სხვა ლევან წიკლაური – ზღვაოსნობაზე მეოცნებე ჩემპიონი კიკბოქსინგში 2018, 1 ივნისი, 23:11 დედოფლისწყაროს კიკბოქსინგის გუნდი „ჩემპიონის“ სპორტსმენი ლევან წიკლაური 25 წლისაა, თუმცა საქართველოს 7 გზის ჩემპიონი (57 კგ) და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალოსანია. ასევე, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი და მრავალი საერთაშორისო თუ პროფესიონალური ორთაბრძოლების და რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებული. წინ დიდი და საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, თუმცა უნდა ვაღიარო, საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა. ლევან წიკლაური: „არ მიფიქრია, რომ სპორტსმენი ვიქნებოდი, ყოველთვის მეზღვაურობა მინდოდა. ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი, ზღვა უზომოდ მიყვარს... ვაპირებდი საზღვაო აკადმიაში ჩაბარებას და ამისთვის ვემზადებოდი. ჩემი მეგობარი ვარჯიშობდა და როდესაც მან იბრძოლა და ორთაბრძოლაში დამარცხდა, ეს ძალიან განვიცადე და დიდხანს ვეკამათებოდი, რომ მასთან არ უნდა წაეგო. ვუმტკიცებდი, რომ მის დამარცხებას მეც შევძლებდი... მანამდეც ხშირად მთავაზობდნენ მეგობრები, მეც მათთთან ერთად მევარჯიშა, მაგრამ სუსტი აღნაგობის გამო საკუთარი თავის იმედი არ მქონდა, არანაირი მიდრეკილება არ მქონდა და ყოველთვის უიმედოდ ვიყავი. მეცხრე კლასში 32 კილოგრამს ვიწონიდი, ბავშვური შესახედაობა მქონდა და არც მიფიქრია ამაზე. ერთხელაც, მეგობრებს დარბაზში გავყევი, ვივარჯიშე, გავესაუბრე თამაზი მასწავლებელს. პირველივე დღეს კმაყოფილი დავბრუნდი და ამაში თამაზი მასწავლებელს დიდი წვლილი მიუძღვის. ისე საინტერესოდ მიხსნიდა, რომ გავლენა მოახდინა. ასევე, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა გიორგი წიკლაური, რომელიც უფროს ასაკში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ხშირად ვხედავდი, ის როგორ ვარჯიშობდა. მინდოდა მიმებაძა, ყველა ბავშვი ჩხუბით ინტერესდება და ხშირად ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდა. – ლევან, როგორ გახსენდება პირველი მარცხი და პირველი გამარჯვება? – პირველ შეჯიბრზე ერთი თვის შემდეგ გამიყვანეს, ღია რინგზე ვიბრძოლეთ, სადაც ახალბედები მონაწილეობდნენ. იქ სულ ორი ბრძოლა ჩავატარე, შემხვდნენ მეგრელი და რუსთაველი სპორტსმენები. უნდა ითქვას, რომ ორივე მათგანი აშკარა უპირატესობით დავამარცხე. პირველივე გამარჯვების შედეგად ჩემში პერსპექტივა დავინახე. ჩემი მეტოქეები საქართველოს პრიზიორები იყვნენ და საკმაო გამოცდილება ჰქონდათ. ეს კი ჩემთვის დიდ რამეს ნიშნავდა. ამიტომ შემდეგ უფრო ენთუზიაზმით გავაგრძელე ვარჯიში. მეორე სერიოზული ნაბიჯი იყო კახეთის ჩემპიონატი, რომელიც თელავში გაიმართა. ტურნირზე მოწინააღმდეგე დავამარცხე და კახეთის ჩემპიონი გავხდი. შემდეგ უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დავიწყეთ. თავდაჯერებულობა მომემატა. კარგად მახსოვს ჩემი კლასი ვარძიაში ექსკურსიას გეგმავდა და საქართველოს ჩემპიონატიც იყო დანიშნული კიკბოქსინგში. ბოლო დღემდე ვაპირებდი ექსკურსიაზე წასვლასაც და ტურნირზე გასვლასაც, თუმცა აღმოჩნდა, რომ დაემთხვა. ამიტომაც, ექსკურსია გავაცდინე და ტურნირზე გამგზავრება გადავწყვიტე. თუმცა მაშინ ჩვენი მგზავრობა არ ფინანსდებოდა და მახსოვს, მიზნის მისაღწევად ტელეფონი გავყიდე, რომ თბილისში წავსულიყავი და საქართველოს ჩემპიონატზე მიმეღო მონაწილეობა. კლასელები მგულშემატკივრობდნენ და ვარძიიდან მირეკავდნენ შედეგების გასაგებად. საბედნიეროდ, მოვახერხე და დაძაბული ბრძოლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ვარჯიშის დაწყებიდან 7 თვეში საქართველოს ჩემპიონის წოდება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ამიტომაც ყოველდღიურად და დღეში ორჯერ ან სამჯერ ვვარჯიშობდი. ყველას რომ ეძინა, ისე ძლიერად ვიყავი ჩემს სტიქიაში და ფიქრებში, იმდენად ძლიერი იყო სურვილი, ღამით ყოველთვის ვდგებოდი და ვვარჯიშობდი. დღემდე ასეა, თითქმის ყოველდღიურად შემოვურბენ ხოლმე მთელს რაიონს. მაიკლ ტაისონმა ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ხანდახან ღამის 4 საათზე დგებოდა და დარბოდა, რაც სტიმულს მატებდა. ტაისონი ამით ხაზს უსვამდა, რომ მისი მოწინააღმდეგე გვიან ღამით სავარჯიშოდ არ გაიღვიძებდა და მას ამით უპირატესობა ექნებოდა. მისი სიტყვები მეც ჩამრჩა და ღამით ვარჯიში წესად ვაქციე. რადგან ასაკით დიდი და წონით პატარა ვიყავი, სპეციალურად მახვედრებდნენ ასაკით დიდ მებრძოლებთან. ხშირად ჩემი წონები არ ყოფილა და 4-5 კილოგრამით მძიმე მეტოქეს ვერკინებოდი. შევხვედრივარ 14 კილოგრამით მძიმე მოწინააღმდეგესაც და ყოველთვის მიმართლებდა და ვიმარჯვებდი. ბავშვობისას ოჯახური პირობების გამო ბევრი შრომა მიწევდა. ვმუშაობდი ბეტონის ქარხანაში და დილის 5 საათზე ვიწყებდით სამუშაო დღეს. საღამოს, სამუშაო საათების შემდეგ დარბაზში ავდიოდი. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მეცამეტე ბრძოლა. როგორც ამბობენ, 13 თარსი რიცხვია, ჩემს შემთხვევაშიც გამართლდა და პირველად მეცამეტე ბრძოლაში დავმარცხდი. წაგებული ბრძოლის შემდეგ დიდ დეპრესიაში ჩავვარდი. არავისთვის გამიმჟღავნებია, თუმცა საგონებელში ჩავვარდი, რომ რა აზრი ჰქონდა ჩემს დაუღალავ ვარჯიშს, თუკი ვიღაც გამოვიდოდა და მაინც დამამარცხებდა. შემდეგ ჩავარდნა მქონდა და 1 თვე აღარ მივარჯიშია, მთლიანად გადავერთე სამსახურზე. ამ დროს ძალიან მენატრებოდა დარბაზი და თანაგუნდელები. ერთხელაც, გზაზე მიმავალს თამაზი მასწავლებელი შემხვდა და მისაყვედურა. სიმართლე ვერ გავუბედე და სამსახური მოვიმიზეზე. შემდეგ ზამთარი მოვიდა, სამუშაო დატვირთვა აღარ მქონდა და დავუბრუნდი დარბაზს. მას შემდეგ ვარჯიში ჩემი ცხოვრების სტილად იქცა. მეორედ რომ ვემზადებოდი საქართველოს ჩემპიონატისთვის, უზომოდ ბევრს ვვარჯიშობდი. საბედნიეროდ, მეორე ჩემპიონატზეც გავიმარჯვე და ორგზის საქართველოს ჩემპიონი გავხდი. – ყოფილა იმედგაცრუება? – 17 წლის რომ გავხდი, ვთვლიდი, რომ უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვიყავი მზად. თავდაჯერებულობას ჩემი მიღწევები მმატებდა. რადგან მცირე წონის ვიყავი 5 კილოგრამი უნდა მომემატებინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავსულიყავი. იმხანად 46 კგ ვიყავი და 51-ზე მეტისთვის უნდა მიმეღწია. კვებას მივეძალე და ამ მზადებაში ვიყავი, რომ სავალდებულო ჯარში გამიწვიეს. პატრიოტიზმის გრძნობა გამიმძაფრდა, იარაღის დაჭერა და ფორმა ჩემი ოცნება იყო, მომეცა შანსი და მინდოდა წასვლა, მაგრამ წონის გამო მიწუნებდნენ. ბოლოს მაინც წავედი და თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ვიმსახურე. რეჟიმში ყოფნამ შედეგი გამოიღო და 46 კგ-დან 65-კილოგრამს მივაღწიე. ჯარის შემდეგ რაიონში ჩამოვედი და ისევ ვარჯიში დავიწყე. როდესაც თვითკმაყოფილებას მივეცემოდი ხოლმე და მეგონა, რომ უძლეველი ვარ, ზუსტად იმ მომენტში ვმარცხდებოდი. ყოველი დამარცხების შემდეგ კი ორმაგი ენერგიით ვიწყებდი. დაახლოებით 80-მდე სერიოზული ბრძოლა მაქვს ჩატარებული და ყველა შემთხვევაში ასაკით უფროსს შევხვდი. აქედან 5 პროფესიონალური ორთაბრძოლა მაქვს და ხუთივე აშკარა უპირატესობით მოვიგე, მათ შორის სამი დროზე ადრე, ნოკაუტით. – ვიცი, რომ სირთულეები მრავლად იყო შენს ცხოვრებაში, მითუფრო დაობლების შემდეგ... – გაჭირვებული ცხოვრება გვქონდა და ერთ ხანს ბათუმში გადავედით ბებიასთან საცხოვრებლად. მეხუთე კლასიდან ისევ დედოფლისწყაროში დავბრუნდი. ამავე წელს ღვიძლის ავადმყოფობით მამა გარდამეცვალა, ოჯახს ძალიან გაუჭირდა და რაზეც შემეძლო ყველაფერზე ვმუშაობდი. მაყვლის კრეფა, კაკლის კრეფა, მეზობლებს მიწას ვუბარავდი, რომ საკვები მეშოვა. ხორბლის დათესვაზე, დატვირთვაზე, მზესუმზირის გამოხდაზე. ყველანაირ სამუშაოზე მივლია, რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა. თავიდან სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ საარსებო წყაროს ძიება მე მიწევდა, ამის გამო გაკვეთილების გაცდენა მიხდებოდა. ბევრ საგანში ჩამოვრჩი. მომაბეზრებელი ბავშვი არ ვიყავი, თავაზიანი და თითით საჩვენებელი ვიყავი, ამის დამსახურებით კლასიდან კლასში გადასვლის პრობლემა არ შემქმნია. კარგად ვსწავლობდი ისტორიას და ფიზიკას. ორივე საგნის სიყვარული მასწავლებლებს უკავშირდება. ორივე მამაჩემის მასწავლებლები იყვნენ და სითბოს გამოხატავდნენ, მამას მამსგავსებდნენ და არ შემეძლო, რომ არ მესწავლა. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სამრეკლოს პროფესიულ სასწავლებელში გავაგრძელე სწავლა სასოფლო-სამეურნეო სპეციალობაზე, მაგრამ მეგობრები და ახლობლები მირჩევდნენ სკოლა სრულად დამემთავრებინა და ასეც მოვიქეცი, ისევ სკოლას დავუბრუნდი. – როგორია ოჯახის როლი და მხარდაჭერა შენს მიზნებში და დედა თუ ესწრება შენს ბრძოლებს? – ოჯახი ყოველთვის მხარში მედგა, ჩემს მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას. ნათესავებიც და ახლობლებიც ყოველთვის მილოცავენ და ვფიქრობ ამაყობენ კიდეც. თუ შეჯიბრი რაიონში ტარდება, მაშინ დედა ყოველთვის ესწრება. ალბათ, დედისთვის რთული საყურებელია, როცა რინგზე მისი შვილი იბრძვის, მაგრამ შვილსაც გააჩნია. როცა რინგზე მე ვარ, დედას არ ვაძლევ შიშის საბაბს. თუმცა, ბოლოს დედამ მითხრა, მეტჯერ აღარ დაგესწრები, ძალიან განვიცადეო. დედაჩემი სულ ადევნებს თვალყურს პრესას, ტელევიზიას, უხარია, რომ მის შვილზე მედია საუბრობს. გაზეთიდან ამოჭრილი სტატიებიც შენახული გვაქვს და დიდი ენთუზიაზმით ვინახავთ. – მასწავლებელზე ბევრია დამოკიდებული, მითუფრო ისეთ ადამიანზე, როგორიც თამაზ ყარაგვეზაშვილია... – თამაზი მასწავლებელმა უდიდესი როლი შეასრულა ჩემს ჩამოყალიბებაში, სწორად აღზრდაში და თითოეულ გამარჯვებაში. ყოველთვის გვერდში მედგა. ბევრი რეგიონის მწვრთნელს შევხვედრივარ, მაგრამ თამაზი მასწავლებელი ყველასგან გამორჩეულია და მიმაჩნია, რომ დედოფლისწყაროელებს ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა. ყოველთვის მისმენდა და ინტერესდებოდა, რა მიჭირდა. საოცარი დამოკიდებულება აქვს ჩვენთან და ეს გადამწყვეტია. მადლობა მინდა ვუთხრა თამაზ ყარაგვეზაშვილს ყველაფრისთვის. მან დამანახა საკმაოდ ფართე გზა, საითაც შეიძლება ვიარო. მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები, რადგან მის გარეშე ასეთი ვერ ვიქნებოდი. რაც გამაჩნია, ყველაფერი მისი დამსახურებაა. ის ყოველთვის ცდილობს ყველას მისცეს ისეთი შანსი, რომ იპოვოს თავისი თავი და გამოავლინოს შესაძლებლობები. ასევე მადლობას ვუხდი ყველა ჩემს გულშემატკივარს, მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვგრძნობ ჩემი რაიონის თანადგომას და ამიტომ ვცდილობ ჩემი ქვეყნის და რაიონის სახელი შორს გავიტანო და ყველგან დავიცვა ჩემი სამშობლოს ღირსება. – სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ შენ გაემგზავრე, ვიცი, რომ დიდხანს ოცნებობდი ამ დღეზე... – ახლახან ვიყავი სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატზე. გამორჩეული იყო იმით, რომ უმაღლესი დონის ტურნირია და მას ოლიმპიური კომიტეტი აღიარებს. ამიტომაც, თუ აქ გახდები ჩემპიონი, ეს ყველანაირ აღიარებას გულისხმობს. მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იმიტომაც, რომ უდიდესი გამოცდილება მივიღე. მხოლოდ შეჯიბრზე დასწრებაც საამაყოა, არათუ მონაწილეობა. დიდი ხნის ოცნება იყო ამ ტურნირის ჩემპიონი გავმხდარიყავი. საქართველოს უფროს ასაკში ევროპის