x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ყველაზე ტრაგიკული "ბავშვთა დღე" საქართველოს ისტორიაში
image


1990 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, მთაწმინდის საბაგიროზე მოხდა ავარია, გაწყდა საწევი ბაგირი, არ იმუშავა საავარიო სამუხრუჭე სისტემამაც, რის შედეგაც ორივე კაბინა ჩამოვარდა, ავარიის შედეგად გარდაიცვალა 19 მგზავრი, მათ შორის ხუთი ბავშვი 5-დან 16 წლამდე.




წინაპირობა



საბაგირო 1958 წელს აიგო ვახტანგ ლეჟავას პროექტის მიხედვით, რომელიც 3 კოშკურა საყრდენს მოიცავდა (20, 10 და 12 მეტრის სიმაღლით). მგზავრების მომსახურება 1959 წლის 1 მაისს დაიწყო. 1987 წელს გადაწყდა რომ საბაგირო თითქმის 30 წლიანი მსახურობის შემდეგ რეკონსტრუქციას საჭიროებდა, რეკონსტრუქციის პროექტი მოამზადა კვლავაც პირველი ვერსიის დაპროექტებელმა ვახტანგ ლეჟავამ, მთავარი სიახლე იყო სამი საყრდენიდან 2 საყრდენზე გადასვლა. შეიცვალა ქვედა საყრდენი, 20 მეტრიანის მაგივრად დაიდგა 25 მეტრიანი. ზედა ორი დაბალი საყრდენის (10 და 12 მეტრის სიმაღლის) მაგივრად რომელზეც საბაგირო მცირე თანაბარი ტეხილი კუთხით გადადიოდა, დაიდგა მაღალი (20 მეტრიანი) საყრდენი რის შედეგადაც ახალი კაბინები ზედა სადგურიდან ჰორიზონტალურად მიემართებოდნენ ანძისკენ შემდეგ კი ძალიან მახვილი კუთხით და მოწყვეტით ეშვებოდნენ. სტანდარტული ქართული „თბილავიამშენის“ წარმოების ოვალური კაბინები (თითოეული 25 ადამიანის ტევადობით) შეცვალეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა რომ ეს პროექტით გათვალისწინებული არ იყო და რომ განახლებულ საბაგიროზე კვლავაც ქართულ კაბინებს უნდა ემოძრავა. ახალი კაბინები მართკუთხა ფორმის იყო (ტევადობა 40 ადამიანი) წარმოებული იტალიაში „Carrozzeria Nardo“ მიერ და მოგვაწოდა ასევე იტალიურმა კომპანია „Ceretti Tanfani“ ეს ცვლილება განხორციელდა მგზავრთბრუნვის გაზრდის მიზნით, რადგან საბაგიროზე მუდამ დიდი რიგები იყო. ეს ცვლილება საბაგიროს რეკონსტრუქციის პროექტის ავტორ ვახტანგ ლეჟავასთან შეთანხმებული არ ყოფილა. რეკონსტრუქციის პროცესში არ შეცვლილა გამწევი და კუდის ბაგირები რომლებიც უკვე 18 წელი იყო გამოყენებაში. ასევე ცნობილია, რომ ქართველმა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს ახალი კაბინების საავარიო სამუხრუჭე სისტემის დარეგულირება და მოქმედებაში მოყვანა, ამის მიუხედავად საბაგირო მაინც ჩაეშვა ექსპლოატაციაში უმოქმედო მუხრუჭებით, რომელთა გამართულობის შემთხვევაში, გამწევი ბაგირის გაწყვეტისას ორივე კაბინა მყისიერად გაჩერდებოდა მუხრუჭების მზიდ ბაგირზე ჩაჭერის შედეგად და მსხვერპლის თავიდან აცილება გარანტირებული იქნებოდა. რატომ არ მოხდა იტალიელი სპეციალისტების მოწვევა მუხრუჭების გასამართავად გაურკვეველია. ვახტანგ ლეჟავა საბაგიროს არსებული დარღვევებით და პროექტისგან გადახვევებით მონტაჟს და ექსპლოატაციაში გაშვებას ეწინააღმდეგებოდა, საბაგიროს მიღება ჩაბარების აქტისთვის მას ხელი არასდროს მოუწერია



