სხვა ჩვენი ტკივილი - ქუჩის ბავშვები 2018, 11 აპრილი, 13:38 ![]() გადავწყვიტე დავხმარებოდი და 2 ლარიანი გავუწოდე. ამ დროს თვალი მოვკარი ცივი თვალებით მომზირალ ქალს, რომელიც ხელებში შემომყურებდა. გზა განვაგრძე, ეჭვით შეპყრობილი შემოვტრიალდი და დავინახე, როგორ სცემდა ქალი ბავშვს და ნაწყალობევ ფულს ართმევდა. დავიბენი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა მოცემულ სიტუაციაში, დავბრუნებულიყავი და გამოვსარჩლებოდი პატარას, თუ გზა გამეგრძელებინა, სამწუხაროდ, მეორე ვარიანტი ავირჩიე. ხშირად მესმის, რომ მაწანწალა ბავშვები უხეშები და უზრდელები არიან, თუ არ დაეხმარები, ან გაგინებენ, ან გაფურთხებენ. ეს მედლის ერთი მხარეა, მეორე მხარეს კი ჩვენ ვდგავართ. ჩვენ თვითონ რას ვაკეთებთ მათთვის? შეგვინიშნავს ოდესმე, რემდენჯერ უხეშად მიგვიმართავს, ან ყურადღების ღირსადაც არ ჩაგვითვლია ისინი? სხვათაშორის უმოქმედობა და “ეს მე არ მეხებას" პოზიციაც დანაშაულის ტოლფასია. არადა, ნებისმიერი სიტუაციიდან ყოველთვის არსებობს გამოსავალი, თუნდაც ჩემს შემთხვევაში, ხომ შემეძლო, მივბრუნებულიყავი და ქალისთვის ბავშვის დაჩაგვრის საშუალება არ მიმეცა, მიცემული ფულით საჭმელი მეყიდა და დახმარების მთავარი მიზანი შესრულებულიყო - გოგონა მშიერი არ იქნებოდა.
თუმცა სამ მილიონ ნახევრიან ქვეყანაში ერთი მილიონი ასე რომც მოიქცეს, არც ეს იქნებოდა რეალური გამოსავალი. ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ დახმარება არ ნიშნავს ზედმეტი ხურდების მოშორებას ან გამონაცვალი ტანსაცმლის ჩუქებას, არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ერთჯერადი დახმარებით, ამის პარალელურად უნდა ვიფიქროთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის, რათა ისინი არ აღმოჩნდნენ ცხოვრებისაგან გარიყულნი. მაწანწალა ბავშვების უმრავლესობა გაუნათლებელია, რადგან არ დადიან სკოლაში და მთელ დღეებს ქუჩაში ატარებენ... მაგრამ რა იქნება შემდგომში, როცა ისინი გაიზრდებიან და ნახავენ, რომ ცხოვრებაში არსებობს ბევრი რამ, რაც მათ უნდა ჰქონდეთ და არ ექნებათ მისი შოვნის საშუალება. ხომ არ არიან ისინი მომავალში განწირულნი კრიმინალისა და პროსტიტუციისათვის?! ცხადია, მომავალში ყველას შეგვაწუხებს კითხვა - რეალურად ბავშვებს ჰქონდათ სხვა არჩევანი?
ავთანდილ მამალაშვილი.
64 3-ს მოსწონს
|