ჩემპიონი ამჟამადაც არავინ ჰყავს, ამიტომ მინდოდა, რომ წავსულიყავი და ვყოფილიყავი ის სპორტსმენი, რომელიც პირველად გახდებოდა ჩემპიონი. ვინაიდან კიკბოქსინგი ევროპის ქვეყნებში ძალიან გავრცელებული სპორტია, ძლიერია სკოლებიც, ამჯერად იქ ყველაზე საუკეთესო სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. ჩემი შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით მაინც ბედნიერი ვარ, რომ შედეგის გარეშე არ დავბრუნდი. ამბიცია გამიჩნდა იმის, რომ მომავალში აუცილებლად გავხდები ჩემპიონი, უდიდესი გამოცდილება შემძინა. 9 დღე ვიმყოფებოდი ამ ქვეყანაში და ძალიან დიდი დასვენებაა ჩემთვის გარემოს შეცვლა. კიკბოქსინგი ამჟამად აღორძინების ფაზაშია, სავარაუდოდ, მომავალ წელს არის მოლოდინი, რომ ოლიმპიური სახეობა გახდება. 2017 წელს ყველაზე მასშტაბური ტურნირები იგეგმება, თუკი რაიმე ჩატარებულა კიკბოქსინგის ისტორიაში. იქ მოსახვედრად საჭიროა ლიცენზიები, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე გაიცემა. ახლახან რომ ვიყავი სლოვენიაში, იქ თუ გავხდებოდი ჩემპიონი, ამ ლიცენზიას მოვიპოვებდი. ჯერჯერობით ჩემს გარეშე ჩაივლის, მაგრამ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირია სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი, იმედს მაინც არ ვკარგავ და ვეცდები ეს ლიცენზია მოვიპოვო. – შენი მაქსიმუმი რა არის, რა მიზნისთვის იბრძვი? – მიზანი არის ძალიან მარტივი. ცხოვრებაში ყველა ცდილობს რაღაც შექმნას, რითიც ხალხს დაამახსოვრდება. მაგალითად ტაისონი, ბრუს ლი, მათ თავიანთი ცხოვრების სტილით და მიზანდასახულობით მიაღწიეს უკვდავებას. მისაბაძი მაგალითი გახდნენ მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის. დიდი ბედნიერებაა, როცა ყველა გიცნობს, ყველას უყვარხარ და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მისაბაძი ხარ. ბევრჯერ წავბორძიკდი, მაგრამ ყოველთვის წამოვდექი და ბრძოლა დავიწყე. არასდოს დავნებებულვარ ცხოვრებას. ვფიქრობ, შესაძლებელია ამას საქართველოდანაც მიაღწიო. მინდა ხალხს მეც დავამახსოვრო თავი. ქუჩაში დგომას და მავნე ჩვევებს ყველანაირად მირჩევნია სპორტული ცხოვრებით დავკავდე. ძალიან რომანტიკოსი ვარ, ხშირად დამიწერია ლექსებიც. მიყვარს ღამე, რადგან ღამით ყველაფრის ოცნება შეიძლება. ამაზე ლექსიც დავწერე, რომელიც ძალიან მიყვარს: როდესაც დილა თენდება ჩემთვის, – ბედნიერება საყვარელ ადამიანებთან ყოფნა, სიმშვიდე და სიწყნარეა, სადაც პრობლემები არ არის. რაც მთავარია, უნდა მქონდეს ბევრი თავისუფალი დრო. ფული არ არის ჩემთვის ბედნიერების საზომი. ოცნებებში არასოდეს არ მქონია კარგი სახლი, ძვირფასი ავტომანქანა და ა.