x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138409
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ორი მოკლული, თოვლზე დატოვებული კვალი და „ლეტნიკის“ ტყის საიდუმლო
image


დედოფლისწყაროში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებში ეჭვმიტანილებს შურა გვრიტიშვილისა და მარინა მაისურაძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ვალერი კასიანოვს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რომან კასიანოვსა და გივი ჭინჭარაულს 24 წლით პატიმრობა მიესაჯა. დაზარალებული ოჯახები დამნაშავეთათვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.


დედოფლისწყაროს მცხოვრები 54 წლის მარინა თეთრაძე-მაისურაძე 2008 წლის 5 აპრილს დეიდაშვილის შვილმა ორ თანამოაზრესთან ერთად, სასტიკი წამების შედეგად მოკლა და თავი ტყეს შეაფარა. იგივე დაჯგუფება, იმავე პერიოდში, სოფელ ჯაფარიძის მკვიდრ პენსიონერს, მარტოხელა შურა გვრიტიშვილსაც დაესხა თავს. გალახეს და 108 ლარი გაიტაცეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, რამდენიმე დღეში ეს ქალბატონიც გარდაიცვალა.


საგამოძიებო მასალების მიხედვით, პენსიონერი გვრიტიშვილის ცემიდან რამდენიმე დღეში რომან და ვალერი კასიანოვები ქალაქ დედოფლისწყაროში გივი ჭინჭარაულის ბინაში საღამოს ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ რომა კასიანოვს მაისურაძეების მიმართ შურისძიების ჟინი აღეძრა. დაახლოებით ღამის 10 საათისთვის მარინა მაისურაძეს ოთახის კარი შეუმტვრიეს და თავს დაესხნენ. მარინა იმხანად დედოფლისწყაროს რაიგაზის შენობის დარაჯად მუშაობდა. თავდასხმაც მის საყარაულო ოთახში მოხდა, რომელიც საცხოვრებელი სახლიდან ასიოდ მეტრში მდებარეობს. ქალს სასტიკად სცემდნენ, ყელზე მავთული შეაბეს, აქეთ-იქით დაათრევდნენ და აიძულებდნენ ფული გამოეჩინა. მკვლელობის დღის დეტალებს უფრო დაწვრილებით გარდაცვლილის უფროსი შვილი იხსენებს:



ალიკა მაისურაძე (მოკლულის ვაჟი): „იმ ღამით სახლში მარტო ვიყავი, მეძინა. დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე ქუჩიდან ხმაური მომესმა. რომკას ხმა ვიცანი, დედაჩემს დაჰყვიროდა „მალე, მალეო“... ხმაზე შევატყე, რომ დედაჩემი ძლიერად ნაცემი და უკვე დასუსტებული იყო, ნამტირალევი ხმა ჰქონდა... ვიცოდი, რომკას გამოჩენა ჩვენთვის სახიფათო იყო. უცებ, მესერზე რკინის რახუნის ხმა გავიგონე, შემეშინდა და უკანა ფანჯრიდან გადავხტი. მეზობელთან გავიქეცი და მაშინვე პოლიცია გამოვიძახეთ. სულ რაღაც 3 წუთში უკან მოვბრუნდი და ფანჯრიდან გარკვევით დავინახე ერთ-ერთი თავდამსხმელი ზურგით იდგა და სკამის ფეხს დედაჩემს გამეტებით თავში ურტყამდა. რადგან ღამე იყო, მისი ვინაობა ვერ ამოვიცანი, თან ნიღბებით იყვნენ. ჩვენი ნათესავი რომა კი ხმაზე ვიცანი. 5 - 6 წუთში პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მოვიდა, მაგრამ დედაჩემი უკვე გარდაცვლილი იყო, სხეულზე ძლიერი დაზიანებები აღენიშნებოდა. ვეღარ იცნობდით, სხეული სულ ჩაშავებული ჰქონდა“.


შემთხვევის ადგილზე დედოფლისწყაროს მკვიდრი გივი ჭინჭარაული დააკავეს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დანარჩენმა ორმა პირმა მიმალვა მოახერხა. დედოფლისწყაროს პოლიციამ ჭინჭარაულს ჯიბეში ტელევიზორის პულტი და ელექტრო-ტექნიკის ნაწილები, ასევე მოსაპარად გამზადებული რესივერი აღმოაჩინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რომა და ვალერი კასიანოვები ტყეში იმალებოდნენ. ისინი დედოფლისწყაროს პოლიციამ მკვლელობიდან მესამე დღეს ე.წ. „ლეტნიკის“ ტყეში აიყვანა...


სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მაისურაძის გვამი, რომელსაც უამრავი დაზიანება აღენიშნებოდა და ტვინი მთლიანად ამოცლილი ჰქონდა დედოფლისწყაროს პროზექტურაში გადაასვენა. გვამს ექსპერტიზა სიღნაღი-დედოფლისწყაროს ექსპერტმა თამაზ ზედელაშვილმა ჩაუტარა.


