x
image
მაიკო ქავთარაძე
სურდათ, ეს საოცარი, ჯადოსანი სამხედრო ინჟინრად გამოეყენებინათ...'-საინტერესო ცნობები ლეონარდო და ვინჩზე!

ლეონარდო და ვინჩი 1452 წელს დაიბადა ტოსკანის ერთ-ერთ სოფელში. იგი შეგირდად მიაბარეს ანდრეა დელ ვეროკიოს, რომლის სახელოსნოც ფლორენციაში დაწინაურებული იყო.

image

ვეროკიოს ცნობილი სახელოსნოდან, მართლაც ბევრი კარგი მხატვარი და მოქანდაკე გამოვიდა. მაგრამ ლეონარდო მხოლოდ ნიჭიერი არ იყო... ის იყო გენიოსი, რომლის გონების ძალა ყოველთვის გამოიწვევს უბრალო მოკვდავთა აღტაცებასა და განცვიფრებას. მისმა მოსწავლეებმა და თაყვანისმცემლებმა სათუთად შემოგვინახეს მისი ჩანახატები და უბის წიგნაკები, ათასობით ჩანაწერი, ნახატებით.

image

იგი ფიქრობდა, რომ მხატვრის საქმე, წინამორბედთა მსგავსად, ხილული სამყაროს შესწავლა იყო, ოღონდ მეტი სიღრმითა და სიზუსტით; მას სწავლულთა მწიგნობრული ცოდნა არ აინტერესებდა; ფერმწერი ლეონარდო საკუთარი თვალით, შემოწმების გარეშე არასდროს ენდობოდა წაკითხულს. როდესაც რაიმე პრობლემას წააწყდებოდა, იგი პასუხს ავტორიტეტებთან კი არ ეძებდა, არამედ ცდილობდა, მის გადასაწყვეტად თვითონ ჩაეტარებინა ცდა.

image

ადამიანის სხეულის საიდუმლოთა გამოსაკვლევად ოცდაათი გვამი გაკვეთა; ერთ-ერთმა პირველმა გამოიკვლია საშვილოსნოში ბავშვის ზრდა-განვითარების საიდუმლო. იკვლევდა ტალღებისა და ნაკადების კანონებს; წლების განმავლობაში აკვირდებოდა, აანალიზებდა მწერებისა და ფრინველების ფრენას, რაც მფრინავი მანქანის გასაკეთებლად უნდა გამოსდგომოდა. მისი რწმენით, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად შეძლებდა მის აგებას. კლდეებისა და ღრუბლების მოყვანილობა, ატმოსფეროს გავლენა შორეული საგნების ფერზე, ხეებისა და მცენარეების ზრდის კანონები, ბგერათა ჰარმონია - ყოველივე ეს მისი გამუდმებული კვლევის საგანი იყო და საფუძვლად უნდა დასდებოდა მის ხელოვნებას...

image

თანამედროვეების თვალში ლეონარდო ძალზე უცნაური და საშიში პიროვნება გახლდა. ხელისუფალთ და მხედართმთავრებს სურდათ, ეს საოცარი, ჯადოსანი სამხედრო ინჟინრად გამოეყენებინათ თავდაცვითი ნაგებობებისა და არხების ასაგებად, ახალი იარაღისა თუ მექანიზმების შესაქმნელად.

image

ეთაყვანებოდნენ, როგორც დიდ ხელოვანს, დიდი მოთხოვნილება იყო მასზე, როგორც შესანიშნავ მუსიკოსზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი იდეების მნიშვნელობა ან მისი ცოდნის ხარისხი ცოტას თუ ესმოდა. ამის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ ლეონარდოს თავისი ნაწერები არასოდეს გამოუქვეყნებია და მათი არსებობა ძალზე ცოტა ვინმემ თუ იცოდა. ცაცია იყო და მარცხენა ხელით მარჯვნიდან მარცხნივ წერდა; ასე რომ, მის ჩანაწერებს სარკის მეშვეობით თუ წაიკითხავდნენ.

image

მის ნაწერებში ვხვდებით ფრაზას "მზე არ მოძრაობს", რაც იმაზე მიუთითებს, რომ ლეონარდო წინ უსწრებდა კოპერნიკის თეორიას, რომელმაც მოგვიანებით გალილეო დიდ გასაჭირში ჩააგდო.

image

შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირ კვლევასა და ექსპერიმენტს მხოლოდ თავისი უშრეტი ცნობისმოყვარეობის გამო აწარმოებდა და, როგორც კი თავისთვის გადაწყვეტდა რაიმე პრობლემას, მის მიმართ ყველანაირ ინტერესს კარგავდა, რადგან ამქვეყნად კვლავ უამრავი საიდუმლო რჩებოდა გამოსაცნობი.

ასევე დაგაინტერესებთ:

მიქელანჯელო ბუონაროტი და მისი "სიქსტეს კაპელა" (საინტერესო ცნობები!)

"იგი დარწმუნებული იყო, რომ ეს არასახარბიელო შეკვეთა მტრების ინტრიგების წყალობით შეაჩეჩეს."-როგორ გადაწყვიტა მიქელანჯელომ "სიქსტეს კაპელას" მოხატვა?

"ეს რაფაელის საფლავია, სანამ ცოცხლობდა, დედაბუნებას ეშინოდა, დამამარცხებსო, ხოლო როს მოკვდა, შიშობს, არ მოვკვდეო მეც მასთან ერთად."-საინტერესო ცნობები რაფაელ სანტის შემოქმედებიდან

0
147
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0