"ღმერთთან ახლოს" - კაცხის სვეტი და ბერი მაქსიმე ცნობილ ბრიტანულ გამოცემაში 7 სექტემბერი 2013, 13:20:58
AUTO PLAY
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი მთავარ გვერდს კაცხის სვეტსა და იქ მოღვაწე ქართველ ბერს უთმობს. როგორც სტატიის ავტორი წერს, 59 წლის ბერი მაქსიმე ქავთარაძე მონასტერში 20 წელია მოღვაწეობს. როდესაც ბერი მაქსიმე კაცხის სვეტს ტოვებს, სახელდახელოდ გაკეთებულ კიბეს იყენებს. მას 40 მეტრი სიმაღლის სვეტის გასავლელად 20 წუთი სჭირდება. ბერი სვეტს კვირაში მხოლოდ ორჯერ ტოვებს, რათა მიმდევრებთან ერთად ილოცოს. "აქ ისეთი სიწყნარეა, ღმერთთან სიახლოვეს გრძნობ", - ციტირებს ბერის სიტყვებს Daily Mail-ი. მისი სტუმრები მხოლოდ მღვდლები და ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფია, რომლებიც მონასტერში სიმშვიდესა და ნუგეშს ეძებენ. "როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვსვამდი, ყველაფერს ვყიდდი. როდესაც ციხეში აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ცვლილებების დრო დადგა. აქ, მთებში მეგობრებთან ერთად მოვდიოდი და იქიდან ამ ადგილს ვუყურებდი, ადგილს, სადაც მიწა ცას ერწყმის. ვიცოდით, რომ სვეტზე ბერები ცხოვრობდნენ და მათ პატივს ვცემდი", - ამბობს ბერი მაქსიმე. ის 1993 წელს ბერად აღიკვეცა, კაცხის სვეტზე ავიდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. ბერმა მაქსიმემ და ადგილობრივებმა ეკლესია აღადგინეს და კელია ააშენეს, სადაც ბერი ცხოვრობს. ის მთელ დღეებს კითხვასა და ლოცვაში ატარებს.
11
|
|