x
ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზია და დასავლეთ ევროპის ლიტერატურა

image

ალექსანდრე ჭავჭავაძე ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. ის უდიდესად ნიჭიერი და განათლებული პიროვნება იყო, იცოდა ქართული, რუსული, გერმანული, ფრანგული, სპარსული და თურქული ენები, რაც საშუალებას აძლევდა დედნიდან გასცნობოდა მსოფლიო ლიტერატურას და სურვილისამებრ, ეთარგმნა კიდეც. ზოგადად, თარგმანებს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურულ შემოქმედებაში. ამ მხრივ, მან დიდი საუნჯე დაუტოვა ქართულ ლიტერატურას და ასევე დაეხმარა იმ დროის კულტურას უფრო მეტად განვითარებაში, რადგან წარმოუდგენელია აბსოლუტურად იზოლირებული კულტურის განვითარება. რაღაც ახალი, უცხო ყოველთვის აუცილებელია.

ნათარგმნ ნაწარმოებებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ თავად მთარგმნელზეც. თვითონ ალექსანდრეც ამბობს, რომ „მწერლის ყოველმხრივი შესწავლისა და გაგებისთვის საჭიროა ვიცოდეთ არა მარტო ის, რასაც თვითონ წერს, არამედ ისიც, თუ რას კითხულობს, მით უმეტეს - რას თარგმნის ის“.

ალ. ჭავჭავაძე თარგმნიდა რუსულიდან (პუშკინის „ყვავილი“, „ანჩარი“, „სიზმარი“; ოდოევსკის „ვარდი და ბულბული“), ასევე სხვა ენებიდანაც, მაგრამ ყველაზე მეტად გამოირჩევა თარგმანები ფრანგული ლიტერატურიდან.


საუბარი უნდა დავიწყოთ ლაფონტენის იგავ-არაკების თარგმანებით. საინტერესოა, თუ რამ მიიზიდა ალექსანდრე. იგი დააინტერესა ფრანგების ალალმართლობამ, გულკეთილობამ, რომელიც ოდითგანვე მოსდგამს ფრანგ მშრომელ ხალხს. ამით დაინტერესებული კი გვერდს ვერ აუვლიდა ლაფონტენის იგავ-არაკებს, რადგან მათში სწორედ ეს თემაა გამოხატული. მწერლის ირონია და სატირა მიმართულია მშრომელი ადამიანის ჩაგვრის წინააღმდეგ, მისი მხატვრული ქმნილებები ღრმად ეროვნულია, განმსჭვალულია ზოგადსაკაცობრიო იდეებით.

ამ ყოველივეს გაგება არ უჭირდა ქართველ პოეტს და ამიტომაც თარგმნა ისინი. ჩვენთვის ცნობილია მის მიერ ნათარგმნი სამი იგავ-არაკი: „მგლისა და კრავისათვის“, „თხისა და მელისათვის“ და „ჭრიჭინასათვის“. ალექსანდრემ საკმაოდ მხატვრულად, ნათლად გადმოსცა ლაფონტენის სათქმელი, მისი თარგმანები ახლოსაა დედანთან. ალ. ჭავჭავაძეს ყველაზე მეტად აინტერესებდა ის იგავ-არაკები, რომლებიც გამოირჩევიან სოციალური ბოროტების წინააღმდეგ მიმართული სატირითა და ირონიით, ეს ფაქტი ბევრს ამბობს თავად პოეტზეც, მის ინტერესებსა და მისწრაფებებზე. ქართველი შემოქმედი გმობს უშრომელად ცხოვრებას, უთანაგრძნობს მშრომელ ადამიანს და კიცხავს ძლიერების მიერ სუსტების ჩაგვრას.

ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია რასინისა და კორნელის ნაწარმოებთა თარგმანები. მას უთარგმნია რასინის „ესთერი“ და „ფედრა“. „ფედრათი“ ქართველი პოეტის გატაცება არაა გასაკვირი, თავად რასინიც ამ ტრაგედიას თვლიდა თავის ერთ-ერთ ყველაზე უცხო ნაწარმოებად, სადაც სრულყოფილადაა ნაჩვენები ქალის ტანჯვა, ჯერ ფარული, შემდეგ გაღვივებული ბოლოს კი გამოაშკარავებული სიყვარულის შედეგად.

