x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
უძველესი რელიგიები - ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი და ინდუიზმი
image


ამჟამად ოთხი ძირითადი რელიგია არსებობს: ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი და ინდუიზმი. ბევრი ადამიანი ათეისტია. ძველი რელიგიები ადგილობრივ ტრადიციებსა და ბუნებასთან ძლიერი კავშირით გამოირჩეოდა. ადამიანები უამრავ ღმერთსა და ქალღმერთს ეთაყვანებოდნენ. ამბები სამყაროს შექმნის შესახებ, ადამიანებთან ღმერთებისა და ქალღმერთების ურთიერთობებზე მითებსა და ლეგენდებში აისახა. ძველი რელიგიების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი საგებმა შეასრულა.

ქრისტიანობა ქრისტიანობა

ქრისტიანობა ისრაელში აღმოცენდა და სწრაფად გავრცელდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 312 წელს აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. მოგვიანებით, საბეჭდი დაზგის გამოგონებამ (1450 წ.) ბიბლია ხელმისაწვდომი გახადა ევროპელებისათვის, რამაც ხელი შეუწყო ევროპაში ახალი მიმდინარეობების წარმოშობას: რეფორმაციას, რომელსაც 1517 წელს მარტინ ლუთერი ჩაუდგა სათავეში, ინგლისში ჰენრი VIII-ს განქორწინებით (1530 წ.) საფუძველი ჩაეყარა რომის პაპისგან დამოუკიდებელ ინგლისის ეკლესიას, ხოლო ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი ევროპის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა ჟან კალვინის იდეები. დღეს ქრისტიანული რწმენა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება, მიუხედავად ამისა, ყოველი ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანია, არ დაარღვიოს ათი მცნება. ქრისტიანობა მსოფლიოს უდიდესი რელიგიაა და ორ მილიარდ მორწმუნეს აერთიანებს. მათი ნახევარი კათოლიკეა. ქრისტიანების წმინდა წიგნია ბიბლია. ძველი აღთქმის წიგნები ებრაულ სამყაროში ძვ. წ. XII-II საუკუნეებშია შექმნილი. მათში ასახულია ებრაელი ხალხის ისტორია, ღვთისმსახურება, მსოფლმხედველობა, რელიგიური მრწამსი. ახალი აღთქმის წიგნებში, რომლებიც ახ. წ. I ს.-ის მეორე ნახევარში დაიწერა, გადმოცემულია მაცხოვრის განკაცება, მის მიერ აღსრულებული სასწაულები, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება. ახალი აღთქმა შედგება ოთხი სახარებისაგან (მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს), მოციქულთა საქმეების, კათოლიკე ეპისტოლეებისა და იოანეს გამოცხადებისგან (აპოკალიფსი). იესო სასწაულებს ახდენდა: ავადმყოფები განკურნა, მიცვალებულები მკვდრეთით აღადგინა, წყალი ღვინოდ აქცია, ხუთი პურითა და ორი თევზით იესომ 5000 კაცი დააპურა. იესომ ადამიანური ცოდვებით დამძიმებული კაცობრიობა მარადიული სატანჯველისგან იხსნა და ადამიანებს ახალი რწმენა, როგორც სულის გადარჩენის ჭეშმარიტი გზა, დაუტოვა. რომაელებმა ის აწამეს და ჯვარზე გააკრეს. 3 დღის შემდეგ იესო მკვდრეთით აღსდგა.

შვიდი ქრისტიანული საიდუმლო: 1. ნათლისღება 2. მირონცხება 3. ზიარება 4. სინანული 5. მღვდლობა 6. ქორწინება 7. ზეთის კურთხევა.


12 მოციქული: სიმონი პეტრედ წოდებული და მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე, ბართლომე, მათე, იაკობ ალფესი და სიმონი, თომა, იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი.

islami

ისლამი

მუსლიმანებს სჯერათ, რომ ალაჰმა თავისი სიტყვა მუჰამადს გადასცა. მათი წმინდა წიგნი ყურანია, მუსლიმანებისთვის ყურანი ალაჰის გადმოცემული სრულყოფილი და საბოლოო სიტყვაა. დღეს ერთ მილიარდზე მეტი მუსლიმანია. მათი უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიის ნაწილში ცხოვრობს. ქრისტიანობის შემდეგ ისლამი მეორე ყველაზე დიდი რელიგიაა.

მუჰამადი არაბეთში დაიბადა. მექაში ალაჰის მოძღვრებას ქადაგებდა. 622 წ.-მდე მუჰამადს დევნიდნენ. შემდეგ მიმდევრებთან ერთად მედინას შეაფარა თავი. 630 წ.-ს მუსლიმანებმა მუჰამადის მეთაურობით მექა დაიმორჩილეს. რელიგია გავრცელდა და მუჰამადის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ისლამმა ატლანტის ოკეანიდან ცენტრალურ აზიამდე უზარმაზარი ტერიტორია მოიცვა.

ისლამის ხუთი სვეტი, ეს ხუთი კანონია: 1. გწამდეს ერთიანი ღმერთი და წინასწარმეტყველი მუჰამადი. 2. ყოველდღე ილოცე. 3. გებრალებოდეს ღარიბები და გაიღე მოწყალება. 4. რამაზანის დროს იმარხულე. 5. ჰაჯის აღსრულება, ანუ მექის მოლოცვა (მუსლიმანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა ჩავიდეს მექაში ჰაჯის დროს).

budizmi

ბუდიზმი

სიდჰართა გოვინდა გაუტამა ბუდა ბუდიზმის დამაარსებელია. ის ჩრდილო ინდოეთში (თანამედროვე ნეპალში) 2500 წლის წინ დაიბადა. მოძღვრება რომელსაც ბუდა ქადაგებდა, ინდოეთის საზღვრებს გასცდა და შორეულ აღმოსავლეთს მიაღწია. ბუდიზმი აზიის სხვადასხვა ნაწილშიც გავრცელდა. ამჟამად ყველაზე მეტი ბუდისტია ჩინეთში (110 მილიონი კაცი), შემდეგ მოდის იაპონია (70, 5 მილიონი) და ტაილანდი (52, 5 მილიონი).

