მსოფლიო რა არის ფაშიზმი- კონცეპტი და მახასიათებლები 2018, 12 იანვარი, 4:04 ფაშიზმი- უკიდურესი მემარჯვენე, ექსტრემისტული პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში იტალიაში აღმოცენდა. 1919 წელს ბენიტო მუსოლინიმ დაარსა ფაშისტური პარტია, 1921 წელს კი სათავეში მოხვდა. შემდგომ იდელოგია გავრცელდა გერმანიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და რუმინეთში. ზოგჯერ ტერმინ “ფაშისტს“ იყენებენ უმართებულო კონტექსტშიც, კონტექსტი კი გვკარნახობს ხოლმე, რომ ტერმინმა დამაკნინებელი კონოტაცია შეიძინა და უბრალოდ “ბოროტის“ სინონიმად გამოიყენება. მაინც რა არის ფაშიზმი, როგორც იდეოლოგია? ფაშიზმი, როგორც იდეოლოგია, კაცმა რომ თქვას, არასდროს ყოფილა ჩამოყალიბებული, ლოგიკურად დალაგებული და კონკრეტული კონცეფცია. შესაბამისად, ყველა ქვეყანაში თავისებურად გამოვლინდა. პრინციპში, ეს უფრო მეტად რეაქცია იყო ლიბერალიზმსა და სოციალიზმზე. მისი მიზანი იყო დაპირისპირებოდა მანამდე საყოველთაოდ გავრცელებულ და არტიკულირებულ ღირებულებით სისტემას, მაგალითად, თანასწორობის და ინდივიდუალიზმის იდეას. ფაშიტთა აზრით, ინდივიდუალიზმი გადაშენებით ემუქრება ერებს, ვინაიდან ინდვიდებს არ ძალუძთ ცალ-ცალკე გადარჩნენ ან დიდ პროგრესს მიაღწონ. თავად ტერმინი:“ Fasces“ ნიშნავს წნელის შეკვრას, კონას, რაც ერთიანობის სიმბოლოა. რომ ჩავუღრმავდეთ, დავინახავთ, რომ ფაშისტური მოძრაობა იმიტომ კი არ წარმოიქმნა, რომ რაღაც კონკრეტულის შექმნა სურს, არამედ, როგორც ლიბერალიზმის, მის ფასეულობათა სისტემის საპირწონე ძალა. სწორედ ამიტომ, დემოკრატიის კრახი და მთავრობების სისუსტე გასაქანს აძლევს მემარჯვენე, ექსტრემისტულ მოძრაობებს, რომლებიც ქარიზმატულ ლიდერს ეყრდნობიან და, შესაბამისად, ეს ლიდერი ხალხს წარმოუდგება გოდოდ, რომელსაც დიდხანს ელოდა და ეს უკანასკნელიც, როგორც იქნა, გამოჩნდა. როგორც აღვნიშნეთ, გერმანული და იტალიური ფაშიზმი რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისგან. ფაშიზმი გერმანიაში ნაციზმის ფორმით დასრულდა და მის ძირითად ფუნდამენტს რასა წარმოადგენდა. იტალიაში კი ეს იყო უფრო უკიდურესი ნაციონალიზმი, რომლის ამოსავალი წერტილიც გახლდათ ძლიერი ლიდერი, რომელსაც იტალია ახალ რომის იმპერიად უნდა ექცია. მათი ლოზუნგი ასე ჟღერდა: “ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი სახელმწიფოს გარეთ, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ“. ფაშისტებისთვის არ არსებოდა ადამინური ბუნება . მათ ღრმად სწამდათ, რომ რასებს, ერებს თავიანთი ბედისწერა აქვთ. არსებობს ერთი არიული რასა, რომლიც ბუნებით ყველა სხვაზე ძლიერია და, შესაბამისად, სხვებზე დომინირებისთვისაა გაჩენილი. ფაშისტური გერმანიის ლოზუნგი შემდეგი იყო : Ein Volk, ein Reich, ein Fuhrer“-ერთიანი ხალხი, რაიხი, ფიურერი“. რა ძირითადი ნიშნები ახასიათებს ფაშიზმს? ფაშიზმი - ესაა იდეოლოგია, რომელიც ადამიანს არ განიხილავს თავისუფალ და დამოუკიდებელ არსებად. ამ იდეოლოგიის თანახმად, ადამიანი ერის, რასის საკუთრებაა და მისი ცხოვრების წესი, გადაწყვეტილებები, არჩევანი სრულ თანხვედრაში უნდა იყოს საერთო ინტერესებთან. წინააღმდეგ შემთვევაში, ის ერის და რასის მტერია. ფაშიზმის ძირითადი ნიშნებია : ირაციონალიზმი, უკიდურესი ნაციონალიზმი, ტოტალიტარიზმი, ქარიზმატული ლიდერი და ბრძოლა. ფაშიტი მუდამ მზადაა საბრძოლველად და იმდენად გატაცებულია ამ ბრძოლით, ძირითადად, მტრის ხატს ხელოვნურად ქმნის. ფაშისტებმა თავისებური ინტერპრეტაცია მიანიჭეს ნიცშეს და დარვინის იდეებს. ნაწარმოებში "ჩემი ბრძოლა", ჰიტლერი წერს, რომ გერმანიას მხოლოდ ძლიერი ადამიანები სჭირდება, ბავშვს კი განიხილავს, როგორც განძს, რომლის ფიზიკურ და იდეოლოგიურ მომზადებაზეც ადრეული ბავშვობიდანვე ზრუნვაა საჭირო. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ ხოცავდა ჰიტლერი ებრაელებს: მისი მტკიცებით, არსებობს არიული რასა, რომელიც ბატონადაა შექმნილი, ასევე ებრაული, რომელიც მთლიანად უნდა განადგურდეს, ხოლო სლავური რასის დანიშნულება არიულის მსახურებაა. ბუნებრივია, ამის მეცნიერული დასაბუთება ყოვლად შეუძლებელი იყო . შესაბამისად, ეს ყოვლად აბსურდული კონცეფცია გერმანელ ხალხს გონების გადარეცხვის მეთოდით შეაპარეს. ალბათ ნათელია, რატომ ვერ მოიკიდა ფაშიზმმა ვერსად ფეხი, რატომ განიცადა კრახი აბსოლუტურად ყველგან. ფაშისტური წარმონაქმნები დღესაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შეიძლება შეგვხვდნენ, მაგრამ ამ იდეოლოგიის დაწინაურების ლოგიკური წინაპირობები და საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს. კადრი ფილმიდან : “პიანისტი“, რომელიც ფაშისტურ გერმანიაში ებრაელი ერის მიმართ ჩადენილი ბოროტების ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრაციაა. 2914 6-ს მოსწონს
|