რელიგია ქართველთა წმინდა სავანეები საზღვარგარეთ 2018, 2 ივნისი, 22:06 ქართველთა საზღვარგარეთულ წმინდა სავანეთაგან განსაკუთრებით ცნობილია: ათონის ივერთა მონასტერი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, პეტრიწონი.
ათონის ივერთა მონასტერიმაკედონიაში, ქალკედონის ნახევარკუნძულზე, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებში ჩაფლულ მთაზე რამდენიმე მონასტერია აშენებული. მათ შორის არის ივერთა (ქართველთა) მონასტერი, რომელიც ქართველმა დიდებულებმა იოანემ და თორნიკემ ააშენეს მე-10 საუკუნეში. ათონის მონასტერში ქართველ მწერალთა მრავალი თაობა აღიზარდა. აქ თავს იყრიდნენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები, სწავლას დაწაფებული ახალგაზრდა ბერები, ისინი ეცნობოდნენ იმდროინდელ მოწინავე მწერლობას, თარგმნიდნენ ქართულად, ამრავლებდნენ ხელნაწერ ნუსხებს და სამშობლოში გზავნიდნენ. არ დარჩენილა იმ დროისათვის მნიშვნელოვანი ლიტერატურული თხზულება, ათონის დიდებულ მოღვაწეებს ქართულად რომ არ ეთარგმნათ. მათი შრომის წყალობით, ქართული ენა განვითარდა და გამდიდრდა, ამ ენაზე უკვე მშვენიერი განათლების მიღება შეიძლებოდა. ეს მონასტერი დღესაც დგას ათონის წმინდა მთაზე. აქ დღემდე ინახება ქართული ხელნაწერები, რომლებიც მრავალ საინტერესო ცნობას ინახავენ ჩვენი წარსულის შესახებ.ათონზე ახლაც ისევე ცხოვრობენ ბერები, როგორც დიდი ხნის წინათ, თუმცა, დღეს ივერთა მონასტერში ქართველების ნაცვლად ბერძნები არიან დამკვიდრებულნი. ტყეთა გასწვრივ მონასტრებისაკენ გაჭრილი ბილიკებით მიმავალი მგზავრი უთუოდ შეამჩნევს წარწერას - “გიყვარდეთ ხეები!'' - ეს წარწერა ბერებს ეკუთვნით - ყველაზე ძველ ეკოლოგებს, ისინი ხომ ყოველთვის უფრთხილდებოდნენ ბუნებას, როგორც ღვთის შექმნილს, და ახლაც შეგვახსენებენ მის ძალასა და მნიშვნელობას. იერუსალიმის ჯვრის მონასტერიქართველებს თავიანთი კუთვნილი წმინდა ადგილები იერუსალიმსა და მის შემოგარენშიც ჰქონდათ. მათ შორის ყველაზე განთქმული წმინდა ჯვრის მონასტერი იყო. გადმოცემის თანახმად, მონასტრის საკურთხეველში იმ წმინდა ხის ძირია ჩატანებული, რომლისაგან გამოთლილ ჯვარზეც გააკრეს იესო ქრისტე. ჯვრის მონასტერი მე-11 საუკუნეში ააშენა ქართველმა ბერმა პროხორემ, მეფე ბაგრატ IV-ისა და მისი დედის, მარიამ დედოფლის შემწეობით. ამ მონასტერშიც ჩადიოდნენ ცოდნას დაწაფებული ქართველი ბერები. მრავალი ქართველი წარჩინებული პირი სიცოცხლის ბოლო წლებში ბერად შემდგარა და ჯვრის მონასტრის გზას დასდგომია. მოხუცებულობის ჟამს აქ შეუფარებია თავი შოთა რუსთველსაც, რაზედაც მეტყველებს მონასტრის კედელზე გამოსახული მისი ფრესკა.პეტრიწონითანამედროვე ბულგარეთი შუა საუკუნეებში ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ბიზანტიაში კი მრავალი ქართველი მოღვაწეობდა, მათ შორის იყო სახელმოხვეჭილი სარდალი გრიგოლ ბაკურიანის ძე. გრიგოლმა ბულგარეთის სოფელ პეტრიწონთან ააშენა მონასტერი ქართველი ბერებისათვის და იქვე დააარსა სემინარია, ანუ სასულიერო სასწავლებელი, რათა ადგილზევე აღეზარდათ მონასტრისათვის მომავალი ღვთისმსახურები. პეტრიწონში ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლა, რომლის ყველაზე სახელგანთქმული წარმომადგენელია იოანე პეტრიწი.193 1-ს მოსწონს
|