x
ქეთევან დედოფლის სახე ალექსანდრე ყაზბეგისა და ანდრეას გრიფიუსის შემოქმედებაში

image



ქეთევან დედოფლის წამების ამბავი არაერთხელ დაიწერა ქართულ ლიტერატურაში. ამ ქართველი ქალის თავგანწირვა და ერთგულება შთააგონებდა ქართველ მწერლებს (მათ შორის პირველი იყო თეიმურაზ I, რომელმაც დეტალურად და ტრაგიკულად აღწერა დედის მოწამეობრივი სიკვდილის ისტორია), თუმცა ამბავი საზღვრებს გასცდა და 1657 წელს გერმანელმა პოეტმა ანდრეას გრიფიუსმა დაწერა ტრაგედია „ქართველი ქალი ეკატერინე ანუ ნაცადი სიმტკიცე“, რომელიც ათი წლის შემდეგ დაიბეჭდა და იმთავითვე დიდი წარმატება მოიპოვა სცენაზეც.

ანდრეას გრიფიუსი ზუსტად იცავს კლასიცისტური დრამის დოგმატურ ნორმებს - სამთა ერთიანობის კანონს (დროის, ვითარებისა და ადგილის), რის გამოც ტრაგედია ერთ დღეს ასახავს. იწყება მზის ამოსვლით და მთავრდება დღის მიწურულს. ამბავი ერთ ადგილას ვითარდება - სპარსეთის სატახტო ქალაქში. შესავალ ნაწილში ავტორი ბოდიშს იხდის, რომ ვერ დაწერა ისეთი ნაწარმოები, როგორიც დედოფალ „კათარინას“ შეეფერებოდა.

პიესა იწყება მარადისობის სიტყვებით, რომელიც გვიხასიათებს ამქვეყნიური ცხოვრების უსამართლობას, „ზოგი უღირსი, ცრუ დიდებით ამაღლებული“ ადამიანების გადიდკაცებას, რომელთა შორის არის დედოფალი, რომელიც „ეწამა, იხსნა ეკლესია, ტახტი და ერი“.


ამბის თხრობა საქართველოს ელჩების - დემეტრესა და პროკოფის - დიალოგით იწყება, საიდანაც ვიგებთ, რომ დილეგში იტანჯება „მათი საუნჯე“ და თავს სწირავს ქვეყნისთვის. მათ სურთ, ვაჟის წერილი გადასცენ, რომ ამით მაინც ანუგეშონ იგი. შაჰი უზომოდაა შეყვარებული დედოფალზე და სარწმუნოების შეცვლასთან ერთდ ცოლობასაც მოითხოვს. ქეთევანი შეგუებულია ბედს და მზადაა თავგანწირვისთვის, ის მტკიცედ დგას უარზე. უკვე ჯალათებთან მიმავალს, სეფექალი შვილს ახსენებს და მოსთქვამს იმაზე, თუ როგორ იდარდებს იგი, მაგრამ დედოფალი პასუხობს: „სამშობლოს მსხვერპლად თავის დედას თუ ვერ იმეტებს ის არ ყოფილა ჩემი შვილი და ვთმობ იმედებს“. ამ სიტყვებში კიდევ ერთხელ იკვეთება დედოფლის რწმენის ძალა.

მეოთხე მოქმედების ბოლოს სიკვდილისა და სიყვარულის გუნდები მღერიან - ეჯიბრებიან ერთმანეთს, რათა დაამტკიცონ რომელი მეფობს ამ ქვეყნად. ბოლო მოქმედება კი მწარე მოთქმით იწყება, სადაც დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ აწამებენ ქეთევანს. გონსმოსული შაჰი, განრისხებული საკუთარი საქციელით, უბრძანებს ვეზირებს „ჩქარა! იხსენით, ვიდრე მიიწუროს დრო გულის ფეთქვის!“, მაგრამ უკვე გვიანია. განადგურებული შაჰ-აბასი მოთქვამს და სიკვდილს ნატრობს, როდესაც ქეთევანის აჩრდილი გამოჩნდება, რომელიც მოახლოებულ უბედურებასა და ზეცისაგან წარწყმედას უქადის.

ტრაგედიაში ჩანს, როგორც დაინტერესება საქართველოს ისტორიით, ასევე დიდი შრომაც. აკაკი გელოვანი (ვინც თარგმნა ნაწარმოები) წერს, რომ აშაკარაა, გრიფიუსმა ზედმიწევნით შეისწავლა ეს ამბავი და რამდენიმე წყაროსაც ასახელებს.

