x
image
მაიკო ქავთარაძე
"როგორ ბედავ სახელმწიფო ხაზინაში ხელის ჩაყოფას?!-ნუ გაქურდავ სამშობლოს!"-წმინდა ნიკოლოზ სერბი
წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი დაიბადა 1880 წლის 23 დეკემბერს სოფელ ლელიჩში, უხვად დაჯილდოებული ტალანტით, მალე შეიცნო ღვთის სიყვარული და მთელი ცხოვრება თავი ღვთისმსახურებას მიუძღვნა.

image

გთავაზობთ წმინდა ნიკოლოზ სერბის ციტატებს-"ნუ გაქურდავ სამშობლოს":

"როგორ ბედავ სახელმწიფო ხაზინაში ხელის ჩაყოფას?!
ნუ გაქურდავ სამშობლოს, რამეთუ დიდ ფასადაა მოსყიდული. შენი ძმები მამულის დაცვისას დაიღუპნენ, სიცოცხლე სამშობლოს უძღვნეს და როგორ ბედავ მოპარვას, ქურდულად დატაცებას ამ ფასდაუდებელი მონაპოვრისა?! ჩვენი სახელმწიფო მარტო შენ კი არ გეკუთვნის, არამედ იმათაც, უფრო მეტადაც კი, ვიდრე შენ, რადგან მათ უფრო მეტი შესწირეს სამშობლოს, ვიდრე შენ, მეტი ფასი გადაიხადეს მამულისთვის, ვიდრე შენ, უფრო მეტი დააბანდეს მასში, ვიდრე შენ. მტკიცედ ვიტყვი: ჩვენი სამშობლო მარტო საზეიმოდ გაწყობილ დარბაზებში მოცეკვავეთ კი არ ეკუთვნის, არამედ მათაც, ვინც საფლავებში წევს. შესაბამისად, ის ვინც ძარცვავს სამშობლოს, იმნაირივე მოროდიორია, ბრძოლის ველზე დაჭრილებსა და მოკლულებს ტანთ რომ ხდის.


შენი პაპები და პაპის პაპები ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდნენ, დაითმენდნენ შეჭირვებას და სატანჯველს, ოხრავდნენ და წუხდნენ, ცრემლსა და სისხლს ღვრიდნენ, ეწამებოდნენ და კვდებოდნენ. უგუნურო, ვის ქურდავ?! ძარცვავ ახლობელ ადამიანებს, რომლებიც საფლავებიდან გწყევლიან. შენ უარი თქვი საკუთარ ნათესავებზე და ისინიც უარს იტყვიან შენზე. შენი წინაპრები არ სცნობენ შენს უფლებებს თავიანთ სახელმწიფოში, ისინი უარგყოფენ ღვთის წინაშე და შეგიტანენ ავაზაკთა სიაში, ჰპარავ სახელმწიფოს და ამ დროს ქურდავ შენს სამშობლოს, მამა-პაპათა მიწას, შენს ძმებს, მათ ძეთ და ასულებს. ყველა შენნაირად რომ მოიქცეს, მაშინ რა მოხდება? მოწამეთა და რაინდთა მიწა ავაზაკთა ბუდედ გადაიქცევა. მაშინ ყოვლის მხედველი ღმერთი წაართმევს ამ მიწას ქურდებს და გადასცემს ახლო მეზობლებს ან შორიდან მოსულთ.

გესმის, ჯერ კიდევ ტირიან ჯარისკაცთა ქვრივები, იტანჯებიან ობლები, მწუხარებით კითხულობენ, - სად არიან ჩვენი მამებიო. ბევრი დედა პასუხობს: "მამულისთვის დაიღუპნენო!""


"საფლავების ქურდობას მოროდიორობას ეძახიან, ეკლესიაში ქურდობას - მკრეხელობას. შენს წინაპრებს წმინდანებს, მოწამეებს, გმირებს, მამულიშვილებს ეძახდნენ, შენ გინდა, მათი ტიტულები სამარცხვინო მეტსახელებით შეცვალო? გინდა, საფლავებისა და საკურთხევლების ძარცვით დაამდაბლო და ლაქა მოსცხო მათ ზნეობრივ კეთილშობილებას, რომელიც შენი და შენი ხალხის ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობაა? შენი მიწა ისტორიამდელი ველური ტყე კი არ არის, სადაც მხოლოდ ცხოველების ძვლებია დამარხული, ძველისძველი ცივილიზაციის ცენტრია, სადაც უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ ადამიანები და ძველთაგანვე მიდიოდა ბრძოლა ზეციური სასუფევლისთვის, "პატიოსანი ჯვრისა და ბაჯაღლო თავისუფლებისთვის", - როგორც ჩვენი დევიზი ღაღადებს. შენი მიწა - ძველი სასაფლაოები და ღვთის ტაძრებია. ცოდვის სიმძიმე იმაზეც არის დამოკიდებული, თუ სად იქნა ჩადენილი. ძარცვა ტყეში და ძარცვა ტაძარში - სხვადასხვანაირად ფასდება და სხვადასხვანაირად ისჯება."


"ნუ იქურდებ, განსაკუთრებით კი სამშობლოს ნუ მოჰპარავ: ნუ მიითვისებ ნურც ხალხის ფულს, ნურც მიწას, ნურც ტყეს, ნურც წიაღისეულს - ნუ ხელყოფ შენი სამშობლოს სიმდიდრიდან რაიმეს, რამეთუ თუ იქურდებ, მოაწევ წყევას შენს თავს, შენს სახლს და შენს ქვეყანას. სადაც ქურდობაა, იქ მადლი არ არის, სადაც მადლი არ არის - იქ წყევა სუფევს. ამაზე მოწმობს წმინდა წერილი, რომლის პირველივე ფურცლებზე დაწერილია ღვთის მცნება: არა იპარო" (გამოსვლათა 20, 15).


"თუ ერთ კაცს დინარს მოჰპარავს ქურდი, ერთი მცირე ქურდობის გამო დაისჯება და მხოლოდ ერთი კაცის წინაშე აგებს პასუხს. მაგრამ თუ ერთ დინარს სახელმწიფოს მოჰპარავს, მაგალითად, იუგოსლავიას, მაშინ ის თხუთმეტ მილიონ სულს ჰპარავს და პასუხს აგებს თხუთმეტი მილიონი ქურდობისთვის. თუ ადამიანურ სამართალს არ ძალუძს, მილიონების მოპარვისთვის განაჩენი გამოიტანოს, მაშინ დასჯის მას ის, ვინც ყველაფერი იცის და ყველაფერი ესმის, რომელიც საუკუნო სამართლით სჯის და თუ მიუსჯის სამუდამო კატორღას, ეს კატორღა ჭეშმარიტად საუკუნო იქნება.


დაე, ისმინონ და დაიმახსოვრონ ეს სიტყვები მათ, ვისაც სახელმწიფო სიკეთე (ქონება) ეტკბილება: სახელმწიფოს ქურდი პასუხს აგებს მილიონობით ქურდობის ჩადენისთვის."

0
173
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0