ფრანგი ენციკლოპედისტების თხზულებებში ალექსანდრეს იზიდავდა ბრძოლა ყოველივე ძველის წინააღმდეგ, რწმენა მომავალი თავისუფალი საზოგადოებრივი ცხოვრების დამკვიდრებისა.

როდესაც განვიხილავთ ალ. ჭავჭავაძის მიმართებას დასავლეთ ევროპის ლიტერატურასთან, აუცილებელია, ვახსენოთ მის მიერ 1804 წელს თარგმნილი ღრმა შინაარსის მქონე თხზულება „ახლოით განჩხრეკილი კაცი“. ამ ტექსტის ავტორის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, თუმცა სავარაუდოა, რომ ის ჟან-ჟაკ რუსოა, რადგან მის მიერ წარმოთქმულ ნააზრევს ავითარებს.

„ახლოით განჩხრეკილი კაცი“ ალ. ჭავჭავაძემ თარგმნა პატიმრობის დროს და მიუძღვნა ფარნაოზ ბატონიშვილს. ამ თხზულებაში ძირითადად, საკაცობრიო პრობლემებია დასმული. ვხვდებით ახალ აზრებსა და იდეებს, აქ გამოკვლეულია ადამიანის ბუნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს თხზულება ადამიანის ცხოვრების რთულ პერიოდებს გვიჩვენებს, ის მაინც ადამიანის გამამხნევებელი წიგნია. ალექსანდრემ შენიშნა, რომ ეს იყო საბრალდებო წერილი ჩაგვრის წინააღმდეგ. ეს თემა კი ზუსტად ეხმიანებოდა მასაც და საკუთარი ქვეყნის ინტერესებსაც.

ნაწარმოები ავითარებს შემდეგი ტიპის აზრებს: ადამიანის სწრაფვა ბედნიერებისკენ მისი მთავარი მოთხოვნილებაა, იგი იბადება თავისუფალი, მაგრამ შემდეგ ყველგან ბორკილებშია. ჩანს სოციალურად განსხვავებული ფენის ადამიანებს შორის დამოკიდებულება. თუ როგორ ჩაგრავს სუსტს ძლიერი და როგორ განისაზღვრება ადამიანის ადგილი ცხოვრებაში წოდებრივი და ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით. სწორედ ამიტომაა დაყოფილი საზოგადოება მდიდრებად და ღარიბებად. ნაწარმოების მიხედვით, ღარიბად დაბადებული ადამიანი ყველაზე უბედურია.

„ახლოით განჩხრეკილი კაცის“ მთავარი იდეა ბოროტებასთან ბრძოლაა. მისი მიზანი მშრომელი ადამიანების გამრავლება, სიყვარულისა და ერთგულების დამკვიდრებაა.

როგორც უკვე ითქვა, ალექსანდრე ჭავჭავაძემ თარგმნა ეს თხზულება იმიტომ, რომ ის სავსებით დროული და საჭირო იყო იმ დროის საქართველოს სინამდვილისათვის. საინტერესოა ფაქტი, რომ ალექსანდრეს ლექსი „ვაჰ სოფელსა ამას“ იმ დროსაა დაწერილი, როცა ითარგმნა „ახლოით განჩხრეკილი კაცი“ ამიტომაც, ბუნებრივი და ცალსახაა თხზულების გავლენა ლექსზე. მათ შორის ძალიან ბევრი საერთოა და ასევე, იგრძნობა პროტესტი პოლიტიკური წყობის წინააღმდეგ.

მიუხედავად ნაწარმოებებში განხილული თემებისა, ისინი მაინც ოპტიმისტური ხასიათისაა და ჩანს ავტორების ღრმა აზროვნება და ფილოსოფიური შეხედულება ცხოვრებაზე. ალექსანდრე ჭავჭავაძე თავის შემოქმედებას ყოველმხრივ არგებდა საქართველოს მდგომარეობას და ცდილობდა, როგორმე დახმარებოდა ერს, მის კულტურულსა და ლიტერატურულ განვითარებას. სწორედ ამიტომ, ალ. ჭავჭავაძე იყო ქართული კულტურის წინსვლისა და აყვავებისთვის მებრძოლი ადამიანი, სიტყვითაც და საქმითაც.



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი

მარიამ გურგენიძე


2
661
შეფასება არ არის
ავტორი:გურგენიძე მარიამ
გურგენიძე მარიამ
661
  
2018, 22 ივლისი, 18:15
ეს ქართულის საკონტროლოს თემები საიდან მოგაქვთ?
2018, 11 ივლისი, 7:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2