კინო ნატა მურვანიძემ პეკინის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა 2018, 23 აპრილი, 21:33 .
პეკინის კინოფესტივალზე, ფილმში „საშიში დედა“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ნატა მურვანიძემ მიიღო.
.
მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად პრესტიჟული ჯილდო ცნობილმა მსახიობმა იზაბელ იუპერმა ფილმის რეჟისორს, ანა ურუშაძეს გადასცა. ეროვნული კინოცენტრის ცნობით, 10 ჯილდოდან ქართულ ფილმებს კიდევ სამი მთავარი პრიზი გადაეცათ: Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა; Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო; Tiantan Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მინდია ესაძემ მოიპოვა ფილმისთვის „დედე“.
.
„საშიშ დედას“, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის - „ოქროს ლეოპარდი" ლოკარნოს კინოფესტივალზე, სარაევოს კინოფესტივალის გრან-პრი და Asia Pacific Screen Awards-ზე მოპოვებული 2 აზიური ოსკარი. ამასთან, „საშიში დედა“ საქართველოს რჩეული ფილმი იყო ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში წარსადგენად.
.
დაჯილდოვების ცერემონიას 250 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს.
.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი სეზონი წარმატებული აღმოჩნდა ქართული კინემატოგრაფიისთვის.
61 2-ს მოსწონს
|