x
image
მაიკო ქავთარაძე
"თავისუფლების განმარტებისათვის უნდა გვახსოვდეს მოციქულთა სწავლება: უფალი სულია და იქ, სადაც უფლის სულია, თავისუფლებაა."-ინტერვიუ რუსთველოლოგ, ბიბლიის სპეციალისტ ქალბატონ ცირა ინწკირველთან
ქალბატონი ცირა ინწკირველი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ბიბლიის სპეციალისტი, რუსთველოლოგი, მთარგმნელი და ჟურნალისტი იყო. მუშაობდა გამომცემლობა "მერანში". თბილისის დამოუკიდებელ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობდა ბიბლიის სახისმეტყველებას.


image

სიმართლე გითხრათ, ჩემდა სამწუხაროდ, ქალბატონი ცირა ინწკირველის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. მასთან ინტერვიუ ჩაწერილი ჰქონდა "ქალთა გაზეთს" 1996 წლის თებერვლის გამოცემაში. კაცხის სვეტის ბერმა მამა მაქსიმე ქავთარაძემ მთხოვა ამ ინტერვიუს გაცოცხლება, თანამედროვე მკითხველისათვის გაცნობა, რადგან ქალბატონი ცირა, მართლაც, ძალიან განათლებული, ნიჭიერი პიროვნებაა. ამაში თავად დარწმუნდებით.

გთავაზობთ ინტერვიუს:



-ქალბატონო ცირა, გთხოვთ მიამბოთ ცოტა რამ თქვენს შესახებ.

-თქვენსავით, მეც ჟურნალისტი ვარ და გამოგიტყდებით, ინტერვიუს მიცემაზე უფრო აღება მეხერხება. თქვენმა კითხვამ გამახსენა უკანასკნელი შეხვედრა ახალბედა ჟურნალისტთან, დიპლომს ამზადებდა და უარი ვერ ვუთხარი. სხვათაშორის იმ ყმაწვილმა ქალმა ვერ მოახერხა მასალის გამოქვეყნება, რედაქციაში ჩაბარებული პირი დაუკარგეს და ვეღარც მე მივაგენი ჩემსას. პასუხებიც, ალბათ, მსგავსი გამომივა, რადგან თქვენც სიმართლე უნდა გითხრათ და სიმართლე ვუთხარი იმასაც, ხოლო სიმართლე, ცნობილია, ცალსახაა. მრავალი სახე მხოლოდ სიცრუეს აქვს.

დავიბადე იმერეთში, ჭიათურაში (დედულეთში), პაპის, ყოფილი აღმასკოვის თავმჯდომარის ოჯახში. ბებია მზარეულად მუშაობდა საბავშვო ბაღში, თავის ხელობას შემოქმედებითად ეკიდებოდა. მოგეხსენებათ, ჭიათურამარგანეცის საერთაშორისო სარეწების ცენტრი იყო, როცა ბაბუას საზღვარგარეთიდან ეწვეოდნენ სტუმრები, სუფრას მუდამ ბებიას გაამზადებინებდნენ ხოლმე. ბებია მთელ ჭიათურაში იყო ცნობილი თAვისი ქველმოქმედებით, როცა და გარდაეცვალა, ექვსივე დისწული შინ მოიყვანა და დაზარდა. ბაბუას უჩიოდა, ბინა არ მომცა შვილები სარდაფში დამაზრდევინაო. სწორედ იმ სარდაფში დავბადებულვარ. ოღონდ, ჩემთვის დღესაც ძნელი დასაჯერებელია, რომ აივნიანი, მიწისპირა, დაბალი ტიხარნით შუაზე გაყოფილი დარბაზი, სადაც ფიცრის შეუღებავი იატაკი ყოველ ცისმარე მავთულის ბადით იხეხებოდა და ზაფხულობითაც გიზგიზებდა თეთრად შეფეთქილი ბუხარი, სინამდვილეში მართლა სარდაფი იყო. ბაბუას ძველი ბინა ახლახანს დაანგრიეს და სხვენში საგულდაგულოდ გადამალული, დაშლილი. შეზეთილი შაშხანა იპოვეს. ბაბუა წითელი კომისარი იყო და, როგორც ჩანს, ძველი საბრძოლო მეგობარი, რომელთAნაც, ვინ იცის, როგორი მოგონებები აკავშირებდა, ვერ გაუმეტებია შეუნახავს.

