x
რიტორიკა. საჯარო გამოსვლა და მისი ძირითადი სახეები
image
რიტორიკა, ანუ მჭევრმეტყველების თეორია, არის მოძღვრება საჯარო გამოსვლის, ისტორიული ხელოვნების წესებისა და კანონების შესახებ. იგი წარმოიშვა საბერძნეთში და თავდაპირველად მისი მთავარი დანიშნულება დარწმუნება იყო, მოგვიანებით კი რიტორიკა მჭევრმეტყველების ხელოვნებად იქცა.

თუ გვინდა, რომ სწორად ვიმეტყველოთ და ვწეროთ მხოლოდ გრამატიკულად გამართული ლაპარაკი არ კმარა. აუცილებელია ვისაუბროთ გასაგებად, დამაჯერებლად და მწყობრად, ეს ყოველივე მსმენელს აიძულებს დაეთანხმოს ჩვენს მოსაზრებებს. რიტორიკის მთავარი ფუნქციაც ესაა, გვასწავლოს, თუ როგორ გამოვხატოთ დამოუკიდებლად და ორიგინალურად საკუთარი აზრები, თუ როგორ გავაკეთოთ სწორი დასკვნები, ავხსნათ და დავასაბუთოთ ჩვენი პოზიცია.

ყოველ ჩვენგანს, ერთხელ მაინც, გამოუცდია რა არის დიდი აუდიტორიის წინაშე საუბარი თუ რა სირთულეებთანაა ის კავშირში.

ნებისმიერი ორატორისთვის, როდესაც ის ემზადება გამოსასვლელად, მნიშვნელოვანია, რომ მის გამოსვლას, რაც შეიძლება მეტი მსმენელი დაესწროს. რა თქმა უნდა, ყოველი საჯარო გამოსვლისთვის მზადება იწყება თემის ფორმულირებით, ამიტომაც, რაც უფრო გასაგებად, მარტივად და ლაკონურად არის ჩამოყალიბებული ლექციის სათაური, მით მეტ მსმენელს მიიზიდავს იგი. დიდი და რთული სათაურები ღლის მსმენელს და მოსმენის სურვილს უკარგავს. მაგალითად, სპეციალისტის გარდა, ვინ მივა ლექციის მოსასმენად, რომლის სათაურია „დინამიკური კითხვის, როგორც ფსიქოლოგიური პროცესის ზოგიერთი ასპექტი“, ან „ფოტოსინთეზი და ბიოქიმიური პროცესები ოთახის მცენარეების ცხოვრებაში“? მაგრამ თუ ამ მოხსენებებს დავასათაურებთ ასე: „როგორ ვისწავლოთ ასი გვერდის წაკითხვა ერთ საათში“ ან „გინდათ, რომ თქვენს ოთახში მცენარეები აყვავდნენ?“ მსმენელი საკმაოდ ბევრი იქნება.


საჯარო გამოსვლის წინ აუცილებელია განისაზღვროს გამოსვლის ფორმა. ეს შეიძლება იყოს მონოლოგი, სადაც მხოლოდ ორატორი ლაპარაკობს, დიალოგი და ფიქციური დიალოგი. მონოლოგი, შეიძლება ითქვას, საუკეთესო ფორმაა ლექციისთვის. დიალოგში, მონოლოგისგან განსხვავებით, ჭეშმარიტების დადგენა ხდება ორი ან მეტი მოსაუბრის მიერ. ამ დროს მსმენელები კითხვებს უსვამენ ერთმანეთს და ზოგჯერ ეკამათებიან კიდეც გამომსვლელს. ასევე არსებობს ე.წ. ფიქციური დიალოგი, როდესაც ორატორი საკუთარ თავს უსვამს შეკითხვას, თითქოს ამ კითხვას მსმენელები სვამენ და თვითონვე პასუხობს მას. მაგალითად: „თქვენ შეიძლება მკითხოთ: „რაში გვჭირდება ორატორული ხელოვნება? ბევრი მშვენივრად ცხოვრობს მის გარეშეც“. მე გიპასუხებთ: „თუ არ გეცოდინებათ ორატურული ხელოვნების წესები და კანონები, თუ არ გექნებათ ორატორული უნარ-ჩვევები, თქვენ ძნელად მიაღწევთ წარმატებას ცხოვრებაში“. ასეთი დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ორატორი ჩათვლის საჭიროდ. გასაზღვრული დრო არ არსებობს.

