x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
"საქართველოში საქმე ისე უნდა წარმართოთ, რომ იქ მცხოვრებთა სული აქაური, რუსული იყოს, ხოლო სხეული ქართული". -საინტერესო ამონარიდები სხვადასხვა დოკუმენტებიდან
1801 წლიდან 1990 წლამდე რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველო კარგავს არამხოლოდ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, არამედ ძლიერი და მზაკვარი მტერი ცდილობს ჩვენს დანაწილებას, დაქუცმაცებას, შემდეგ კი მთლიანად ჩაყლაპვას.


image


რუსების მიზანი არ ყოფილა მხოლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკური ანექსია, როგორც ამას სხვა უამრავი დამპყრობელი ცდილობდა; მათ სურდათ (სურთ!) ქართველი ერის იდენტობის წაშლა-ეთნოკულტურული და ენობრივი ფსიქოლოგიის მოშლით, ვინ იცის, იქნებ ეს საფრთხე თანამედროვე რეალობაში უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე.


image


სტატიაში წარმოვადგენ იმ მცირე მასალებს, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ცდილობდნენ რუსი პოლიტიკოსები საკუთარი იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილებასა და საქართველოს საბოლოოდ დამორჩილებას.


ჯერ კიდევ 1770 წლის 16 ივლისს რუსეთის იმპერიის კანცლერის, გრაფ პანინის მიერ გენერალ ტოტლებენისათვის გაგზავნილ საიდუმლო წერილში ვკითხულობთ:

"საქართველოში საქმე ისე უნდა წარმართოთ, რომ იქ მცხოვრებთა სული აქაური, რუსული იყოს, ხოლო სხეული ქართული".


საქართველოში განლაგებული რუსული არმიის მთავარსარდალი (1809-1811), გენერალი ტორმასოვი 1810 წელს იმპერატორ ალექსანდრე პირველს დასავლეთ საქართველოს შესახებ წერდა:

"ამ საკმაოდ ვრცელი მხარის გაყოფით ოთხ სამფლობელოდ, როგორიც, მაგალითად, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აფხაზეთია... ადვილი იქნება მისი შენარჩუნება... იმ რაოდენობის რაზმებით, რომლებიც ახლა აქ იმყოფებიან, მით უფრო კი მაშინ, როცა საშუალება გვექნება, აუცილებელ შემთხვევაში ერთი მთავრის ძალა დავუპირისპიროთ მეორისას". (რ. ლომინაძე, 2000, გვ.128)


1899 წელს გამოცემული მეგრული საანბანო სახელმძღვანელოს ავტორი ალ. გრენი ამ წიგნის წინასიტყვაობაში წერდა:

"ამ ანბანის შედგენისას მე მიზნად მქონდა, როგორმე, თუნდაც არაპირდაპირ, გამომეწვია ნაციონალური ბრძოლისათვის მეგრელები, რომელნიც ითელებიან უფრო ძლიერი ქართველი ხალხისაგან. ასეთი ბრძოლა, ჭეშმარიტად, სრულიად შეუძლებელია საკუთარი ეროვნული ანბანის უქონლად, [იმ ანბანისა], რომლითც მეგრელი თავის აზრებს ისევე გამოხატავდა, როგორც მისი მტერი, ამ შემთხვევაში-ქართველი". (ს. ხუნდაძე, 1940, გვ.104)


1834 წელს შტაბსკაპიტანი შახოვსკი მოახსენებდა მთავარ-მართებელ (1831-1837) როზენს:

"ჩვენთვის ყველაზე მომგებიანი იქნება, თუ სხვათა შორის (სვანეთში) შემოვიღებთ რუსულ ღვთისმსახურებას, რაც მოაჯაჭვებდა ამ ხალხს თქვენთან. ამის შესასრულებლად აუცილებლად მიმაჩნია: წავიყვანოთ რამდენიმე სვანი ღვთისმსახურის შვილი, ვასწავლოთ მათ საღვთო სჯული რუსულ ენაზე, ვაკურთხოთ მღვდლებად და გავგზავნოთ თავიანთ ხალხში, რომელიც მათ სიხარულით მიიღებს, ხოლო მამები საკუთარი ნებით დაუთმობენ ადგილს საკუთარ შვილებს."


მიხეილ სუსლოვის (1902-1982) დახურული მოხსენების ფრაგმენტი, რომელიც გამოქვეყნდა პარიზის ეროვნული სამჭოს ჟურნალში ("მებრძოლი საქართველო"; 26 მაისი, 2003 წელი):

"კომუნისტური პარტია რუსეთის წებოა და სანამ ეს წებო თავის ძალას, თავის თვისებას არ დაკარგავს, მანამდე უნდა ავამუშაოთ რუსეთის გადარჩენის გეგმა, რომლებიც სხვადასხვა რესპუბლიკებში სხვადასხვა იქნება.

შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ გენერლებს უნდა მივცეთ ცხოვრების ნორმალური საშუალება. მათ ჩამოსასახლებლად გვჭირდება შავი ზღვის სასაზღვრო ტერიტორია, სადაც, როგორც მოგეხსენებათ, ქართველები ცხოვრობენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველები ჩვენგან ძლიერ განსხვავდებიან, ადრე თუ გვიან, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს დააყენებენ და თავისუფლებას მოითხოვენ. მათთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან. აფხაზეთის გამოყენებით სამეგრელოს, სვანეთს, აჭარასა და სხვა კუთხეებს უნდა მივცეთ დამოუკიდებლობა. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ-ეროვნული გრძნობა. დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროთ აღმოსავლეთს, ამის შემდეგ მათ შორის მომრიგებლის ფუნქცია უნდა შევასრულოთ. პარალელურრად ქართველები მეცნიერულად უნდა დავარწმუნოთ, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსახლებულნი, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები არიან, რაც მათი საქართველოს ტერიტორიიდან საბოლოოდ გაძევების საშუალებას მოგვცემს".


როგორც ხედავთ, რუსეთი მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე არ ამყარებდა იმედებს, საქართველოს დაქუცმაცება გაუმარტივებდა მის სრულ ანექსიას, გარუსებას-"დაყავი და იბატონე!"; ეს პროცესები დღესაც მიმდინარეობს, მის შესაჩერებლად ჩვენი გამოფხიზლებაა საჭირო, გონივრული ბრძოლა და ერთმანეთის სიყვარული, რომელიც გამთლიანებასა და გაძლიერებაში დაგვეხმარება!


image



1
524
4-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
524
  
2018, 21 მაისი, 19:03
ასეთი შტაბსკაპიტნების გამო დაეშალათ რუსებს იმპერია
0 1 1