ბავშვობა სანახევროდ ჭიათურაში, სანახევროდ კი გურიაში, ბახმაროს ძირში გაშენებულ მამის ულამაზეს სოფელში გავატარე. მამაჩემის მამას, გიორგი ინწკირველს ვიცნობ მხოლოდ სურათით. ბაბუა ბათუმში მსახურობდა თურმე, საქართველო-იტალიის სანაოსნოს პრეზიდენტი ყოფილა.



-დღეს ჩვენში ბევრი იმ აზრს ადგას, რომ საქართველოს არასოდეს ყოლია ფლოტი. თქვენ როგოგრ ფიქრობთ, მართალია?

-სახელმწიფოებრიობის ნიშანი, ფლოტი, ცარიზმის კლანჭებს ვერ გადაურჩებოდა. წარსულში საქართველოს არათუ ჰყავდა ფლოტო, არამედ ნაოსნობა ქართველთა წინაპრების თავდაპირველი ხელოვნებაა. ბიბლია მოგვითხრობს, რომ თარშის კიტელნი ზღვის კორომებში ისე ლაღად გრძნობდნენ თავს, როგორც ფრინველები-ცაში. ისინი იაფეტიდები იყვნენ, ხოლო იაფეტისაგან წარმომავლობას ქართველ ხალხს ოფიციალურად აძლევს წყაროები. პირველ ცნობებს ზღვაოსან კოლხებზე გვაწვდიან ფინიკიელები. მართალია, მათ ჩვენამდე ვერ მოაღწიეს, მაგრამ ციტატებად შემორჩნენ ანტიკურ ავტორთა თხზულებებს. თუ წყაროები სპეციალურად არ წერენ ფლოტზე, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველებს ფლოტი არ ჰყოლია. ვიდრე არ მივხვდებით იმას, რომ საქართველლო უამბობელ ამბავთა და გამოუცნობ გამოცანათა ქვეყანაა. ქართული სულის ისტორია ვერ დაიწერება და ვერც ქართული ფლოტისა, ცხადია.

მეცნიერებაში უძველესი დროიდან აღიარებულია აზრი, რომელიც არ ეკუთვნის ქართველ მეცნიერებს, არამედ ევროპელ და მსოფლიო გამოჩინებულ ორიენტალისტებს და ფიზიკოსებს, ისინი წერენ, რომ ქალდეველები თურქეთის მიერ მიტაცებულ ზღვისპირა ტერიტორიაზე მცხოვრები ლაზები, შორ მანძილზე ცურვის დროს იყენებდნენ ციური სხეულების განლაგებას, რომლის მიხედვითაც მოძრაობის მიმართულებას არკვევდნენ. სხვათა შორის, მე დამოუკიდებლად მივედი იმ დასკვნამდე, რომ ბიბლიური ეთნიკური ტერმინი "ქალდეველი" რომლითაც კანონიკურ ტექსტებში აღინიშნება წინასწარმეტყველების, აბრაამისა და დავითის მოდგმა, სხვა სიტყვებით, იესო ქრისტეს ხორციელი გენეალოგია, იდენტიფიციდება ტერმინთან "ლაზი" და ჩემდა სასიხარულოდ, მამტკიცებელ საბუთს შემდეგღა მივაკვლიე, ტერმინს "ქალდეველი" ანტიკური ავტორები აიდენტიფიცირებენ "ხალიბთან"-მეცნიერებაში დამკვიდრებული აზრით, "ხალიბი" ქართველური ტომია.

ქართველებს რომ უხსოვარი დროიდან მრავალრიცხოვანი ფლოტი ჰყავდა, ამის შესახებ ცნობას გვაწვდის "არგონავტიკა". ამ ეპოსის ავტორი ქართველი არ არის, ბერძენია. აპოლონიოს როდოსელის მიხედვით, კოლხთა უფლისწული აფსირტე, ჰელიოს-მზის შვილიშვილი, ადმირალია. ოქროს საწმისის და მედეას გამტაცებელ არგოს აფსირტე, თავისი ფლოტით, მოკლეზე მოუჭრის გზას და ჩაიჭერს კრონოსის ზღვაში. მუხანათობა რომ არა, მედეას არ ასცდებოდა დაბრუნება მამასთან, რომელიც, უეჭველია, შვილს უსასტიკესად დასჯიდა. ბერძენი მწერალი წერს, რომ ხეთა ფოთლებზე უმრავლეს კოლხთა იალქნიან ნავებს თეთრად გადაეპენტა კრონოსის ზღვა. ეს დრო საქართველოში ცნობილია მამასახლისების დროდ, თეიმურაზ ბატონიშვილის "ისტორიაში" შენახულია არგონავტების თქმულების ქართული ვარიანტი, რომლის მიხედვით, აიეტი კოლხეთის მეფე კი არ არის, ერთ-ერთი მამასახლისია. მისი სატახტო ქალაქი ყოფილა კვიტაია ანუ ქუთაია.

