შოუბიზნესი ნანი ბრეგვაძემ მოსკოვში ხვალისთვის დაგეგმილი კონცერტი ივნისამდე გადადო 2018, 27 მარტი, 12:49 რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 28 მარტს დაგეგმილი ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი გადაიდო. სავარაუდოდ, კონცერტი 5 ივნისს გაიმართება. გავრცელებული ცნობით კონცერტი „Crocus City Hall“-ში იყო დაანონსებული, თუმცა საქართველოში ამას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როცა ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედარის გადმოცემა გაჭიანურდა. საქართველოში მიიჩნევდნენ, რომ ამ ფონზე ნანი ბრეგვაძეს კონცერტის გამართვაზე უარი თავადვე უნდა ეთქვა. თავად ნანი ბრეგვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ვრცელ განმარტებას არ აკეთებდა და აღნიშნავდა, რომ ცუდად იყო. ამჯერად კონცერტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ საიუბილეო საღამო სწორედ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. „ნანი ბრეგვაძის ხავერდოვანი ხმა წლებთან ერთად მხოლოდ უკეთესი ხდება, ხოლო სიმღერები — გულშიჩამწვდომი. ნანი ბრეგვაძე სიმღერებს დიდი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულებს, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. საღამოს სპეციალური სტუმრები იქნებიან ცნობილი შემსრულებლები ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი, ნინო ქათამაძე და ეკა მამალაძე", — ნათქვამი იყო საკონცერტო დარბაზის განცხადებაში. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის თებერვალში სანკტ-პეტერბურგში გამართულ ორდღიან ღონისძიებაზე ცნობილი ქართველი შემსრულებლები და ანსამბლები — ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight, ასევე ჯგუფი „მგზავრები" მონაწილეობდნენ. ქართული კულტურის პირველი ფესტივალი ГрузияPLAY, სანქტ-პეტერბურგში დიზაინის ცენტრ ARTPLAY-ში 17 და 18 თებერვალს ჩატარდა. ფესტივალს სოციალურ ქსელში ხანგრძლივი სარეკლამო კამპანია უძღვოდა, რომელიც საკმაოდ კრეატიულად დაიგეგმა და განხორციელდა. კიდევ ერთმა ქართველმა მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ქართული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ ძმას არ უნდა უმღერო, რომელიც გირტყამს, ამიტომაც, მოსკოვში კონცერტების ჩატარების სურვილი არ ჰქონდა. 116 1-ს მოსწონს
|