მფრინავი მატარებელი - თვითმფრინავი და მატარებელი ერთ "მანქანაში" 23 ივნისი 2013, 12:53:02
AUTO PLAY
ლოზანის პოლიტექნიკური სკოლის ინჟინრებმა ახალი, საკმაოდ ამბიციური პროექტი წარმდგინეს. Clip-Air-ზე შვეიცარიელებმა მუშაობა 2009 წელს დაიწყეს. პროექტი მიზნად თვითმფრინავისა და მატარებლის შესაძლებლობების ერთ "მანქანაში" შერწყმას ისახავდა. 2013 წლის 17 ივნისს პარიზის მახლობლად გახსნილ ლე-ბურჟეს საერთაშორისო ავიაკოსმოსურ სალონში Clip-Air-ის მასშტაბური მოდელის პრეზენტაცია გაიმართა. ვიზუალურად 1,2 მ სიგანის მაკეტი საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. "მფრინავი ფრთის" სქემით შექმნილ საფრენ აპარატზე, რომელშიც ეკიპაჟის კაბინა, საწვავის ავზები და ძრავებია განთავსებული, ქვემოდან სამი 30 მ სიგრძის სატრანსპორტო კაფსულა მაგრდება. საჭიროების მიხედვით, თითოეულ მათგანში 30 ტ-მდე ტვირთის ან 150 მგზავრის განთავსება შეიძლება. თუმცა, შვეიცარიელი ინჟინრები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ერთმანეთში ორი, ერთი შეხედვით, სრულიად საწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალება - თვითმფრინავი და მატარებელი გააერთიანეს. თვითმფრინავის ქვეშ ჩამოკიდებული კაფსულების გამოყენება ტრადიცული სარკინიგზო ვაგონების სახით შეიძლება. ამისთვის სამივე მათგანს ყველა საჭირო მოწყობილობა და სარკინიგზო თვლებიც აქვს. აეროპორტში დაშვების შემდეგ Clip-Air-დან მოხსნილ კაფსულა-ვაგონებს ჩვეულებრივ სარკინიგზო ლიანდაგებზე გადაიტანენ, საიდანაც ისინი შესაბამისი სარკინიგზო სადგურისკენ საკუთარი სვლით გაემართებიან. პროექტის ავტორები Clip-Air-ის იდეის ამბიციურობას ერთხმად აღიარებენ და ისიც იციან, რომ მისი პრაქტიკული განხორციელებისთვის უამრავი ტექნიკური ბარიერის გადალახვა მოუწევთ, თუმცა, საკუთარ ხედვაში დარწმუნებულნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი თანამედროვე თვითმფრინავთმშენებლობის კანონებს რადიკალურად ეწინააღმდეგება.
0
|
|