არგონავტების თქმულებაზე უფრო ძველი ისტორიით "ვეფხისტყაოსნის" ტექსტით (იგი ქართველების ბიბლიური ისტორიაა) ქართველებს ჰყავდა ფლოტი. ვეფხისტყაოსანი მოყმე ტარიელი, როგორც ვიცით, ამირბარია, რაც ნიშნავს ადმირალს. უფლოტო ადმირალი ვის გაუგონია...


-ქალბატონო ცირა, რომელიმე ფერი თუ გიყვართ გამორჩეულად?

-იისფერი ბიბლიური სახისმეტყველებით ქრისტეს რელიგიური სიმბოლოა. მისივე სიმბოლოებია ვარდი და შროშანი. ია მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ემბლემაა. ხახულის კარედის ოქროჭედურობაში ჩასმულმინანქრის მედალიონზე მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს იისფერი ქიტონი მოსავს. ძველთუძველეს ხალხურ პოეზიაში ჩვენი ხალხი იას მიწის ვარსკვლავს უწოდებს. საბა განმარტავს, რომ კანონიკურ "ალილუიაში" შესული ია არის უფალი. ბიბლიის ქართველი მთარგმნელები და ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიული ძეგლების ავტორები მხოლოდშობილის შესატყვისად თანხმიურად ხმარობენ უძველეს ქართულ სიტყვას "იამავარს". სიტყვით "იამავარი"-ია მე ვარ-აღინიშნება დედისერთა ვაჟიც და ქალიც, ისევე, როგორც ქართულ ყოფაში ია ცნობილია როგორც ქალის, ასევე ვაჟის სახელად. "რიგვედის" მიხედვით იისფერი არის ფერი ვედრების. იისფერი ღმერთისმიერი სასწაულის ცისარტყელას დასკვნითი ფერია. "ვეფხისტყაოსნის" ტექსტით, იისფერი ზღვათა მეფის მელიქ სურხავის სამეფო კარის გლოვის ფერია. საღვთისმეტყველო განმარტებით მელიქი სიონის სისხლის მეფეს ნიშნავს. როცა ზღვათა მეფის სასახლიდან საპატარძლოდ გამზადებული ნესტანი მსახურის სამოსელით გაიპარება, ვარდის ქალაქის დიასახლისის ფატმანის პირით რუსთაველი ბრძანებს: "მას აქათ იგლოვს ხელმწიფე, სხედან ისფრითა ღებულნი", ორთოდოქსული იუდაიზმის ძეგლის "აგადის" მიხედვით, იიისფერი ძმის ხელით მოკლული აბელ ალალმართალის ფერია. ძველებრაული ეტიმოლოგიით აბელი გლოვას ნიშნავს, ამდენად, საღვთო ისტორია ფერთა სიმბოლიზმითაც გვიმხელს უძველეს ხალხთა საიიდუმლოს. ეს ქალდეველთა თავდაპირველი ხელოვნება გახლავთ. ესაა დასაბამიერი ხალხი, რომელსაც მეცნიერებმა პირობითად უწოდეს შუმერი. შუამდინარეთის წყაროებში ეს ხალხი "იეშუნერად" იწოდება, რაც შესაძლოა წალითხული იქნეს, როგორც ია, ისევე, როგორც "იბერია".


-გამორჩეულალად როგორი სამოსელი, რომელი კერძი, რაგვარი სანახაობა გიყვართ?

-ვერ ვიტყვი, ოდესმე განსაკუთრებულად ციცმევდიმეთქი, ძალიან ადრე, ჩემს თანატოლებში პირველი მე გავთხოვდი და მე ვიყავი უბიუჯეტო ოჯახის დიასახლისი. კვლევები რუსთველოლოგიაში აუარებელ სახსრებს ნთქავდა, დამხმარე კი არ მყოლია. სანუგეშოდ ის მაქვს, რომ თავი მოვუყარე უნიკალურ სპეციალურ ლიტერატურას. იქნებ, ირწმუნოს მომავალმა თაობამ ილიას სიტყვები, რომ ყველა ერს მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს თავისი ვინაობა და ღირსება, უსასყიდლოდ გადავცემდი მათ ჩემს ბიბლიოთეკას...

