროვდა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე“. შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული, „თეთრი ღმერთი“.
2
|
1099.00
k
1499.00
k
|