x
image
მაიკო ქავთარაძე
"ლუკა რაზიკაშვილიდან ვაჟა-ფშაველამდე"- ეთერ თათარაიძის საჯარო ლექცია
image


წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია "ლუკა რაზიკაშვილიდან ვაჟა-ფშაველამდე", ლექცია წაიკითხა პროფესორმა ეთერ თათარაიძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქართული ფოლკლორული ნიმუშების მკვლევარმა და პოეტმა.


მან შესანიშნავად იცის ვაჟა-ფშაველას ცხოვრების განვლილი გზა, მთელი საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია გულქან რაზიკაშვილის მოგონებები, რომელიც თავად ქალბატონმა ეთერმა ჩაწერა და უსახსოვრა ქართულ ლიტერატურას.


image



ამ საღამომ და ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ მოგვცა საშუალება ერთი დღით გადავსახლებულიყავით ფშავში, გვეცხოვრა და ცოტათი მაინც განგვეცადა ვაჟას სულიერი სამყარო, მისი ტკივილი და ტრაგედიები.


image


როგორც ქალბატონმა ეთერმა აღნიშნა, თუ გვინდა შევიცნოთ ვაჟას შემოქმედება, პირველ რიგში, უნდა გავეცნოთ იმ სამყაროს, სადაც მას უწევდა ცხოვრება, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ჩავწვდეთ ვაჟა-ფშაველას გენიოსობის ასპექტებს, მის სულიერ ყოფას...


image


ვაჟას მუდამ თან სდევდა ტრაგედიები, შემზარავი ისტორიები, ისეთი ცრემლს რომ მოგადენს და დაგაფიქრებს-როგორ შეიძლება ამდენს გაუძლო და მაინც დარჩე მსოფლიო გენიოსად? როგორ შეძლო ყველაფრის მიუხედავ ჰქონოდა უდიდესი გული, კეთილშობილი სული?-საყოფაცხოვრებო საქმეებით დაკავებული დღე ვერ ახერხხებდა წერას, ამიტომ ღამე უწევდა ბუხრისა თუ ჭრაქის სინათლეზე მუშაობა; როგორც ქალბატონი ეთერი იტყოდა მისმა გულ-გვამმა გაიარა, შეიგრძნო, შეისისხლხორცა ის ყოველივე, რაც შემდეგ თავის ნაწარმოებებში გააცოცხლა, შთაბერა სული და მოგვცა საშუალება ცოტახნით მაინც გავმხდარიყავით იმ სამყაროს ნაწილი, შეგვეგრძნო ისე, როგორც ვაჟა გრძნობდა ამ ყოველივეს.


image


გულქან რაზიკაშვილი იხსენებს-მამა არ ყოფილაო ლამაზი, ციმბირული წყლულისაგან ჩაწითლებული თვალი ჰქონდაო, მაგრამ ყველასათვის საოცრად მიმზიდველი ყოფილა, ალბათ, ღვთიური ნიში თუ გამოარჩევდა მას გარშემომყოფებისაგან; ასევე, იხსენებს ერთ-ერთ დღესასწაულზე ვაჟას გადაუწყვეტია ცეკვა, რომელიც არ იცოდა, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი, მიმზიდველი ყოფილა მისი მოძრაობები, რომ ყველა მას შესცქეროდა აღფრთოვანებულნი და მონუსხულნი.


image


დასასრულ, ვიტყვი იმასაც, რომ მრავალტომეულის წაკითხვის შემდეგაც ვერ გავიგებდით ამდენ რამეს ვაჟა-ფშაველაზე, ერთმა საჯარო ლექციამ მოგვცა საშუალება "ქართული პოეზიის არწივის" შესახებ წარუშლელი შთაბეჭდილება გვქონოდა დაუფრო მეტად შეგვყვარებოდა იგი.


image



ამისათვის კი დიდი მადლობა ქალბატონ ლია კარიჭაშვილს, რომელიც ყოველკვირეულად მართავს საჯარო ლექციებს ქართული ლიტერატურის შესახებ; ძალიან სასიხარულო იქნება ამ სტატის წაკითხვის შემდეგ თუნდაც ერთი ადამიანი რომ დაინტერესდეს და გამოთქვას სურვილი ამ ლექციებზე დასწრებისა.

დამატებითი ინფორმაცია ლექციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე:

ქართული ლიტერატურა



0
84
12-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0