ყველაფერს ვერც ადრე ვიცვამდი და ვერც ახლა ჩავიცვამ. მე მუდამ მაქვს საჩქარო სამუშაო, მახასიათებს, რომელიმე ერთი ხელი ტანსაცმლის ამოჩემება, სარკეში კარგა ხანია არ ჩამიხედავს. მახსოვს, ერთხელ თანამშრომლებმა მკითხეს: მაინც როგორ ახერხებ, ამდენ ხანს კაბას ლაქა არ დაემჩნეს და უსუნო ყვავილად დარჩეო" არანაირი სუნამო არ მიყვარს... ერთხელ, ახალი კაბა ჩავიცვი და სამსახურში მისვლამდე სამი ნაცნობი შემხვდა-ორი პოეტი და ერთი კრიტიკოსი, ერთი სიტყვით მწერლები. სამივემ მკითხა: "სად მიდიხარ შენ ანა კარენინას კაბით?" ძნელი წარმოსადგენია, ანა კარენინას ისეთი კაბა სცმოდა, ის იყო ჩემი კაბა და ჩვენ ერთად დავბერდით. ყველაფერს ვერ წავილითხავ, ყველაფერს ვერ მოვისმენ, ყველაფერს ვერ ვუყურებ, ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, ძალზე ბევრი რამისადმი საერთოდ გულგრილი ვარ, მაგრამ თუ მიყვარს, მიყვარს, ყველაფერს ვერ ვჭამ, მაშინაც კი, როცა მდგომარეობაზე ზედგამოჭრილია რუსთაველის სიტყვები: "თუმცა მხეც ქმნილი ავთადილ გულ-ამოსკვნით და კვნესით-ა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომის წესითა"... თუ არ ვცდები, ჩემს აზროვნებას თქვენ უწოდეთ "კომპიუტერული აზროვნება" ჰოდა, როდესაც კომპიუტერი ჯიუტად ითხოვს საწვავს, აუცილებლად მესაჭიროება ტკბილეული. ძალიან მიყვარს ქართული გოზინაყი...

რაგვარი სანახაობა მიყვარს? მზის ჩასვლა, ოღონდ, ზღვაში. ერთხელ ქობულეთის პლაჟზე სანატორიუმის ქვის პარაპეტზე მარტოკა იმდენხანს ვმჯდარვარ ძოწისფერი დაისის ცქერით გართული, რომ პირველი სართულის პალატის ფანჯრიდან დამსვენებელმა რუსულად დამიძახა: "ქალიშვილო, ეგრე მოკვდები იცოდე..." მიყვარს მზის ამოსვლის ყურება. ნებისმიერი ადგილიდან, როცა მეუფე ცისა და ბედისა, ძე ღვთისას კანონიკური ხატი, მნათობი მზე ვარდისფრად ღებავს ცის ტატნობს. განსაკუთრებით მიყვარს, აგრეთვე, ძოწისფერი, ბიბლიაში და "ვეფხისტყაოსანში" ქართველურ ტომთა რელიგიური სომბოლოა.


-ღირებულებათაგან რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

-ყველანაირ ღირებულებათაგან ჩემთვის ფასეულია სულიერი ღირებულებანი, სულიერ ღირებულებათა შორის კი ზნეობა, რადგანაც ის უმდგრადესია მათ შორის, ყველაფერი ფასეული ზნეობაზე შენობს ამ, და იმქვეყნადაც. უსამართლობას, რომელიც ბოროტების ბუდეა, მხოლოდ ზნესრული ადამიანი დაგმობს და განუდგება მაშინვე, რაგინდ ძლევამოსილიც არ იყოს ის ჟამიერად.


-პირადად თქვენ რას ეძახით უსამართლობას?

-ზნეობრივი ნორმებიდან ყოველგვარი გადახვევა უსამართლობაა. ბიბლიური ისტორიია გვასწავლის, რომ ის საღვთო შურისძიებით ისჯება და აღიკვეთება. ღვთის შურისგება ფერად ძოწისფერია, რადგან მეწამული ფერი, რომლის მზრდელია ცთომილი მზე, ისე, ვით ეს "ვეხისტყაოსანშია" ნათქვამი ("მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ეზარდებოდა") მზის სახელთან ერთად ძე ღმერთის რელიგიური სიმბოლოა. ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფა იწვევს პიროვნების, ერის დეგრადირებას, სახელმწიფოებრიობის კვდომას, ცივილიზაციების დასამარებას, ყოფის გაუკუღმართებას, თავისუფალთა მონებად გადაქცევას. ჟან ჟაკ რუსოს სიტყვით, თავისუფლების გარეშე დარჩენილი ერი მკვდარია და იგივე ითქმის სახელმწიფოზეც.


-თავისუფლების ფენომენიც სარწმუმოების სფეროს განეკუთვნება?