ავარია



1990 წლის 1 ივნისს 15: 15 წუთზე წითელი კაბინა ნომერი 2 მთაწმინდის პარკისკენ მიემართებოდა და სულ რამდენიმე მეტრი აშორებდა ზედა ანძას, პარალელურად წითელი კაბინა ნომერი 1 რუსთაველისკენ ეშვებოდა და ქვედა სადგურს უახლოვდებოდა როდესაც საწევი ბაგირი გაწყდა ზემოთ მიმავალი კაბინის ქუროში. ორივე კაბინა პარალელურად დაგორდა (არ იმოქმედა საავარიო სამუხრუჭე სისტემამ). ქვევითა კაბინა ქვედა სადგურის კედელს შეეჯახა, რა დროსაც დაიღუპა 4 და ბევრი ადამიანი დაშავდა. ზევითა კაბინამ მაღალი სისწრაფის აკრეფა დაიწყო (საავარიო სამუხრუჭე სისტემამ არც აქ იმუშავა). რაც უფრო უახლოვდებოდა კაბინა საყრდენს, მის ქუროზე ქვემოთა მხრიდან ჩაბმული კუდის ბაგირი მოეშვა და ქვედა საყრდენის გორგოლაჭებზე ჩამოეკონწიალა. ქვედა საყრდენთან ვაგონის ქურო და ურიკა დაკონწიალებულ კუდის ბაგირს და საყრდენის გორგოლაჭებს ძლიერად შეეჯახა, რომელიც იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ კუდის ბაგირმა კაბინა ორ ნაწილად გადაჭრა, ხოლო მზიდი ბაგირი საყრდენი ანძის ღარიდან გადმოვარდა. ბაგირზე შერჩენილმა გაგლეჯილმა კაბინის ნახევარმა დაგორება განაგრძო და 6 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავთან გაჩერდა. კაბინის გაგლეჯისას დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ადამიანები 6 სართულიანი შენობის სახურავზე, მის ეზოში და დაკიდებულ ბაღებზე ჩამოცვივდნენ. 15 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 4 კი მოგვიანებით, საავადმყოფოში. 42 ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მგზავრების ნაწილი ახალციხის №5 სკოლის მოსაწავლეები იყვნენ, რომლებიც მთაწმინდის პარკის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოვიდნენ და „ბავშვთა დღეს“ აღნიშნავდნენ. მცირე ნაწილი ჯარისკაცები, დანარჩენი კი უბრალო მოქალაქეები იყვნენ. ავარიის დღეს ქვემოთ მომავალ კაბინაში 46 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ზემოთ მიმავალში 47.

image

გამოძიება



სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა, საქმის გამოძიების მიმდინარეობისას დაიკარგა ზემოთ მიმავალი კაბინის ქურო რომლეშიც ჩატყდა გამწევი ბაგირი. ჭიათურელი სპეციალისტების დაკითხვისას აღმოჩნდა რომ ვაგონების ქუროებიც დარღვევით იქნა ჩასხმული. საბჭოთა ხელისუფლების აგონიის პირობებში და ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური პროცესების გამო საქმის გამოძიება და დამნაშავეების გამოვლენა არ მოხდა ჯეროვნად. მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებით შემოიფარგლნენ. ნამდვილი დამნაშავეები და მცდარი გადაწყვეტილების მიმღები ჩინოვნიკები კი დაუსჯელნი დარჩნენ.

image


მსხვერპლთა სია



კაბინა №1 (რომელიც ქვედა სადგურს დაეჯახა)


მგზავრები:


ბექა სალუქვაძე (5 წლის), ახალციხე

თამაზ თარხნიშვილი (12 წლის), ახალციხე

თემურ ჯინჭველაძე (13 წლის), ახალციხე

ასმათ ზედგენიძე (59 წლის), ახალციხე



კაბინა №2 (რომელიც კუდის ბაგირმა გაგლიჯა ჰაერში)


საბაგირო კაბინის გამცილებელი:


გურამ ფირცხალავა (45 წლის), თბილისი

მგზავრები:


მირანდა ვერულაშვილი (5 წლის), აბაშა

ზვიად კუტალაძე (16 წლის), თბილისი

დარეჯან ასლანიშვილი (18 წლის), კასპი

ალოვსად ისმაილ ოღლი ორუჯევი (18 წლის), სამხედრო

ილხან აიდინ ოღლი მიქაელოვი (19 წლის), სამხედრო

ტარლან მოვლან ოღლი აბდულაევი (19 წლის), სამხედრო

გივი გოზალოვი (19 წლის), სამხედრო

სვეტლანა გულბანი (23 წლის), გუდაუთა

მაია ხუციშვილი (26 წლის), გარდაბანი

გიორგი რუსია (30 წლის), თბილისი

ქეთევან წიწავა (33 წლის), ზუგდიდი

ნატალია ანდიევსკაია-გაბეცაძე (34 წლის), თბილისი

ვლადიმერ ვახტანგიშვილი (34 წლის), თბილისი

მიხეილ დანგაძე (39 წლის), წყალტუბო

image


1990 წლის 1-ელ ივნისის ამბებს ტრაგედიას გადარჩენილი, მიხეილ ირემაშვილი იხსენებს:





- იმხანად 15 წლის ვიყავი და მე-80 პროფესიულ სასწავლებელში ვსწავლობდი. პირველ ივნისს ოთხმა მეგობარმა მთაწმინდაზე გასეირნება გადავწყვიტეთ, საბაგირო გზის ბილეთები ავიღეთ, ვაგონში შევედით და წინა მხარეს დავდექით. მახსოვს, ვაგონში ბევრი ადამიანი იყო, უმრავლესობა - ახალგაზრდები, კიდევ იყვნენ ქალები და 3-4 პატარა ბავშვი. ჩვენ მარცხნივ სამი ჯარისკაცი იდგა, ორი რუსი და ერთიც - უზბეკი, მარჯვნივ გამცილებელი ქალი გვედგა. ზემოდან მომავალი ვაგონი საბაგირო გზის დაახლოებით, შუაში შეგვხვდა. იქიდან ბავშვები გვიქნევდნენ ხელს. მოგვიანებით შევიტყვე, სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოუყვანიათ ექსკურსიაზე. ბოლო ბოძამდე ვიყავით ასულები, მალე სადგურშიც შევიდოდით, ბრახუნის ხმა რომ გავიგონეთ. მერე კი ყველაფერი წამებში მოხდა:


