პოეზია ვინ იყვნენ ტრუბადურები და რა როლი ითამაშეს მათ საფრანგეთის ლიტერატურულ ცხოვრებაში? 2018, 24 მარტი, 22:17 XII - XIII საუკუნეებში ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა განიცადა პროვანსმა- საფრანგეთის სამხრეთ ნაწილმა. პროვანსელმა პოეტებმა - ტრუბადურებმა შეიმუშავეს გარკვეული პოეტური ფორმები, რომლითაც შეამზადეს ნიადაგი ახალი ევროპული პოეზიისათვის.
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ფორმა სასიმღერო ფორმაა : 1. კანსონა - ანუ კანცონა, პროვანსული ლირიკის მთავარი ფორმაა, ყველაზე მეტად გავრცელებული ლექსი ზოგჯერ რელიგიური, უმთავრესად კი სატრფიალო თემატიკის იყო, იგი ნერგავდა სიყვარულის კულტს და ქალურობის იდეალს, უმღერის ქალის სილამაზესა და სატრფიალო განცდებს. 2. სირვენტა - ეხება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თემებს, პოეტი აქებს თავის სიუზერენს და სატირის იარაღით დასცინის მტრებს. იგი მოიცავს ყოფით თემებზე მიძღვნილ სიმღერებს, აგრეთვე მოიცავს გოდებას. 3. ბალადა - საცეკვაო სიმღერაა, როდესაც თან ცეკვავენ და თან მღერიან. 4. პასტორელა - ლირიკული ნაწარმოებია, რომელიც ყველაზე მეტად ატარებს ხალხურ ნიშნებს. 5. ტენსონა - გალექსილი დიალოგი ორ ტრუბადურს შორის, ან ტრუბადურის საუბარი საკუთარ თავთან და ხანაც საგნებთან. 6. სერენადა - საღამოს სიმღერა, რომელსაც მღეროდა მიჯნური თავისი სატრფოს სადიდებლად და პაემანზე გამოსაძახებლად . პროვანსის აოხრების შემდეგ ტრუბადურთა ერთი მაწილი ჩამოშორდა პოეტურ საქმიანიბას, მეორე ნაწილი ფიზიკურად განადგურდა, ხოლო მესამე ნაწილმა თავი გადაირჩინა ჩრდილოეთ საფრანგეთში, ან გერმანიაში გადასვლით. 252 4-ს მოსწონს
|