ბუდიზმის ძირითადი პრინციპები

ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება:

  • ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი.
  • არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.
  • შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.
  • არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.
ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:

  • მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება.
  • მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად.
  • მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე...
  • მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს - არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს.
  • მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს.
  • მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს.
  • მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.
  • მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.
მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, ბუდასავით გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე - არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.


induizmi ინდუიზმი

ინდუიზმი ერთ-ერთი უძველესი რელიგიაა, 5000 წელს ითვლის და ინდის ველზე განვითარებულ ცივილიზაციას უკავშირდება. ძვ.წ. დაახლოებით 1500 წელს არიელმა დამპყრობლებმა ინდოეთში თავიანთი მრწამსი გაავრცელეს, რომელიც ადგილობრივ რელიგიას შეერწყა. ასე შეიქმნა ინდუიზმი. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე ინდუსებს საერთო პრინციპები აერთიანებდა: ოჯახისა და ახლობლების წინაშე პასუხისმგებლობა, სიკეთის თესვა და სიმართლის უზენაესობა. ინდუსებს რეინკარნაციის სჯერათ, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვალების შემდეგ სული სხვა სხეულში (სხვა ადამიანის, ცხოველის ან ფრინველის და ა. შ.) გადადის. ინდუსის სულიერი ცხოვრების მიზანია, გაწყვიტოს დაბადების, სიკვდილისა და ხელახალი დაბადების მოჯადოებული წრე და იხსნას სული. ინდოეთში 869 მილიონი ინდუსია, ამერიკაში 1 მილიონზე მეტი.


ინდუიზმის ძირითადი პრინციპები:

ინდუიზმის ძირითადი პრინციპებია დჰარმა, კარმა და სამსარა.

धर्म დჰარმა წარმოადგენს ღმერთის მიერ შექმნილ ბუნების, რელიგიის, მორალის, სამართლიანობის, კეთილდღეობის მარადიულ კანონს.

कर्म კარმა სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც «ქმედება», «მოქმედება» ან «მუშაობა» და შეიძლება განისაზღვროს, როგორც «კანონი ქმედებისა და შედეგისა».

उपनिषद् უპანიშადების (ინდუიზმის წმინდა წერილები) მიხედვით, ცნობიერება – चित्त ჩიტტა (ან चेतन ჩეტანა), წარმოადგენს წვრილ-მატერიალურ ორგანოს, რომელიც प्राण პრანას (სუნთქვა) მეშვეობით ირეკლავს სულის (जीव ჯივა ან आत्मन् ატმან) ცნობიერებას.

პრანა არის ჯივასა და ჩიტტას შუამავალი, რომელიც წარმოადგენს უპირველეს და უწვრილეს მატერიალურ ელემენტს.

ჯივა, რომელიც პრანას ცნობიერებით ავსებს, არსების გულის არეში მდებარეობს.

ჩიტტა არის मनस् მანასის (ქვეცნობიერება), अहंकार აჰამკარას (ეგო, საკუთარი შეგნების სისტემა) და बुद्धि ბუდდჰის (ცნობიერი გონება, რომელიც უნარს აღიქვამს) ერთობლიობა. ჩიტტა წარმოადგენს ინდივიდის მატერიალური გამოცდილების ხაზინას ნებისმიერი ქმედების უამრავი संस्कर სამსკარებით (შთაბეჭდილება, ანაბეჭდი), როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ დონეზე. მასში დაგროვილი ინფორმაცია მოქმედებს, როგორც პრიზმა, რომელშიც არსება სამყაროს ხედავს. ყველაფერს, რასაც ამ პრიზმაში ხედავს, იგი ადარებს თავის წარსულ გამოცდილებას, და აქედან გამომდინარე, რეალობას აღიქვავს წარსულის მიერ სახეშეცვლილ (დამახინჯებულ) სურათად.

სამსკარები ინახება და გადადის ცხოვრებიდან (სიცოცხლიდან, დაბადებიდან) ცხოვრებაში ინდივიდის ცნობიერებაში.

ყოველ ცხოვრებაში სამსკარები ფორმირებას ახდენს არსების განუმეორებელ ფსიქო-ფიზიკურ ბუნებას და განსაზღრავს მის მიდრეკილებას და სურვილებს, აგრეთვე მის კარმას.

კონცეფცია საყოველთაო, ნეიტრალური და უცდომელი კარმის კანონის დაკავშირებულია რეინკარანციასთან და ინდივიდის პიროვნებასთან.

კარმა აერთიანებს ნების თავისუფლების და ბედისწერის გაგებას. «ქმედების, ქმედების შედეგის, დაბადების, სიკვდილის და ხელახლა დაბადების» ორომტრიალს ჰქვია संसार სამსარა.

სამსარას სამყარო ქმნის გარდამავალ ტკბობას, რომელიც არსებას უტოვებს ხელახლა დაბადების სურვილს, რათა დატკბეს მატერიალურად. და მხოლოდ मोक्ष მოკშა(სამსარას დატყვევებიდან გათავისუფლება) აძლევს არსებას მარადიულ ბედნიერებასა და სულის სიმშვიდეს.

მიმდევრების რაოდენობით ინდუიზმი მსოფლიოს მესამე რელიგიაა, ქრისტიანობისა და ისლამის შემდეგ.

0
943
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
943
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0