x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ევროპის ფონდმა დედოფლისწყაროში ახალგაზრდული პროექტები დააფინანსა
image


„დედოფლისწყაროს ახალგაზრდული იდეა“ მუშაობას კვლავაც აქტურად განაგრძობს. გასულ კვირას ევროპის ფონდმა სკოლის მოსწავლეების მორიგი პროექტები დააფინანსა. 20-ზე მეტი პროექტიდან ახალგაზრდებმა 5 საუკეთესო იდეა შეარჩიეს და მათ განხორციელებას მხარი დაუჭირეს. ტრადიციულად პროექტის ავტორებს საგანგებო შეხვედრაზე აჯილდოვებენ და სიმბოლურ ჩეკს გადასცემენ. ასე იყო წელსაც.


როგორც „დედოფლისწყაროს ახალგაზრდული იდეას“ წევრმა ზურა გოგოშვილმა გვითხრა, ორგანიზაციის დედოფლისწყაროს კომიტეტიერთერთი წარმატებულია ქვეყნის მასშტაბით. მისი შეფასებით, წლევანდელი წელიც გამორჩეულია, რადგან ჯამში 10 000 ლარამდე დაფინანსება გამოიყო და ასევე წელს პირველად სხვა სპონსორის ჩართვაც მოხერხდა.


წელს ყველაზე მასშტაბური პროექტი სოფელ ხორნაბუჯის რუსულ-ქართულ საჯარო სკოლას შეხვდა. როგორც გაირკვა ევროპის ფონდის გარდა მათ პროექტს კიდევ ერთი სპონსორი გამოუჩნდა. როგორც პროექტის ავტორმა ნინი ვარდაშევმა განაცხადა, ევროპის ფონდმა მათ 800 ლარი გამოუყო, ამას გარდა მათ პროეტს ერთერთი მსხვილი ორგანიზაცია HEKS EPER-ი დამატებით 9 000 ლარით დააფინანსებს და 200 ლარს თავად სკოლა დაუმატებს.



„გვინდა, რომ ინგლისური ენის კაბინეტი კეთილმოვაწყოთ. ხორნაბუჯის სკოლაში ინგლისური ენის კაბინეტი არსებობდა, მაგრამ გაუქმებულია და იქ ერთერთი კლასია შეყვანილი. გვინდა მოხდეს კლასის რეაბილიტაცია და შევიძინოთ მრავაფეროვნებისთვის საჭირო სხვადასხვა მასალა. მიღებული თანხით იგეგმება კომპიუტერული და ელექტრო ტექნიკის, საჭირო სახელმძღვანელოების შეძენა. სხვა პროექტებისგან განსხვავებით ჩვენ რამდენიმე დონორის მოძიება შევძელით და ბედნიერები ვართ, რომ ეს მოხერხდა. ვფიქრობთ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ხორნაბუჯის სკოლას ერთერთი საუკეთესო ინგლისური ენის კაბინეტი ექნება, “ - აღნიშნა ნინი ვარდაშევმა.


ანასტასია ყოჩიაშვილი ქალაქ დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეა. მისი პროექტის მიხედვით მისსავე სკოლაში გეოგრაფიის კაბინეტი უნდა გარემონტდეს. ანასტასია ფიქრობს, რომ კაბინეტის კეთილმოწყობა და მისი თანამედროვე თვალსაჩინოებებით აღჭურვა ამ საგნისადმი მოსწავლეების ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებს და სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება.


„პროექტის განსახორციელებლად 520 ლარი გადმოგვეცა. ჩვენი იდეის მიხედვით, რომელმაც გაიმარჯვა, შეიღებება გეოგრაფიის კაბინეტი. გათვალისწინებულია სხვადასხვა შინაარსის მსოფლიო რუქების, გლობუსის და სხვა ინდივიდუალური სამუშაო მასალის შეძენა. მიგვაჩნია, რომ ამით ჩვენი სკოლის განვითარებაში წვლილს შევიტანთ და დაინტერესებულ მოსწავლეებს დავეხმარებით მრავალფეროვანი და კომფორტული გახდეს მათი სასწავლო პროცესი, “ - აღნიშნავს გამარჯვებული პროექტის ავტორი.


სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის კიდევ ერთი მოსწავლე დიანა ტოროსიანი თანამოაზრეებთან ერთად იმ ფაქტზე წუხს, რომ მათი სკოლის საპირფარეშოებში საშინელი პირობებია. მოზარდები პრობლემამ იმდენად შეაწუხა, რომ გადაწყვიტეს განათლების სამინისტროს ნაცვლად მის მოწესრიგებაზე თავად ეზრუნათ და საჭირო ფინანსებიც დამოუკიდებლად მოეძიებინათ. ამ მიზნით სპეციალური პროექტიც შეადგინეს და ახალგაზრდულ იდეას წარუდგინეს, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა და მრავალწლიანი პრობლემის გადაჭრაც დღის წესრიგში დადგა. დიანა ტოროსიანის პროექტი სკოლის ეზოში მდებარე საპირფარეშოს კეთილმოწყობას ითვალისწინებს.


„საშინლად ცუდი მდგომარეობაა სკოლის საპირფარეშოებში, რაც ყველას გვაწუხებდა. რადგან სკოლამ და სამინისტრომ საჭირო თანხები ვერ გამოძებნა, გადავწყვიტეთ ბავშვებს გვეზრუნა მის კეთილმოწყობაზე. ამჯერად ჩემი პროექტის დაფინანსება საშუალებას მოგვცემს საპირფარეშოში მილები დავამონტაჟოთ და წყალიც შევიყვანოთ. სველი წერტილების კეთილმოწყობა ყველა მოსწავლისთვის მტკივნეული საკითხია და მიხარია, რომ ამის მოგვარებას შევძლებთ. ამისათვის „ახალგაზრდულმა იდეამ“ 777 ლარით დაგვაფინანსა. სკოლამაც გვირჩია, ამ საკითხზე პროექტი დაგვეწერა, “ - აღნიშნავს X კლასის მოსწავლე დიანა ტოროსიანი.


მარიამ ბულუღაშვილის პროექტის მიხედვით დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში ისტორიის კაბინეტის აღჭურვა იგეგმება. მისი თქმით, სკოლაში კაბინეტი უკვე არსებობს და გარემონტებულია, თუმცა მათი დახმარებით სასწავლო პროცესი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. მიზანი კი ისაა, რომ მოსწავლეებმა ჩვენი ქვეყნის ისტორია უკეთ შეისწავლონ და მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ. მათი პროექტი 440 ლარით დაფინანსდა.


დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში ქიმიური ფესტივალი ჩატარდება, თუმცა არა მხოლოდ ამ სკოლის წარმომადგენელთათვის. იდეის ავტორი ამბობს, რომ ფესტივალი ნებისმიერი მსურველისთვის იქნება და მხოლოდ მათ სკოლას არ ეხება.


„ზოგადად ქიმია ისედაც საინტერესო საგანია, მაგრამ გადავწყვიტეთ სასწავლო პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გაგვეხადა. დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩვენ ქიმიური ფესტივალის ორგანიზებას და ჩატარებას შევძლებთ. გვინდა ის, რასაც მოსწავლეები თეორიულად სწავლობენ პრაქტიკულადაც ნახონ და სხვადასხვა ქიმიური ცდები ჩავატაროთ. პროექტის მიხედვით სხვადასხვა რეაქტივების შეძენაც დაფინანსდა, საერთო ჯამში 500 ლარიანი დაფინანსება მოვიპოვეთ. ფესტივალი #1 სკოლაში ჩატარდება, თუმცა, სხვა სკოლებიც დაესწრებიან, ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი იქნება. აქვე დავამატებ იმასაც, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცული იქნება, “ - ამბობს პროექტის ავტორი ნათია თავაძე.


image

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0