გიორგი საჯაია ...ლექსი... 17 დეკემბერი 2012, 23:09:38
AUTO PLAY
მთვარე -- ძაღლიშვილი, ისე გაიტურა, თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული. წასვლა გამიგია, მაგრამ -- პოეტურად! არის მიტოვებაც, მაგრამ -- გალანტური! ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე (სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი). წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით... სხვა დროს არ მაცლიან, თორემ -- ვინ ოხერი. რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით, გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას. დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს... გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები. ქალაქს გადავხედე -- თვალი ამარიდა ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს... მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან, მოჩანს, დამიჯერე -- ბევრი არაფერი... და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია - ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები, ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ, საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.
0
|
|