პიესის დაწერით, ანდრეას გრიფიუსი, ეხება საკუთარი ქვეყნის პატრიოტულ-პოლიტიკურ თემას: ოცდაათწლიან ომს ჩრდილოეთ გერმანიასთან. ამ ამბების ფონზე, აქტუალურად ჟღერდა ქართველი ხალხის თავდადებული ბრძოლა. შაჰ-აბასის პოლიტიკის მხილებით გრიფიუსს სააშკარაოზე გამოაქვს თავისი ქვეყნის დესპოტებისა და ევროპელი მონარქების უკეთური საქციელი. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ნაკლები ემოციურობით, ფერმკრთალი, ზერელე ხასიათით გვიხატავს გმირებს, მაინც ნათლად იკვეთება მისი სათქმელი: ქვეყნისთვის თავდადება და თავგანწირვა ყოველი მოქალაქის ვალია, „სიკვდილი არ კლავს!“.

ქეთევან დედოფლის ამბავს აღწერს ალექსანდრე ყაზბეგიც, თავის ხუთმოქმედებიან პიესაში „წამება ქეთევან დედოფლისა“, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ა. გრიფიუსის ტრაგედიისგან. მოქმედ გმირებად ქართველ მწერალს უმეტესად უბრალოდ ხალხი გამოჰყავს - ხევსურები, გლეხები, სხვადასხვა კუთხის მაცხოვრებლები. პიესა იწყება ალავერდობის დღესასწაულით, სადაც უამრავი ხალხი შეკრებილა, ისინი იგებენ კონსტანტინეს მიერ მამისა და ძმის მოკვლის ამბავს, იქვე იმყოფება ქეთევანიც, რომელიც მზადაა შური იძიოს.

ალექსანდრე ყაზბეგი დინამიურად და ემოციურად გვიხატავს პერსონაჟების ხასიათს. გრიფიუსისგან განსხვავებით, მწერალი ქეთევანის მტკიცე, მამაც და ძლიერ ხასიათს ნათლად წარმოგვიჩენს, უფრო ემოციურადაც. მას სიყვარულის ორი უკიდურესობა აქვს ნაჩვენები კონსტანტინესა და ქაიხოსროს სახით - ერთის, რომელმაც ყოველივე უღირსი საქციელი იკადრა მასთან ყოფნისთვის და მეორის, რომელიც თავსაც კი გაწირავს დედოფლის იდეალების გამო. აქ ქეთევანი ძლიერი ქალია, რომელიც მზადაა თვითონ გაუძღვეს ჯარს მტერთან საბრძოლველად. მიდის შაჰ-აბასის კარავში, სადაც დაიჭერენ და დილეგში ჩააგდებენ. შაჰი მტკიცედ მოითხოვს რჯულის უარყოფასა და მის ცოლობას, რაზეც დედოფლისგან უარს მიიღებს: „მე დავბადებულვარ ქრისტიანი და ქრისტიანად უნდა მოვკვდე“. შეურაცხყოფილი შაჰი სასიკვდილოდ იმეტებს მას.

ყაზბეგმა უფრო მეტი სიცხოველით დაგვიხატა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რაშიც უბრალო ხალხის რეპლიკები და განცდები გამოიყენა. მან ისტორიული სინამდვილე გადმოგვცა და გრიფიუსისგან განსხვავებით, არა მხოლოდ ქეთევანის, არამედ მთელი ერის სულისკვეთება და თავგანწირვა დაგვანახა. ეს, რა თქმა უნდა, მას, როგორც ქართველს გაუადვილდებოდა.

ალ. ყაზბეგმა პიესის ბოლოს თამარ მეფისა და წმინდა ნინოს, როგორც ქვეყნის ძლიერებისა და სარწმუნოების სახით, ქეთევანის დამსახურება შეგვახსენა. ავტორმა დედოფალი მათი საქმის გამგრძელებლად და აღმსრულებლად მიიჩნია.

ქეთევანის თემატიკამ აქტუალურობა შეიძინა გრიფიუსის შემდგომ. საქართველოსა და უცხოეთში, დედოფლის ამბით გაოცებული და შთაგონებული მწერლები ქმნიდნენ ნაწარმოებებს მისი თავგანწირვის შესახებ. ქეთევანის ამბავს შორეულ პორტუგალიაშიც გამოეხმაურნენ, როდესაც ერთ-ერთი ეკლესიის კედელზე მისი წამების გამოსახვით პატივი მიაგეს მას, როგორც საზოგადო წმინდანს.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი

მარიამ გურგენიძე

1
210
შეფასება არ არის
ავტორი:გურგენიძე მარიამ
გურგენიძე მარიამ
210
  
2018, 12 ივლისი, 9:48
ეს სტატია საკურსო თემაა?
0 1 1