ბიოგრაფია ,,ვგრძნობ, რომ უთუოდ შევიშლები,, -ვირჯინია ვულფი 2018, 21 ივნისი, 0:02 ვირჯინია ადელაინ ვულფის სახელით ცნობილი ბრიტანელი მწერალი და ფემინისტი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ლიტერატურაში "ცნობიერების ნაკადის" ცნების შემოტანასა და დამკვიდრებაში. ადელაინ ვირჯინია (ალექსანდრა სტეფენის) კალამს ეკუთვნის ნაწარმოებები : "მისის დოლოვეი", , "შუქურისაკენ", "საკუთარი ოთახი", "ტალღები", მოთხრობები : "ქალი სარკეში", "ჰერცოგინია და იუველირი" და სხვები. ვირჯინიას ძალიან დიდხანს არ უცხოვრია, თუმცა მან შეძლო, საკუთარი წაუშლელი კვალი დაეტოვებინა მსოფლიო მოდერნისტულ ლიტერატურაში.
ვირჯინიას ახალგაზრდობა იოლი არ ყოფილა, მეტიც, მას არაერთ ცხოვრებისეულ დრამასა და სირთულესთან შეჭიდება მოუხდა. დაიბადა 1882 წლის 25 იანვარს, ლონდონში, იზრდებოდა მრავალშვილიან ოჯახში, სადაც სამი სხვადასხვა ქორწინების შედეგად დაბადებული 8 ბავშვი ცხოვრობდა . ოჯახი განათლებით გამოირჩეოდა. შესაბამისად, არსებულმა ინტელექტუალურმა და ლიტერატურულმა გარემომ მას განვითარების კარგი შესაძლებლობა მისცა. ცნობილია, რომ მამა მწერალი, საზოგადო მოღვაწე და გამომცემელი იყო, დედა კი – ვიქტორიანული ეპოქის აქტიური კულტურული მოღვაწე. ამასთან, ოჯახი მდიდარ ბიბლიოთეკას ფლობდა. ბავშვობის დროინდელი მოგონებები არაერთხელ გამხდარა მისი ინსპირაციის წყარო.
1895 წელს, 13 წლის ასაკში, დედა გრიპმა წაართვა. ორი წლის შემდეგ, მისი ნახევარდა, სტელა გარდაიცვალა. ზედიზედ თავს დამტყდარმა ტრაგედიებმა ის გულჩათხრობილი გახადა და პირველ დეპრესიამდე მიიყვანა. ყველაფრის მიუხედავდ, მან შეისწავლა ბერძნული, ლათინური, გერმანული და ლონდონის სამეფო კოლეჯის ქალთა განყოფილებაში ისტორიის შესასწავლადაც ჩაეწერა. 1900 წლიდან თანამშრომლობს ჟურნალ "თაიმსთან". 1904 წელს მამის გარდაცვალებამ მას მძიმე დარტყმა მიაყენა, იმდენად მძიმე, რომ გარკვეული დროით ყველაფერს გამოეთიშა. როგორც ცნობილია, ვირჯინიამ რამდენიმე დეპრესიული პერიოდი გამოიარა, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, წერაზე ხელი სამუდამოდ არ აუღია. ლესლი სტეფენის(მამის) გარდაცვალების შემდეგ, მწერალმა და მისმა ძმებმა მამისეული სახლი გაყიდეს და საცხოვრებლად ბლუმსბერში გადავიდნენ, ლონდონის ცენტრში. იქ იგი მოხვდა ინტელექტუალთა წრეში, რომელიც ბლუმსბერის ჯგუფის სახელით არის ცნობილი. ამ შეხვედრებზე ვირჯინიამ მომავალი მეუღლე, ლეონარდ ვულფი გაიცნო. 1912 წელს წყვილმა იქორწინა. მათი ურთიერთობა ცოტა არ იყოს, სპეციფიური ხასიათის იყო, რადგან მეუღლესთან ვირჯინია უფრო სულიერ კავშირს გრძნობდა და საუკეთესო მეგობრად მიიჩნევდა. 1915 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი რომანი "მოგზაურობა". ამას გარდა, ის რეგულარულად გამოსცემდა სტატიებს ფემინიზმის თემაზე, რასაც კრიტიკის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. 1922 წელს, ბლუმსბერის ჯგუფის შეხვედრებმა მას პოეტესა ვიტა ვესტი გააცნო, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა გააბა. ეს ურთიერთობა მისი შთაგონების წყაროდ იქცა. ამ პერიოდში დაწერა "ორლანდო" - წარმოსახვითი ბიოგრაფია, სადაც მთავარი გმირი სქესს იცვლის, 1925 წელს კი, "მისის დოლოვეი" გამოაქვეყნა. 1941 წელს, მისი უკანასკნელი რომანის : "აქტებს შორის" დასრულების შემდეგ, ვირჯინიას ხელახლა დაემართა დეპრესია. 1941 წლის 28 მარტს, ჯიბე ქვებით გაივსო და მდინარე ოსას შეუერთდა. თვითმკვლელობამდე ქმარს წერილი დაუტოვა : "ვგრძნობ, ჭკუიდან შევიშლები. ვხვდები, რომ ჩვენ ამ რთულ პერიოდებს ვეღარ გადავიტანთ. ვაცნობიერებ, რომ საამისო ძალა აღარ შემწევს. რასაც ახლა ვაკეთებ, საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია. შენ მე უდიდესი ბედნიერება მომანიჭე. მე ვეღარ ვიბრძოლებ, შენ კი ცხოვრებას გიმახინჯებ. უჩემოდ უკეთ იმუშავებ". 178 4-ს მოსწონს
|