-ეს ყოველგვარი ეჭვგარეშეა. თავისუფლება არის პიროვნული თვისება ცოცხალი ღვთისა. ღმერთს ის ახასიათებს ბუნებითად, ადამიანს კი მიენიჭება მადლით. ისევე, როგორც აზროვნება, ენერგია, შემოქმედებითი ნიჭი და უნარი და რიგი სხვა თვისებანი, რომლებითაც ადამიანი ემსგავსება ღმერთს. ამას წინათ, პოპულარულ ტელეპროგრამაში გენიის ცნების განმარტება თხოვეს თანამედროვეობის გამოჩენილ ხელოვანს, რუს პიანისტს ნიკოლოზ არნოლდის ძე პეტროვს. კითხვას მან ერთმნიშვნელოვნად უპასუხა: გენია არის თავისუფლება! ამიტომაც არის უკვდავება გენიოსთა წილხვედრი. დავსძენდი, რომ გენია, ანუ თავისუფლება დამიანს ღვთისგან ენიჭება პოზიციისათვის, რომელსაც წინასწარმეტყველური სიბრძნე ამგვარად აყალიბებს: რომელი იქმოდეს თვისსა ქუეყანასა, განძღეს პურითა." გასაგებია, ვგონებ, რომელ პურზეცაა აქ საუბარი. ამავე პოზიციაზეა დამოკიდებული ღვთისგან პიროვნებისათვის (ერისათვის) მომადლებული უნარი გენიის, თავისუფლების რეალიზაციისა. ცნობილია ისიც, რომ ხსენებული პოზიციისაგან განდგომა შემოქმედებითი უნაყოფობით ისჯება. "და ასწავებდნენ აზნაურობითსა ხელოვნებასა ქუცრუმნი"-ასე ნათქვამი უძველესი ქრონიკების საფუძველზე დაწერილ თეიმურაზ ბატონიშვილისსაქართველოს ისტორიაში. ძველ ქართულში აზნაურება თავისუფლებას ნიშნავს, ხოლო დამოწმებული ცნება იმის საბუთია, რომ ამ ხელოვნებას საქართველოში ღვთისმსახურნი ასწავლიდნენ. ჩვენში ფეხმოკიდებული თვალსაზრისი მცდარად განმარტავს თავისუფლების ცნებას, თითქოს თავისუფალი არის ის, ვინც თვითონ არის საკუთარი თავის უფალი და რომ თითქოს, ქართული სიტყვა თავისუფლებისათვის ყოველგვარი განმარტების თვინიერ, ეტიმოლოგიურად გამოხატავს ამ აზრს. თავისუფალი ის კი არ არის, ვინც თვითონ არის თავისი თავის უფალი, არამედ ის, ვინც არის თავის უფალთან, ვინც ცხოვრობს ღმერთში და ღმერთით ცოდვითდაცემა ღმერთისმიერი სარისკო საჩუქარის, თავისუფლების შედეგია, მაგრამ თავისუფლება არსთა უმაღლესი თვისებაა. თავისუფლების განმარტებისათვის უნდა გვახსოვდეს მოციქულთა სწავლება: უფალი სულია და იქ, სადაც უფლის სულია, თავისუფლებაა. მატერიალიზაცია უფლის სულისა არის მეფეთა პორფირი, ქართულად ძოწეული. "ადამიანი მეფეთა მეფის"-იესო ქრისტეს საკუთარი სამოსელი, რადგან ქრისტემ საკუთარი იდეებისათვის წინასწარმეტყველთა თეთრი ბისონი, არა სხვათა, არამედ საკუთარი სისხლით შეღება. იდეისათვის, არა სხვები, არამედ თავი გაიღო მსხვერპლად და გვასწავლა, რომ გამარჯვების საწინდარია წამების ეკლის გვირგვინი. მაშასადამე, ყველა იმ გვირგვინსა და უკვდავთა დიადემებს შორის, მათ შორის იის დიადემაზე ძვირფასი ეკლის გვირგვინი ყოფილა. ეკლის გვირგვინი არის ყველა გვირგვინზე ნიშნადი, რომლითაც ოდესმე შეუმკიათ მონარქთა თავები. და იგი, როგორც ცნობილია, იესო ქრისტეს ატრიბუტია.


პ.ს. ინტერვიუ საკმაოდ ვრცელია, ამიტომ გადავწყვიტე რამოდენიმე ნაწილად გამეყო, ეს მხოლოდ პირველი ნაწილია!.. ქალბატონ ცირა ინწკირველთან კი ეს ინტერვიუ მოამზადა ნანა გოგუაძემ 1996 წელს.

















0
150
7-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0