ექსპერტიზის დასკვნა: „თავის ქალას ღია ბლაგვი ტრავმა, სარქველის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ყველა დაზიანება მიყენებულია სიცოცხლეში. სხეულზე მრავლობითი ჭრილობები სისხლჩაქცევები და ნაჭდევები გამოწვეულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს. გულმკერდის არეში მარჯვნივ ნეკნების მოტეხილობა გამოწვეულია ასევე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით... შუბლ-თხემის არეში განივად მდებარე ჭრილობა, კეფის არეში აღენიშნება სამი განივად მდებარე დიდი დაზიანებები, ერთმანეთის პარალელურად 10X2 სმ; 6X2; 4X2 სმ. ყურის ნიჟარაზე განივად მდებარე ჭრილობა მთლიანად ჭრის ყურს. ნიკაპისა და შუბლის არეებში აღენიშნება მოწითალო ნაჭდევი. გულმკერდის არეში მოლურჯო დიდი ზომის სისხლჩაქცევა. თავის ქალის ღრუში აღენიშნება თხემის ძვლის მოტეხილობა, რომელიც კეფის ძვალზეც გადადის.


მაისურაძის გვამის საშოსა და უკანა ტანში სპერმატოზოიდების კვალი არ აღმოჩნდა“. - კახეთის საექსპერტო კრიმინალური განყოფილების ექსპერტის ვალერი მესხის მიერ გაცემულ დასკვნაში წერია, რომ ჯერ კიდევ მკვლელობამდე 2 თვით ადრე დედოფლისწყაროს პოლიციამ კასიანოვის ბინიდან ამოიღო სამხედრო დანიშნულების ნაღმსაძებნი ხელსაწყო და ორლულიანი თოფი.


გარდაცვლილ მაისურაძის ოჯახი აცხადებს, რომ ნათესაური კავშირის მიუხედავად, რომან კასიანოვი მათ ხშირად ემუქრებოდა. როგორც გაირკვა მათ კონფლიქტური ვითარება მანამდე ჰქონდათ.


„წელიწადნახევრის წინ, მარინამ სახლიდან ცხვრები და საოჯახო ნივთები დაკარგა. ზამთარი იყო და თოვლზე დატოვებულმა კვალმა ჩემი შვილი კასიანოვების ბინასთან მიიყვანა. ამის გამო მან პოლიციაში განაცხადიც შეიტანა. რომკა მას შემდეგ გადაგვემტერა და სულ გვემუქრებოდა. არაერთხელ გამაგონა „შვილს და სახლს გაუფრთხილდითო“... რომკა ჩემი გაზრდილია, ბავშვობაში ჩვენთან ხშირად რჩებოდა. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად ბოლო დროს „კობრას“ მეძახდა, რა ვიცოდი შვილს თუ მომიკლავდა... წარსულშიც რამდენჯერმე ნასამართლევია... როდესაც სოფელ ჯაფარიძეში პენსიონერი დააყაჩაღეს, პოლიციამ დამნაშავეთა ვინაობა იცოდა, მაგრამ მანამდე არ დააპატიმრა, სანამ ჩემი შვილიც არ შეიწირეს... ყელზე მავთული ჰქონდა წაჭერილი, როგორც ჩანს მკვლელობამდე პირუტყვივით დაბმულს ეზოში დაატარებდნენ. თვალები დათხარეს, ტანსაცმელიც სულ შემოწეწილი ჰქონდა. ძარცვის მოტივს საერთოდ გამოვრიცხავ. ეს უდაოდ განზრახ მკვლელობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ რომკა ჩემი დის შვილიშვილია, გამუდმებით მოკვლით გვემუქრებოდა“... - ამბობს გარდაცვლილის დედა ნუშო თეთრაძე.


ექსპერტ ეთერ ზარდიაშვილის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ჭინჭარაულის საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილ ტანსაცმელზე არსებული სისხლი გარდაცვლილ მაისურაძის სისხლის ანალოგია. „შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხის ექვს ჯოხზე, ლითონის მილზე, ელექტროსადენზე, მობილური ტელეფონის სახურავზე აღმოჩენილი სისხლი ასევე მაისურაძის ჯგუფისაა. საბანზე, ბალიშისპირზე და ქსოვილის ნაჭერზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც გარდაცვლილის ჯგუფს განეკუთვნება, “ _ ნათქვამია დასკვნაში.


დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა გახმაურებულ მკვლელობებში ეჭვმიტანილებს განაჩენი გამოუტანა. შურა გვრიტიშვილისა და მარინა მაისურაძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ვალერი კასიანოვს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა ხოლო რომან კასიანოვსა და გივი ჭინჭარაულს 24 წლით პატიმრობა მიესაჯა. დაზარალებული ნუშო თეთრაძე დამნაშავეთათვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. თეთრაძე დედოფლისწყაროს პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს და დასძენს, რომ მათი საქმისადმი დაუდევარი მიდგომის გამო დედოფლისწყაროში 2 ქალბატონი ცემით მოკლეს. შვილმკვდარი დედა მიიჩნევს, რომ ადგილობრივ პოლიციას აქტიურად რომ ემოქმედა, მისი შვილი სიკვდილს გადაურჩებოდა...


გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ საბოლოო განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაკავებულ კასიანოვების დედა მარიკა ვაირადიანი მოკლულის ერთადერთ ვაჟს ალექსანდრე მაისურაძეს მოკვლით დაემუქრა და გააფრთხილა: „ახლა შენი ჯერიაო“. დაზარალებულები შეშფოთებულნი არიან და შიშობენ, რომ დიდი შანსია კასიანოვებმა მუქარა ამჯერადაც სისრულეში მოიყვანონ და მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრი შეიწირონ... ნუშო თეთრაძემ რაიონულ პოლიციეს სპეციალური განცხადებითაც მიმართა. ამგვარი განცხადება სამართალდამცველებმა წინა შემთხვევაში სამწუხაროდ რეაგირების გარეშე დატოვეს, რის გამოც ბოროტმოქმედებმა მარინა მაისურაძის მოკვლაც მოასწრეს.


საგულისხმოა, რომ გარდაცვლილ მარინა თეთრაძეს ამ შემთხვევამდე ორი წლით ადრე 26 წლის ვაჟი ხვიჩა მაისურაძე, საეჭვო ვითარებაში მოუკლეს. (იხილეთ დეტალები აქ>>) იგი თანაკურსელმა ზურა სამხარაძემ დეიდაშვილის დაბადების დღეზე, ლილოს დასახლებაში წაიყვანა. მას შემდეგ, ხვიჩა აღარავის უნახავს. 19 დღის შემდეგ, თბილისის ზღვამ უცნობი მამაკაცის გვამი გამორიყა, რომელიც მეთევზეებმა შენიშნეს და პოლიციას აცნობეს. როგორც საბუთებიდან გაირკვა გვამი ხვიჩა მაისურაძეს ეკუთვნოდა.


საქმე დღემდე გაუხსნელია. ძირითადი მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, რომ იმ ღამით ვანო ბიბილურის ოჯახში გაშლილ სუფრასთან, ხვიჩა და ზურა 23:00 საათამდე შეყოვნდნენ. მოწმეები კონფლიქტის არსებობას მალავენ, თუმცა ჩვენებებიდან მაინც იკვეთება, რომ ჩხუბი მართლა მოხდა, რის შემდეგაც ზურამ ხვიჩა იქვე, მეზობლად მცხოვრებ ნუკრი ხმალაძის ოჯახში დასაძინებლად წაიყვანა. ორივე დაწვა, თუმცა ხვიჩა 5 წუთში ადგა და თქვა _ „აქ ვერ გავჩერდები, უნდა წავიდე, დილით ადრე დედოფლისწყაროში მივდივარო.“ მას ნუკრი შეეწინააღმდეგა და დარჩენა არაერთხელ შესთავაზა. მონათხრობიდან ირკვევა, რომ ხმალაძის ბინიდან ხვიჩა გვიან ღამით, მარტო გავიდა. ამ ფაქტს არ ეთანხმება ხვიჩას ოჯახი. ისინი მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, იგი სწორედ ხმალაძის ოჯახში უნდა მოეკლათ. ირკვევა, რომ ნუკრი ხმალაძემ ხვიჩა ტახტზე პირქვე დააგდო, ზემოდან დააწვა და სახლიდან არ უშვებდა. გარდაცვლილის ოჯახი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, ხვიჩა სწორედ ამ მომენტში უნდა მოგუდულიყო. გვამს ყელთან ძალადობის კვალი აშკარად აღენიშნებოდა... საეჭვოა ის ფაქტიც, რომ ნუკრიმ ხვიჩა ტახტზე ზემოდან შიშველი დააგდო, ზღვამაც სწორედ ასეთი გამორიყა... ბოლო წუთებში, ხვიჩასთან ერთად მყოფი ყველა მოწმე ჩვენებაში ხაზს უსვამს, რომ იგი ხმალაძეების ოჯახიდან მშვიდად გავიდა და აღარავის შეუნიშნავს.


ნუშო თეთრაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ შვილის მკვლელების სათანადოდ დასასჯელად ყველა ღონეს იხმარს და მხოლოდ დამნაშავეთა მუდმივ პატიმრობას დაეთანხმება სხვაგვარ გადაწყვეტილებებს კი ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს.


ასევე იხილეთ - მარინა თეთრაძის ვაჟის მკვლელობის მასალა: 26 წლის ბიჭის გვამი თბილისის ზღვამ გამორიყა - რა მოხდა ლილოს დასახლებაში?

0
619
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0