კადრები, სადაც ჩანს, როგორ ხევს პატრული 19 აპრილის აქციის პლაკატებს 15 აპრილი 2013, 19:22:49
AUTO PLAY
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვს, პატრული პლაკატების ჩამომხევ ორგანიზაციად არ გადააქციოს. ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ვიდეომასალა წარადგინეს. მასალა, რომელშიც ჩანს, როგორ ხევენ პატრულის თანამშრომლები 19 აპრილის აქციის სარეკლამო პლაკატებს, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა გადაიღეს. ნადირაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში ქურდობისა და ყაჩაღობის ძალიან ბევრი ფაქტია, მინისტრი პატრულს იმ დავალებებს აძლევს, რომელიც მათ საქმიანობასთან შესაბამისი არ არის. "პატრული ახალი სახელმწიფოს სიმბოლოა. ის ძალიან მაღალი ნდობის ხარისხით სარგებლობს და მე მინდა ვთხოვო შინაგან საქმეთა მინისტრს, ეს ინსტიტუტი, რომელიც მართლაც ძალიან მაღალი ნდობის ხარისხით სარგებლობს, პლაკატების ჩამომხევ ორგანიზაციად არ გადააქციოს. ეს არ არის სწორი საქციელი და ჩვენ ვითხოვთ პასუხს, რატომ ხდება მსგავსი ფაქტი პატრულის ეკიპაჟის მხრიდან", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
0
|
|