უცებ მოწყდა ჩვენი ვაგონი და უსწრაფესად დაეშვა ქვემოთ. მგზავრები ძირს გაწვნენ. მე სანახევროდ ჩავიმუხლე და ფანჯრიდან ვიყურებოდი. გამცილებელი ქალი მუხრუჭებს დასწვდა და ჩამოქაჩა, მაგრამ აბა, ელვისუსწრაფესად მქროლავ ვაგონს რას გააჩერებდა! ერთი ბიჭი მიეხმარა, მოგვიანებით გავიგე, მორაგბე ყოფილა, ოღონდ ის კი აღარ ვიცი, გადარჩა თუ - არა. მოკლედ, დამუხრუჭების ცდა უშედეგოდ დასრულდა. მერე კი გონება დავკარგე და აღარაფერი მახსოვს. აღმოჩნდა, რომ მგზავრების უმრავლესობა გათიშულა. ვერავინ იხსენებდა, ვაგონიდან როგორ გადმოცვივდნენ. როგორც გვითხრეს, ჩვენი ვაგონი სამ თუ ოთხსართულიანი სახლების სახურავებს წამოსდებია და დაშლილა. ნაწილი ძირს ვეყარეთ, ნაწილი - სახურავზე დარჩენილა. გონს რომ მოვედი, ძირს ვეგდე. არც ფეხსაცმელი მეცვა, არც საათი მეკეთა. ზემოთ რომ ავიხედე, ყურძნის ხეივანი შევნიშნე. თურმე იქ გამომძვრალვარ. ახლაც გაოგნებული ვარ, იქ როგორ გამოვეტიე და ზედ არ შევრჩი. წამოდგომა ვცადე და ფეხი არ დამემორჩილა - ბარძაყის ძვალში გადამტეხვოდა, საავადმყოფოში კი ტვინის შერყევაც დამიდგინეს. იმ წუთას ცალ ფეხზე მაინც წამოვდექი და ბორდიურამდე როგორღაც, მივჩოჩდი, გჯერათ, ისეთ შოკში ვიყავი, ტკივილს ვერ ვგრძნობდი... ჩემი მეგობრებიდან ორი არსად ჩანდა, ერთი კი იქვე, შორიახლოს შევნიშნე, ერთი ხელი თავში წაევლო, მეორე კი - წელზე და გაუთავებლად გადი-გამოდიოდა. რამდენჯერმე დავუძახე და ყურადღებაც არ მომაქცია. ისიც შოკში იყო. ხალხი აქეთ-იქით ეყარა. ირგვლივ რამდენიმე გარდაცვლილიც შევნიშნე: ერთი ქალი კიბეზე ჩაჩეხილიყო, ვიცანი, ჩვენი ვაგონიდან იყო. მოკლედ, ირგვლივ საშინელება ტრიალებდა - სისხლი, დასახიჩრებული ადამიანები, ტანსაცმელი... სასწრაფო დახმარების მანქანები ჯერ არც იყო მოსული, ეზოში ჩემი ნაცნობი ბიჭი რომ შემოვარდა. მაშინვე მიცნო და "სასწრაფო" რომ მოვიდა, პირველად მე გამაქანა მანქანაში. იქვე სკამზე ვიჯექი, საკაცით მიცვალებული რომ შემომიგდეს ფეხებთან. ისეთი დაჩეხილი იყო, სახე არც უჩანდა საწყალს. ეგრეთ წოდებულ არამიანცის სავაადმყოფოში მიმიყვანეს და ჩემი კიდევ ერთი მეგობარი, ნოდარ გიგაური იქ ვნახე, ვიღაცებს უყვებოდა ამბებს და ნაცნობ ხმაზე მივიხედე. რომ დავუძახე, გაგიჟდა სიხარულით, - შენ გენაცვალე, ცოცხალი ხარ, ბიჭოო! - შემომეხმიანა. საბედნიეროდ, ოთხივენი გადავრჩით - მე და ნოდარი ერთ საავადმყოფოში ვიწექით, ლევან გორდელაძე და ელდარ ჯაბანაშვილი - მე-9 საავადმყოფოში. ჩემზე უმცროსი ორი სანზონელი ბიჭი იყო კიდევ ჩვენს ვაგონში, ვარდანაშვილი და კუტალაძე, ერთს პატარა დისშვილიც ახლდა. ბედისწერა იყო, აბა რა, ბოლო მომენტში შემოვიდნენ ვაგონში, გამცილებელს დახურული კარი გააღებინეს. სამწუხაროდ, კუტალაძე დაიღუპა.


image


მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედია შესულია ყველა დროის 8 ყველაზე ცნობილ და მსხვილ ავარიების სიაში

0
394
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0