x
image
ღიმილიანი
სად მდებარეობს წმინდა ნიკოლოზის საფლავი? - 19 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
დღეს, 19 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.
image
წმინდა ნიკოლოზის ტროპარი:
„კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.“


XI საუკუნეში მაჰმადიანები ცდილობდნენ გაენადგურებინათ ქრისტიანთაგან პატივდებული ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ნაწილები. ამან აღაშფოთა არა მარტო აღმოსავლელი, არამედ დასავლელი ქრისტიანებიც. ადრიატიკის ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს წმიდანის წმიდა ნაწილთა გამოხსნა.

1087 წელს ბარელი და ვენეციელი ვაჭრები ანტიოქიაში გაემგზავრნენ სავაჭროდ. მათ სურდათ, მობრუნებულზე იტალიაში წაესვენებინათ წმიდანის ნეშტი.

ეკლესიაში, სადაც დასვენებული იყო უდიდესი სიწმიდე, მხოლოდ ოთხი ბერი ლოცულობდა. შეიარაღებული 47 კაცი გაემართა წმიდა ნიკოლოზის ტაძრისკენ. ბერებს არაფერში შეპარვიათ ეჭვი და მშვიდად მიუთითეს მოგზაურებს ფიცარნაგზე, რომლის ქვეშაც წმიდა ნიკოლოზის სარკოფაგი იყო დამალული. ვაჭრებმა მონაზვნებს თავიანთი გადაწყვეტილება განუცხადეს და გამოსასყიდად 300 ოქროს მონეტა შესთავაზეს. დარაჯებმა ფულზე უარი განაცხადეს და თანაქალაქელების გასაფრთხილებლად გაიქცნენ, მაგრამ მისულებმა კარებთან დაიჭირეს ისინი, შეკრეს და დაანგრიეს ფიცარნაგი, რომლის ქვეშაც სამარხი იყო. განსაკუთრებული გულმოდგინებით ჭაბუკი მათე საქმიანობდა. მოუთმენლობისაგან მან კუბოს სახურავი გატეხა და ბარელებმა ნახეს, რომ სარკოფაგი კეთილსურნელოვანი მირონით იყო სავსე. მღვდლებმა ლუპა და დროგომ ლიტია შეასრულეს.


მათემ მირონით სავსე სარკოფაგიდან ამოასვენა წმიდა ნაწილები. ეს მოხდა 1087 წლის 20 აპრილს.



მღვდელმა დროგომ მოსასხამში შეახვია წმიდანის ნაწილები და მოწიწებით გადაასვენა ხომალდზე. 8 მაისს ხომალდი ქალაქ ბარს მიადგა. მეორე დღეს, 9 მაისს წმიდა ნიკოლოზის მირონმდინარე ნაწილები ზეიმით გადაასვენეს წმიდა სტეფანეს ეკლესიაში.



დღეისათვის წმინდა ნიკოლოზის საფლავზე, ქალაქ ბარში დიდი კათოლიკური ტაძარი დგას.



image


ქვემოთ, კატაკომბაში, დასვენებულია წმინდა ნიკოლოზის ქვის მართკუთხა სარკოფაგი. საფლავი დარბაზიდან რკინის მესრით არის გამოყოფილი და ჩაკეტილი. წმინდანის განსასვენებეს ქვედა მხრიდან დატანებული აქვს პატარა ოვალური შესასვლელი, რომელიც ასევე რკინის ჭიშკრით არის დაკეტილი. როცა რომის ეკლესია ერთიან მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოშორდა, ეს მხარე, გარკვეულ ხანს მართლმადიდებლური იყო. კათოლიკური კალენდრის მიხედვით წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს დიდი ზარ-ზეიმით გამოაბრძანებენ ხოლმე მის ქანდაკებას და მთელ ქალაქში დაატარებენ.


0
774
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
774
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0