x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"მე უბრალოდ შემოქმედების ორივე ამ სფეროსადმი შესაშური ერთგულება გამოვიჩინე."-ცირა ინწკირველი
image


ქალბატონი ცირა ინწკირველი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ბიბლიის სპეციალისტი, რუსთველოლოგი, მთარგმნელი და ჟურნალისტი იყო. მუშაობდა გამომცემლობა "მერანში". თბილისის დამოუკიდებელ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობდა ბიბლიის სახისმეტყველებას. თარგმნილი აქვს-ივნინი, სმირნოვი, კატაევი, დიუმა, ცვატაევა და ბევრი სხვა... ეს თარგმანები სპეციალისტების აზრით, მიჩნეულია თარგმანშედევრებად.


image

ქალბატონი ცირა სადოქტორო დისერტაციის დასაცავად უნდა გამგზავრებულიყო ინგლისში, ოქსფორდის სახელგანთქმულ უნივერსიტეტში, მაგრამ სამწუხაროდ არ დასცალდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაასრულა ორმოც წლიანი ნაშრომი.-"იესო ქრისტეს დიდმშვენიერი დიდება", რომელიც წიგნად გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ.
ასევე, გამოქვეყნებული აქვს გაზეთ "დვრიტაში"-
"იცის თუ არა ვეფხისტყაოსანმა რომ ქართველების უდიდესი ეროვნული საიდუმლო გამოქვაბულშია შენახული?" (გაზ."დვრიტა"1990წ 12 სექტემბერი). "ეს ნაშრომი არ მოიძებნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში რადგან შეცდომით არის მითითებული გაზეთ "დვრიტაში". თუ ვინმემ იცით ამ ნაშრომის შესახებ რამე ან მოიძევთ, გთხოვთ, გაგვაგებინოთ"-მღვდელი პეტრე (ცაბაძე).
ქალბატონ ცირას ჰყავს შვილი, რუსუდანი და შვილიშვილი მიხეილი.
გთავაზობთ, 1996 წლის თებერვლის ნომერში, "ქალთა გაზეთში", გამოქვეყნებულ ცირა ინწკირველის სტატიას, რომლის გაცოცხლება და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა მთხოვა კაცხის სვეტის ბერმა მამა მაქსიმე ქავთარაძემ:
–ქალბატონო ცირა, ცნობილია, თქვენი მშვენიერი თარგმანები და გახმაურებული საკვალიფიკაციონაშრომი რუსთველოლოგიაში. თქვენ რად მიგაჩნიათ თავი, პროფესიონალ მთარგმნელად თუ პროფესიონალ რუსთველოლოგად?
-თუ გულწრფელი ვიქნები, მე ორივე ჩემს ბედისწერად მიმაჩნია და მადლობა ღმერთს, რომ ასეა, მე უბრალოდ შემოქმედების ორივე ამ სფეროსადმი შესაშური ერთგულება გამოვიჩინე. იქნებ ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ რუსთველოლოგობა იგივე თარგმნაა. ამ სიტყვის საღვთისმეტყველო გაგებით!"ვფიქრობ, ორივე შემთხვევაში, როგორც წესი, უტყუარი აღმოჩნდა რუსთაველის დამოძღვრება: "არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა, ზენასა." საკვალიფიკაციო ნაშრომი, რომელიც რუსთველოლოგიაში დავიცავი-"ქრიატიანული მოტივები "ვეფხისტყაოსანში", ჩემი სადიპლომო ნაშრომი იყო, სხვათაშორის დღემდე შენახული მაქვს. სადიპლომო ნაშრომის ანოტაციაში შესულია დისარტაციის სტენოგრამაში, რადგან სამეცნიერო საბჭოს წევრები აღმოჩნდნენ ჩემი ძველი პედაგოგები, რომლებმაც შემირჩიეს თემა და შემდეგ, იმის გამო, რომ მივაფუჩეჩე ძველი ქართული მწერლობა, ცხადია, "ვეფხისტყაოსნის" გამოკლებით და საკვლელი საგანი მთლიანად დასავლეთ ევროპის ლიტერატურაში გადავიტანე, კინაღამ უდიპლომოდ, ესე იგი პროფესიის გარეთ დამტოვეს. სავსებით სამართლიანადაც! რაც შეეხება თარგმანებს, პირადი სურვილით არასოდეს არაფერი მითარგმნია. თუ რამე ვთარგმნე, არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ დაკვეთით, რაც, ალბათ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ არა ვარ მოწოდებით მთარგმნელი. ბედი კი აქაც და იქაც აშკარად მწყალობდა. ამის საბუთია საკვალიფიკაციო ნაშრომის ძირითადი დასკვნები და თარგმანების ჩამონათვალი. მათგან უმრავლესობა გამოქვეყნებულია, ზოგიც-წარმოებაშია.



