სხვა "ლუკა რაზიკაშვილიდან ვაჟა-ფშაველამდე"- ეთერ თათარაიძის საჯარო ლექცია 2018, 22 თებერვალი, 14:59 ![]() წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია "ლუკა რაზიკაშვილიდან ვაჟა-ფშაველამდე", ლექცია წაიკითხა პროფესორმა ეთერ თათარაიძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქართული ფოლკლორული ნიმუშების მკვლევარმა და პოეტმა. მან შესანიშნავად იცის ვაჟა-ფშაველას ცხოვრების განვლილი გზა, მთელი საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია გულქან რაზიკაშვილის მოგონებები, რომელიც თავად ქალბატონმა ეთერმა ჩაწერა და უსახსოვრა ქართულ ლიტერატურას. ![]() ამ საღამომ და ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ მოგვცა საშუალება ერთი დღით გადავსახლებულიყავით ფშავში, გვეცხოვრა და ცოტათი მაინც განგვეცადა ვაჟას სულიერი სამყარო, მისი ტკივილი და ტრაგედიები. ![]() როგორც ქალბატონმა ეთერმა აღნიშნა, თუ გვინდა შევიცნოთ ვაჟას შემოქმედება, პირველ რიგში, უნდა გავეცნოთ იმ სამყაროს, სადაც მას უწევდა ცხოვრება, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ჩავწვდეთ ვაჟა-ფშაველას გენიოსობის ასპექტებს, მის სულიერ ყოფას... ![]() ვაჟას მუდამ თან სდევდა ტრაგედიები, შემზარავი ისტორიები, ისეთი ცრემლს რომ მოგადენს და დაგაფიქრებს-როგორ შეიძლება ამდენს გაუძლო და მაინც დარჩე მსოფლიო გენიოსად? როგორ შეძლო ყველაფრის მიუხედავ ჰქონოდა უდიდესი გული, კეთილშობილი სული?-საყოფაცხოვრებო საქმეებით დაკავებული დღე ვერ ახერხხებდა წერას, ამიტომ ღამე უწევდა ბუხრისა თუ ჭრაქის სინათლეზე მუშაობა; როგორც ქალბატონი ეთერი იტყოდა მისმა გულ-გვამმა გაიარა, შეიგრძნო, შეისისხლხორცა ის ყოველივე, რაც შემდეგ თავის ნაწარმოებებში გააცოცხლა, შთაბერა სული და მოგვცა საშუალება ცოტახნით მაინც გავმხდარიყავით იმ სამყაროს ნაწილი, შეგვეგრძნო ისე, როგორც ვაჟა გრძნობდა ამ ყოველივეს. ![]() გულქან რაზიკაშვილი იხსენებს-მამა არ ყოფილაო ლამაზი, ციმბირული წყლულისაგან ჩაწითლებული თვალი ჰქონდაო, მაგრამ ყველასათვის საოცრად მიმზიდველი ყოფილა, ალბათ, ღვთიური ნიში თუ გამოარჩევდა მას გარშემომყოფებისაგან; ასევე, იხსენებს ერთ-ერთ დღესასწაულზე ვაჟას გადაუწყვეტია ცეკვა, რომელიც არ იცოდა, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი, მიმზიდველი ყოფილა მისი მოძრაობები, რომ ყველა მას შესცქეროდა აღფრთოვანებულნი და მონუსხულნი. ![]() დასასრულ, ვიტყვი იმასაც, რომ მრავალტომეულის წაკითხვის შემდეგაც ვერ გავიგებდით ამდენ რამეს ვაჟა-ფშაველაზე, ერთმა საჯარო ლექციამ მოგვცა საშუალება "ქართული პოეზიის არწივის" შესახებ წარუშლელი შთაბეჭდილება გვქონოდა დაუფრო მეტად შეგვყვარებოდა იგი. ![]() ამისათვის კი დიდი მადლობა ქალბატონ ლია კარიჭაშვილს, რომელიც ყოველკვირეულად მართავს საჯარო ლექციებს ქართული ლიტერატურის შესახებ; ძალიან სასიხარულო იქნება ამ სტატის წაკითხვის შემდეგ თუნდაც ერთი ადამიანი რომ დაინტერესდეს და გამოთქვას სურვილი ამ ლექციებზე დასწრებისა. დამატებითი ინფორმაცია ლექციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: ქართული ლიტერატურა 88 12-ს მოსწონს
|