სოფლის მეურნეობა ვენახი სათბურში - იმერელი ფერმერის ინოვაციური ბიზნესწამოწყება 2018, 23 იანვარი, 16:09 ქუთაისში, პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრის ბაზაზე, ადგილობრივმა ფერმერმა თენგიზ ჩინჩალაძემ ვაზი ტრადიციულისგან განსხვავებული მეთოდით გააშენა. ვენახის უნიკალურობა ისაა, რომ ის სათბურში დაირგო. თენგიზ ჩინჩალაძემ ამ იდეის განხორციელება 2015 წელს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ ხელმძღვანელის, მერაბ ბარათაშვილის რჩევით გადაწყვიტა. თავდაპირველად ვენახის გაშენება 300 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე გადაწყდა.
ეს ტერიტორია სახელმწიფოსგან შევისყიდე. ენერგიული კაცი ვარ და ისე ყოფნა არ შემიძლია. გადავწყვიტე გამეკეთებინა სათბური. შარშანწინ და იმის წინ დავრგე მწვანილი. ბევრი შრომა უნდოდა და არც ისე გაამართლა. რადგან ვენახი და ვაზი ქართველი კაცის ბუნებაში ზის, გადავწყვიტეთ ეს ვენახი გაგვეკეთებინა. პირველ სათბურში ვაზი 2015 წელის 9 მაისს დაირგო. მალე 2 წლის გახდება. მეორე სათბურში დარგული ვაზი 16 მაისს გახდება ერთი წლის. პირველ წელიწადს ნერგმა მომცა 7-8 კილო და უნდა გავიდე 30-40 კილოზე“, - აცხადებს თენგიზ ჩინჩალაძე.
თითო სათბურში 80-მდე ძირია დარგული. ყურძენი მწიფდება აგვისტოს ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში, თითო მტევანი ამ დროს 800 გრამიდან 1 კილომდე იწონის.
„პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრში კოოპერატივებთან დაკავშირებით ბევრი ტრენინგი ჩატარდა. ეს რომ არ ყოფილიყო ჰაერზე საუბარი, გვინდოდა აქვე გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ შესაძლებელია ინოვაციური და რენტაბელური პროდუქტის შექმნა. მეპატრონე პირველად იყო ძალიან გაბრაზებული და გულაყრილი, რომ ვერ ახერხებდა ვერაფრის რეალიზაციას - მასაც, როგორც ყველას, ცერეცო და მწვანილი მოჰყავდა. ძალიან გაწამდა. მე დავიჩემე და ვუთხარი ეს ნაბიჯი გადაგვედგა. თავიდან ძალიან სკეპტიკურად უყურებდა. თუმცა ეს შედეგი პირველივე წელს მიიღო და შემდეგ მეორე სათბურშიც გააშენა“, - განაცხადა მერაბ ბარათაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ასეთივე შედეგების დადება ბევრი მიმართულებით შეიძლება. განაგრძეთ კითხვა 190 შეფასება არ არის
|