-თქვენ რომელს გამოარჩევთ?

-მე ყველა მათგანი მახსოვს და მიყვარს. თითოეულს ახლავს საკუთარი მწარე თავგადასავალი. მოგეხსენებათ, ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსვლა მტკივნეული პროცესი გახლავთ, განსაკუთრებით, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ყველა სფეროში ბოგინობს მაფია. მე ხომ ჩემი მშობლების ხათრით არ შევსულვარ ფილოლოგიის ფაკულტეტზე და არც მემკვიდრეობით მიმიღია სამუშაო ადგილი! ლიტერატურული კარიერა საქმეთამმართველობით დავიწყე. სულ მალე რედაქტორად გადამიყვანეს "მერანის", მაშინ "ლიტერატურა და ხელოვნების" მხატვრული თარგმანის რედაქციაში, რომელსაც ბატონი ნიკა აგიაშვილი ხელმძღვანელობდა. პირველი თარგმანიც მანვე დამიკვეთა.


-და მაინც, რომელი გიყვართ განსაკუთრებით?

-შეიძლება გაგიკვირდეთ, განსაკუთრებით მიყვარს ჩეიზის რომანები. მე დეტექტივს არ ვკითხულობ. საერთოდ, ვკითხულობ იმას, რაც სამსახურეობრივი მოვალეობით მეკისრება და იმას, რაც შემოდის ჩემი ინტერესების სფეროში. ამჟამად მაინტერესებს საღვთისმეტყველო ლიტერატურა. დაკვეთაზე თანხმობას იმიტო ვიძლეოდი, რომ, მოგეხსენებათ, რაგვარ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული ჩვენში საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვა, იმისათვის, რომ დამეფარა ეს ხარჯები, 1990 წელს ვთარგმნე ალექსანდრე დიუმას ოცდათექვსმეტ თაბახიანი რომანი "ორი დიანა". ამ რომანის გამოცემამ რუსეთში მრავალმილიონიან ტირაჟებს გაუძლო და სპეციალური პრიზიც დაიმსახურა ("გრაფ მონტე კრისტოზე" უფრო პოპულარულია). რომანის პერსონაჟები არიან საფრანგეთის მეფე ჰენრი მეორე, დედოფლები ეკატერინე მედიჩი და მარიამ სტიუარტი. ფრანგი წინასწარმეტყველის მიშელ ნოსტრადამუსის თარგმანზე სამსახურში ვმუშაობდი და სრულიად მოურიდებლად პირში მითხრეს, რომ არ ვიცოდეთ როდის იყიდე წიგნი (დედანი), არ დავიჯერებდი, რომ ამ დროში ჩაეტიე. გამოცემის ოფიციალურმა რედაქტორმა, სხვათაშორის ცნობილი ლიტერატორია, ხმამაღლა განაცხადა, ეს არის ანტიკვარი თარგმანშიო. ჯერჯერობით ესაა ჩემი ჯილდო არაადამიანური შრომისათვის-ფულადი ანაბარი შემნახველ სალაროში იმსხვერპლა ინფლაციამ, გაკუპონდა. ამჟამად, მზად მაქვს სადიპლომო დისერტაცია, რომლისდაცვას ვაპირებ უცხოეთში, ამიტომ მივიღე "კლასიკას" წინადადება ჩეიზის თარგმანზე. მე გამაოცა ჩეიზმა, რომელიც გამოგიტყდებით წაკითხული არ მქონდა. ჩეიზისათვის, ისევე, როგორც წმიდა ბიბლიის შემქმნელებისათვის, სიცრუე ცოდვაა, მკრეხელობაა. ჩეიზს ჭირისდღესავით ძულს ძალადობა და ახერხებს იმას, რომ ის მკითხველსაც შეაზიზღოს, ისევე, როგორც საღვთო ისტორიაში, მასთანაც ზნეობრივი ნორმებიდან ყოველგვარი გადახვევა უსამართლობაა და თუ ბიბლიაში ასეთი საღვთო შურისგებით ისჯება, ჩეიზთან ყოველი ჯალათი თავისივე ბოროტმოქმედების მსხვერპლის ხელით იღუპება. მწერალი მკითხველს აჯერებს ძნელ სიმართლეში: თუ რომ ამბავი ისე არ მომხდარა, როგორც წერს მწერალი, დანამდვილებით შეიძლებოდა, ასეც მომხდარიყო. ჩეიზს არ სძულს ადამიანი, რაგინდ დაცემულიც იყოს იგი. ამიტომაც, შარშან ყოველ ცისმარე დღე ვისმენდი ლექციების კურსს სპეცფაკულტეტზე და შემდეგ ვაბარებდი სახელმწიფო გამოცდებს, ღამღამობით კი მამლის მესამე ყივილამდე ვთარგმნიდი ჩეიზს, ეს ჯანმრთელობის ფასად დამიჯდა. ძვალრბილსა და მყესებში გამჯდარი ტკივილი მიკარნახებს: ქართველი მკითხველი შეიყვარებს ჩეიზს, შეიყვარებს ჩემსავით. მჯერა, თარგმანი სრულყოფილია, რადგან ვიცი: სრულყოფილება ტანჯვით მიიღწევა.