ძირითადად, საჯარო გამოსვლებში გამოიყენება მონოლოგის ფორმა. მისი ნაირსახეობებია: ლექცია, მოხსენება და სიტყვა.

  • ლექცია- არგუმენტების მოშველიებით ცოდნის სისტემური გადმოცემა. იგი, ჩვეულებრივ, 45-60 წუთს გრძელდება. სასწავლო დაწესებულებებში კითხულობენ სალექციო კურსებს, რომლებშიც ლექციები გაერთიანებულია იმ მიზნით, რომ მსმენელმა აითვისოს ესა თუ ის მასალა ან დისციპლინა.
  • მოხსენება- ეს არის სამეცნიერო კონფერენციაზე, კრებაზე ან თათბირზე საჯარო გამოსვლის ფორმა. მოხსენებით შესაძლოა წარდგეთ სამეცნიერო საზოგადოების წინაშე.
  • სიტყვა- ეს არის საჯარო გამოსვლის ისეთი ფორმა, რომელსაც ძირითადად საპროგრამო ხასიათი აქვს. სიტყვა შეიძლება იყოს პოლიტიკური, სააგიტაციო, მიტინგისთვის განკუთვნილი.
  • პოლიტიკური სიტყვა შეიძლება წარმოთქვას პარტიის ლიდერმა და მასში წარმოადგინოს პარტიის პროგრამა, სააგიტაციო სიტყვა - რომელიმე საზოგადოების წარმომადგენელმა და კერძო საკითხები განიხილოს, სამიტინგო სიტყვაში კი შესაძლოა წამოჭრილი იყოს საზოგადოების საჭირბოროტო პრობლემები.

საჯარო გამოსვლის ტიპური მოდელი ოთხი ელემენტისგან შედგება:

  • ინფორმაციის გადამცემი (ორატორი)
  • ინფორმაცია (სიტყვა)
  • ინფორმაციის მიმღები (აუდიტორია)
  • უკურეაქცია
გამოსვლის წარმატებას განაპირობებს თითოეული მათგანი. ასევე აუცილებელია წინასწარ დავადგინოთ აუდიტორიის შემადგენლობა (ასაკი, სქესი, განათლება, აუდიტორიის დამოკიდებულება საკითხის მიმართ). მეტად მნიშვნელოვანია ობიექტური, შემოწმებული ინფორმაციის გამოყენება. გარდა ფაქტებისა და არგუმენტებისა, საკმაოდ დიდი ყურადღება ეპყრობა თავად ორატორის მიმიკებს, ქცევებსა და ინტონაციას, ეს ყოველივე მის ურთიერთობას აუდიტორიასთან უფრო ცოცხალს გახდის, რაც ხელს შეუწყობს მსმენელისა და პრეზენტატორის დაახლოებას.

ყოველი ჩვენგანი, რა თქმა უნდა, ღელავს გამოსვლის წინ და ცდილობს ყოველივე ელემენტარულის გათვალისწინებას. ეს სწორიცაა. შეიძლება, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალიც კი მნიშვნელოვანი იყოს მსმენელისათვის. შესაბამისად, ორატორმა სწორად უნდა შეარჩიოს ტანსაცმელი, ვარცხნილობა, მაკიაჟი და სხვა. გარეგნობასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია შინაგანი განწყობა და გულწრფელობა საუბრის დროს. გამომსვლელის სახე ყოველთვის იმასვე უნდა გამოხატავდეს, რასაც წარმოთქვამს. მიმიკა უნდა შეესაბამებოდეს ემოციებს.

საბოლოო ჯამში, ყველა საჭირო წესის დაცვით, ჩვენ შევძლებთ სწორად ვმართოთ აუდიტორია და მივაწოდოთ მათ ჩვენი აზრი არგუმენტირებულად.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი

მარიამ გურგენიძე

0
775
შეფასება არ არის
ავტორი:გურგენიძე მარიამ
გურგენიძე მარიამ
775
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0