შ. ყოველთვის ვოცნებობდი ზღვის პირას პატარა ქოხზე. ბუნებაში და მშვიდ გარემოში ვიცხოვრებდი მეუღლესთან ერთად. ძალიან მინდა მთაში დავბრუნდე. ჩემი წინაპრები არიან არხოტიდან, სოფელ ამღიონთან დღესაც მაქვს მიწა და სიამოვნებით დავსახლდებოდი იქ. ეს ალბათ სპორტიდან წასვლის შემდეგ წარმომიდგენია, 40-50 წლის ასაკში. ბევრი ფული რომ მქონდეს, პირველ რიგში გაჭირვებულებს ვუწილადებდი. მეოცნებე ნამდვილად ვარ. ძალიან მინდა დედოფლისწყაროში არსებობდეს კიკბოქსინგის აკადემია, თანამედროვე ინვენტარით, ინფრასტრუქტურით, სადაც ჩამოსულ სპორტსმენებსაც შეეძლებათ ადგილზე ცხოვრება და ვარჯიში. მოგზაურობაც მიყვარს, ვოცნებობ საფრანგეთში წასვლაზე, რადგან ძალიან რომანტიკული ქვეყანა და საინტერესო ხალხია. უზომოდ მსიამოვნებს ფრანგული საუბრის მოსმენა. – სპორტსმენების კიდევ ერთი დადებითი მხარე სხვადასხვა ქვეყნებში ხშირი მოგზაურობებია... – გეთანხმებით. ასაკის მიუხედავად, უკვე ვიმყოფებოდი ჩეხეთში, უკრაინაში, სომხეთში, თურქეთში, ავსტრიაში, სლოვენიაში. ფინანსების არქონის გამო ბევრგან კიდევ ვერ მოვახერხე წასვლა. თავისუფალ დროს ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებდით ხოლმე. დადებითია ის, რომ უფასოდ მიწევს საზღვარგარეთ მოგზაურობები და ასპარეზობის პარალელურად ვეცნობი უცხოურ კულტურას. მიყვარს თავგადასავლები და უცხო გარემოში ყოფნა. თუმცა, ვერცერთი ქვეყნის საკვებმა ვერ მომხიბლა. ვიზუალურად თითქოს ყველაფერი ლამაზია, მაგრამ ქართულ სამზარეულოს ვერაფერი შეედრება. ძალიან მიყვარს მწვადი, ყველანაირი სალათები. ნატურალურ კვებას, ბოსტნეულს ვანიჭებ უპირატესობას. უზომოდ მიყვარს ხილი, ტკბილეული და ნამცხვრები. – მოკლედ, სასურველი სასიძო ხარ... რამდენად შესაძლებელია სპორტსმენ გოგონას დაუკავშირო ბედი? – არ ვაპირებ დაოჯახებას, სანამ სპორტულ მიზნებს არ მივაღწევ... როდესაც ოჯახი გაქვს, ვერ ხარ იმდენად კონცენტრირებული საქმეზე, ძირითადი საფიქრალი შვილები ხდება და სპორტს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობ. ისეთი გოგონა იქნება ჩემი რჩეული და მეორე ნახევარი, ვინც ჩემს მიზნებს დააფასებს და ხელს შემიწყობს, ვინც ჩემი გულშემატკივარი გახდება. ძალიან ბევრი ლამაზი სპორტსმენი გოგონა მინახავს, ბევრი იმდენად მომხიბლავია, მოდელებსაც ჯობია. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ მოკრივე გოგონა გახდეს ჩემი მეუღლე, არავინ იცის ცხოვრება რას გვიმზადებს. – ზოგადად, რა არ მოგწონს ახალგაზრდებში? – არ მომწონს, ის რომ არ ფიქრობენ მომავალზე და ცხოვრებას სერიოზულად არ ეკიდებიან. უმრავლესობა უდიერად უდგება თავის ჯანმრთელობას, ეწევიან და სვამენ. ძალიან პრიმიტიული ქცევებით ამაყობენ. მიმაჩნია, რომ მთავარია მონდომება და მიზანს ყოველთვის მიაღწევ. სამწუხაროა, რომ სოფლებში ახალგაზრდების ცხოვრება ერთფეროვანია და არ აქვთ ხელშეწყობა. მაგრამ, მაინც შეიძლება მრავალფეროვანი გახდეს მათი ცხოვრება თუ მოინდომებენ და ბევრს იშრომებენ, მაგრამ ეს მონდომება არ ჩანს. 114 1-ს მოსწონს
|