"თქვენთვის მოვკვდები!" - პრეზიდენტის ემოციური გამოსვლა 19 აპრილი 2013, 19:55:02
AUTO PLAY
საქართველოს დღეს იმედიანი ოპოზიცია და ბრაზიანი მთავრობა ჰყავს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკაში იმისთვის არ მოსულა, რომ თანამდებობები დაეკავებინა, სამიტებზე ევლო, პრეზიდენტებისთვის ხელი ჩამოერთმია, ფოტოები გადაეღო ან პრივილეგიები მიეღო. "მოვედი იმიტომ, რომ თქვენ მომიყვანეთ, თქვენ მიყვარხართ, თქვენთან ერთად გავიმარჯვებ და თქვენთვის მოვკვდები. დღეს დადგა მომენტი, როდესაც პრობლემების გარდა, არაფერი არ არის. დღეს აქ ხართ ადამიანები, ვისაც ბოლო 7 თვე დაკითხვებზე დაგათრევდნენ, გაშინებდნენ, კუთხეში გიმწყვდევდნენ, ხელებს გიგრეხდნენ, სამსახურიდან გაგდებდნენ, მაგრამ მაინც მოხვედით. ბევრს არ ესმის, რომ ყველაფერი მილიარდებით არ იყიდება, ყველაფერი ფულზე არ იცვლება, რომ აქ "ჯიპებისთვის", ბიზნესისთვის, ყაზახური ტვირთების და მილიონერობისთვის არ მოვსულვართ. ჩვენ მოვედით ჩვენი ღირსებისა და სამშობლოსთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, დღევანდელ მთავრობას ძალიან გაუმართლა, რადგან რუსთაველის გამზირზე გაბრაზებული ხალხი არ შეკრებილა. "ჩვენი ოპოზიცია ღალატზე ფიქრით ცხოვრობდა და იღვიძებდა იმის ფიქრით, როდის გაქცეულიყო კრემლში და იქ მიეღო აღლუმები. თქვენ კი გყავთ ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ქვეყანა, ვინც ათენებს და აღამებს სამშობლოს კეთილდღეობაზე ფიქრში და არ მოგცემთ საშუალებას, უღალატოთ ქვეყანას და ის მტერს ჩააბაროთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
2
|
1099.00
k
1499.00
k
|