განათლება სალმან ხანი - ადამიანი, რომელმაც უფასო და ხარისხიანი განათლება მთელი მსოფლიოსთვის გახადა ხელმისაწვდომი 2018, 29 იანვარი, 22:34 სალმან ხანი თანამედროვე ამერიკელი განმანათლებელია, რომელმაც მსოფლიოს უდიდესი სასწავლო პლატფორმა - ხანის აკადემია შექმნა. საიტზე 6 500-ზე მეტი ვიდეო გაკვეთილია განთავსებული, რომლებშიც მოსწავლეებისთვის და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის დეტალურადაა ახსნილი მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ხელოვნების ისტორია, მსოფლიო ისტორია, მედიცინა, კომპიუტერული მეცნიერებები და მრავალი სხვა. თავდაპირველად სალმან ხანი თავის ბიძაშვილს, ნადიას, ამეცადინებდა მათემატიკაში. მოგვიანებით, მეგობრებმა ვიდეოების YouTube-ზე ატვირთვა შესთავაზეს. მალე ისინი ისეთი პოპულარული გახდა, რომ ჯერ YouTube არხი, შემდეგ საიტიც შეიქმნა და უკვე მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა, მათ შორის, ქართულადაც. ეს 2003 წელს მოხდა და ამ წელსვე სალმან ხანის ვიდეოებს 458 მილიონი ნახვა დაუგროვდა. მოგვიანებით სალმან ხანი სამსახურიდან წამოვიდა და 2009 წელს საიტი შექმნა, სადაც ვიდეოებთან ერთად სავარჯიშოებიც განათავსა ყველა საგნისთვის. 2016 წლის დეკემბერში ხანის აკადემიის YouTube არხს 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა და ვიდეოები მილიარდზე მეტჯერ იყო ნანახი. 2012 წელს ჟურნალმა "თაიმსმა" სალმან ხანი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შეიყვანა. ჟურნალმა "ფორბსმა" კი მისი ფოტო გარეკანზე დაბეჭდა სათაურით "1ტრილიონიანი შესაძლებლობა". სალმან ხანს ერთი მიზანი ჰქონდა: უფასო, მსოფლიო დონის განათლება ყველასთვის და ყველგან ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ხალხი ფიქრობდა, რომ ის გიჟი იყო. სიგიჟე იყო თუ არა, ამ აზრმა მაინც მოახერხა განვითარება და დღეს ხანის აკადემია მსოფლიოს მრავალ სკოლაში იყენებენ დამხმარე მასალად, ასევე, დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება აქვთ, ნებისმიერი საგანი თვითონ ისწავლონ სახლის პირობებში და, თან, სრულიად უფასოდ. ხანის აკადემია ყველა სხვა სასწავლო პლატფორმისგან განსხვავებულია. მრავალფეროვანი საგნების შესწავლა შესაძლებელია საფუძვლებიდან, მარტივად, ხარისხიანად, მაღალ დონეზე. საიტი დარეგისტრირებულ მომხმარებლებს წამახალისებლად ენერგიის ქულებს და სხვადასხვა სახის ბეჯებს ანიჭებს, რაც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. პლატფორმა განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობს მშობლებს და მასწავლებლებსაც, მათ შეუძლიათ უყურონ, რას აკეთებს მოსწავლე ან შვილი, მისცენ დავალებები და თვალი ადევნონ მათ პროგრესს. უკვე მშობლებს საშუალება აქვთ, ალგებრის ცოდნის გარეშეც დაეხმარონ შვილს მათემატიკის დავალების შესრულებაში. ხანის აკადემიაზე სწავლების მეთოდი ასეთია: მოსწავლე უყურებს ვიდეოს, შემდეგ აკეთებს სავარჯიშოებს განვლილ მასალაზე. თუ რამეს ვერ უპასუხებს, საიტი სთავაზობს ვიდეოს ყურებას, რომელშიც ეს თემაა ახსნილი, ასევე, შესაძლებელია რამდენიმეეტაპიანი მინიშნების გამოყენებაც. იხილეთ სავარჯიშოს მაგალითი და მინიშნებების გამოყენების წესი: ხანის აკადემიას ბევრი ცნობილი ადამიანი და კომპანია უჭერს მხარს და აფინანსებს, მათ შორისაა ბილ გეითსი და Google. ერთადერთი, რასაც პლატფორმა თქვენგან ითხოვს, დრო და მონდომებაა. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: https://www.khanacademy.org/ ქართული ვერსია: https://ka.khanacademy.org/ გახსოვდეთ, რომ თქვენ ყველაფრის სწავლა შეგიძლიათ! წარმატებებს გისურვებთ! –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ: 1. ფინური სკოლების წარმატების 14 მიზეზი 2. როგორია სასკოლო ფორმები 15 სხვადასხვა ქვეყანაში 3. 10 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ . 107 6-ს მოსწონს
|