x
რომანტიზმის წარმოშობა და მისი საფუძვლები
imageimage


რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმართულება, მე-18 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი კი, შეიძლება ითქვას, მისი აყვავების ხანაა. ქართული რომანტიზმიც ამ პერიოდს ემთხვევა.

რომანტიზმის პირველი თეორეტიკოსები უპირისპირდებიან კლასიციზმს და აყენებენ ახალ პრინციპებს, რომლებიც ლიტერატურას უნდა დაედოს საფუძვლად. ძირითადად, უარყოფილია როკოკო და ბაროკო. ისინი მოგვიწოდებენ ბუნებასთან უშუალო კავშირისკენ. ყველაფერი უნდა იყოს უშუალო და ბუნებრივი - გრძნობების გამოხატვაც. უარყოფილია ასევე კლასიკის ცრუ მიმბაძველობა.

რომანტიკოსებმა ერთ-ერთ ძირითად პრინციპად შუა საუკუნეების ევრობული მწერლობა, ლიტერატურა და ზეპირსიტყვიერება აიღეს.


მენესტრელებისა და მიზენგერების პოეზია, შუასაუკუნეობრივი რომანული თქმულებები, ლეგენდები, პოემები, რომანები ხდება მე-18 საუკუნის ევროპაში რომანტიზმის ერთ-ერთი ძირითადი საარსებო მასალა.

რომანტიზმი წარმოიშვა ევროპულ ერებში და გავრცელდა ევროპული ცივილიზაციის მიმდევარ ხალხებში, და, ვინაიდან, ყველა ერს არ ჰქონდა ერთნაირად მდიდარი საფუძველი ეროვნულ ლიტერატურაში რომანტიზმის წარმოსაქმნელად, ისინი მთლიანად ეყრდნობოდნენ ევროპულ, რომანულ კულტურას და მის სულს.

ამ კუთხით, ქართულ ლიტერატურაში პრობლემა არაა, რადგან საქართველოს ოდითგანვე ჰქონდა უმდიდრესი შუასაუკუნეობრივი ლიტერატურა, ხალხური პოეზია. შუასაუკუნეებში წარმოიქმნა დიდებული სასულიერო პოეზია. სწორედ ადრინდელი და გვიანდელი შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურა ქმნის ეროვნულ საფუძველს საქართველოში რომანტიზმის წარმოშობისთვის.

ევროპაში ქრისტიანული მწერლობის ტრადიციები, შუასაუკუნეობრივი მისტიკა და რომანტიკა, კათოლიციზმი იქნა წარმოჩენილი რომანტიზმის საფუძვლად. ამ ყოველივეს გამოხატვა შესანიშნავად შეძლო ქართულმა ლიტერატურამ თავის მწერლობაში.

მე-19 საუკუნის დასაწყისში იბადება ახალი დროის პოეტი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ პირველ რომანტიკოსად. მისი შემოქმედება საკმაოდ მჭიდროდაა ძველ ტრადიციებთან დაკავშირებული, მაგრამ, ამავე დროს, ის აშკარად უპირისპირდება ძველს და გვევლინება ახალი ლიტერატურის აპოლოგეტად საქართველოში.

მეორე, ასევე დიდი მნიშვნელობის პოეტი რომანტიზმისთვის, არის ნიკოლოზ ბარათაშვილი. ი. მეუნარგიას აზრით, მის აღზრდასა და შემოქმედების მიმართულებას წარმართავს ტრადიცია ქართული ლიტერატურისა, ევროპიდან შემოსული განათლება და თანამედროვე მწერლობა ორბელიანისა და ალ. ჭავჭავაძის სახით. ბარათაშვილის სევდა, რომელიც ზოგადსაკაცობრიოა, წმინდა რომანტიკულია და ევროპელ რომანტიკოსთა გვერდით აყენებს პოეტს.

„თავისი საფუძვლებით მსოფლიო სევდა შორეულ წარსულში იკარგება“ - წერდა კოტლიარევსკი, მაგრამ სწორედ ეს სევდა ღებულობს ახალ ფორმას და ამითაა საინტერესო ახალი ეპოქის, რომანტიზმის ხანაში.

„ჩვენი დროის რომანტიზმი არის ორგანული ერთიანობა კაცობრიობის ისტორიაში წარმოშობილი რომანტიზმის ყველა მომენტისა“ - ამბობდა ბელინსკი. რომანტიკოსებმა აღიარეს შექსპირი და აღორძინების ხელოვნება. ისინი დაუპირისპირდნენ კლასიკას და ანტიკურ ხელოვნებას, თუმცა მთლიანად არ უარყვეს იგი. მისგან აიღეს მთელი რიგი თემები, საკითხები, გმირები, რომლებიც საინტერესო გამოდგა რომანტიკოსთა სულისკვეთების გადმოსაცემად.

საბოლოო ჯამში კი, პირველმა თეორეტიკოსებმა ჩამოაყალიბეს ახლა უკვე ფართოდ გავრცელებული და ყველასათვის ცნობილი, ლიტერატურული მიმართულება - რომანტიზმი, რომლის მთავარი მიზანი სუბიექტის განცდების წინა პლანზე წამოწევაა. რომანტიკოსები სწორედ თავიანთ განცდებს გვიზიარებენ.



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი

მარიამ გურგენიძე

1
2458
1-ს მოსწონს
ავტორი:გურგენიძე მარიამ
გურგენიძე მარიამ
2458
  
2018, 16 ივნისი, 8:54
სტატია ძაან მაგარია. მომწონს.

პ.ს. რომანტიკის გარეშე ყველაფერი სისულელედ მეჩვენება
0 1 1