-რომელი ენიდან თარგმნით?

-ჩემი თარგმანების ორიგინალები ევროპულ ენებზეა გამოქვეყნებული. მე სამეცნიერო სფეროშიც მიხდება უცხოენოვანი ლიტერატურით სარგებლობა, ზოგჯერ სპეციალისტების დახმარებით, ზოგჯერ დაუხმარებლად, ლექსიკონის დონეზე. როგორც ვთქვი, სადოქტორო დისერტაციის დაცვა, უცხოეთში მაქვს გადაწყვეტილი და რადგან ეს საქმე ძალიან სერიოზულ საქმედ მესახება, უარი ვთქვი თარჯიმანზე, წელს ოფიციალურად ვსწავლობ ინგლისურ ენას უცხო ენების შემსწავლელ კერძო ცენტრში, კვირაში სამჯერ, ოცი წლის თანაჯგუფელებთან ერთად და არცერთი გაცდენილი გაკვეთილი! მე ავიღებ საერთაშორისო სერთიფიკატებს, რომლებსაც ფლობს აღნიშნული ცენტრი, რა მონურ შრომადაც არ უნდა დაჯდეს ეს. არის შეღავათიც: როგორც რელიგიის სპეციალისტი, იმ აზრის ვარ, რომ არსებობს თეოლოგიური ენა და ამ ენის კანონების ცოდნა აადვილებს ნებისმიერი უცხო ენის დაუფლებას, როგორც პრაქტიკის სტილისტს, ხშირად შუამავალი ენის გარეშე მისწორებია ფრანგული, ინგლისური, ბერძნულენოვანი ტექსტები. მახარებს ის ფაქტი, რომ მრავალი წლის პრაქტიკაში ლაფსუსი არ დაფიქსირებულა.


-მე ახლა ხელთა მაქვს მარინა ცვეტაევას ლექსების თქვენი თარგმანი, "მერანის" გამოცემა. სასაჩუქრო გამოცემა-ასე არ არის? რას იტყოდით თქვენს ამ თარგმანზე? მარინა ცვეტაევა ხომ უთარგმნელ პოეტად ითვლება, ეს ხომ პოეტის პირველი ქართული თარგმანია? ახალგაზრდობას განსაკუთრებით უყვარს თქვენი ეს წიგნი.

-უპირველესყოვლისა, მადლობა თქვენ ინფორმაციისა და თბილი სიტყვებისათვის. მარინა ცვეტაევა ანა ახმატოვასთან ერთად ის პოეტია, რომლის პოეზიას რადიოსადგური "გერმანული ტალღა" ჩურჩულით კითხულობდა და მეოცე საუკუნის პოეზიის მწვერვალი უწოდა. ზემოთ რაც ითქვა გენიასა და თAვისუფლებაზე, ვფიქრობ, სრულად მიესადაგება ორივეს, რადგან არც ერთსა და არც მეორეს, როგორც ცნობილია უსასტიკეს დროში-პოეტი მას რკინის დროს უწოდებს-კონიუნქტურა არ დაუშვია. საკუთარი პოზიცია მარინა ცვეტაევას სიცოცხლის ფასად დაუჯდა, მის პოეზიასთნ შეხება ამიტომაც მოითხოვს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და სინდისიერებას. პირდაპირ ვიტყვი: თავშიც არ მომივიდოდა აზრად მეთარგმნა მარინა ცვეტაევა და ისიც-ლექსები, საქვეყნოდ ცნობილი თეთრგვარდიული ციკლი, ისიც-გამოქვეყნებისთანავე. ჟურნალი, სადაც გამოქვეყნდა აკრძალული ლექსები მომიტანა ჩემი განყოფილების გამგემ და მთხოვა გამეკეთებინა პწკარედი. მახსოვს, ის დღე პარასკევი იყო, მითხრა, ორშაბათშ გადაბეჭდილი უნდა მქონდესო. ასე, რომ თარგმანი ორ დღეში, ერთი ამოსუნთქვით შესრულდა. ორიგინალი იქვე გადავიკითხე და ვუთხარი: მე ისე გავაკეთებ, ქართველი მკითხველი მიხვდეს, რომ ცვეტაევა გენიალური პოეტია-მეთქი. ვერ გააკეთებო მიპასუხა. თარგმანი თავდაპირველად მანვე გამოაქვეყნა ალმანახ "ამირანში". დამკვეთს პწკარედი სურდა და ჩემს მიერ შესრულებულ სამუშაოს მეც პწკარედი დავაწერე, მაგრამ ეს უკმარი აღმოჩნდა. თარგმანის პირველ გამოცემას ახლავს გამომცემლისა და რედაქტორის შენიშვნა: "თარგმანს, რასაკვირველია, არა აქვს მხატვვრულობის პრეტენზია. ეს არის ცვეტაევას ე.წ. "თეთრგვარდიული" დღემდე აკრძალული, ლექსების გამოქვეყნებით მოგვრილი სიხარულის გამოხატვა, ამ ლექსების პირველი წაკითხვა..." მეწყინა, მაგრამ არაფერი მითქვამს, თარგმანი ოფიციალურად ჩავაბარე "მერანის" ადმინისტრაციას და მოვითხოვე შესაფასებლად გადაეცათ რუსულენოვანი გამოცემების რედაქციისათვის. პროფესიონალების ერთსულოვანი შეფასება იმდენად მაღალი დონისაა, რომ მე აქ უბრალოდ მეუხერხულება ოფიციალური რეცენზიის დამოწმება. თარგმანი ცალკე წიგნად გამოვეცი საკუთარი ხარჯით გამოცემის რედაქციაში.



მოცემული მონაკვეთი ინტერვიუს მეორე ნაწილია, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ მის ბოლო, მესამე ნაწილსაც.

ქალბატონი ცირა ინწკირველის ნაშრომები, კვლევები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ, რადგან ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლოს მისი წაკითხვა, გააზრება, შესწავლა.

პირველი ნაწილი განთავსებულია მოცემულ ბმულზე:

"თავისუფლების განმარტებისათვის უნდა გვახსოვდეს მოციქულთა სწავლება: უფალი სულია და იქ, სადაც უფლის სულია, თავისუფლებაა."-ინტერვიუ რუსთველოლოგ, ბიბლიის სპეციალისტ ქალბატონ ცირა ინწკირველთან


0
222
9-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0