პოეზია მამა პეტრეს 10 ლექსი, რომელიც სულს აგიფორიაქებთ 2017, 10 დეკემბერი, 18:14 პეტრე კოლხი, მამა პეტრე (ერისკაცობაში პაატა ალექსანდრეს ძე კვარაცხელია) (დაიბადა 1979 წელს, 27 იანვარს)- სამების ტაძრის დეკანოზია. მას 15-მდე წიგნი აქვს გამოცემული. აქედან 12 ლექსების კრებულია. დღეს წარმოგიდგენთ 10 ლექსს, რომელიც მამა პეტრემ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და რომლებიც დაგაფიქრებთ და სულს აგიფორიაქებთ.
*** შენ ხარ სიმშვიდე, მენატრება ასე რომელიც, ამ ქარიშხალში გაბნეული თოვლიც შენა ხარ... დეკემბერივით პირქუში და დაუნდობელი... დამიჯერებდი, ჩემი გული რომ დაგენახა... შენ ხარ სიჩუმე, მონასტერში დადის რიმელიც, და ოკეანის ხმაური და ხშირი ღელვა ხარ, მაგდალინელის რწმენასავით შეუცნობელი, და ვერ შევძელი, დუმილი რომ გადამელახა... *** სურვილებს უკან ათასჯერ ვხევდი, სურვილი უკან ათასჯერ მხევდა... ყოველთვის მყავდა ნუგეშად ღმერთი, ყოველთვის გვერდით ჩნდებოდა დედა... გზა იყო ბევრი, მე მაინც ბილიკს, ვირჩევდი რაღაც ნაცნობის გარეთ... დამქონდა ჩემი პატარა წილი, ადამის ხელით ნახატი მთვარე... ვის უნდა ახლა, მართალი სიტყვა, სამრეკლოს თავზე მოსმენა წვიმის. ვინმეს თუ ახსოვს, რამდენჯერ მითქვამს, არ უნდა იყოს გარემო ცივი... *** ულს გამიგლიჯავს ღრიალი მამის, თვალს ვერ ვუსწორებ სისხლიან ქალაქს. იქნებ ვიკმაროთ სიკვდილი სამი, სამი სიცოცხლე რომ მიიბარა... დანარჩენი კი ისე ვართ მკვდარი, გარდაცვლილებიც ერთმანეთს ვებრძვით. დანაშაულში ყველას გვაქვს ბრალი, გავხდით ყველაზე საშიში მხეცი... *** ნუ მიბრაზდები, არ გეგონოს გაქრა სურვილი, თუ ძველებურად მილიონჯერ ვეღარ გნახულობ. თუ შეკითხვებზე გიპასუხე მკაცრი დუმილით, თუმცა ფიქრები შენია და მაინც ვმარხულობ... ვერ ავიკრძალე მოგონება დახრილ თვალების, სულის ფსკერზე რომ შემოიჭრა, დაუკითხავად. ჩვენი შეხვედრა მოცულია იდუმალებით, და ამ სიცივეს მონასტრიდან სხვაგან მივყავარ... *** გამოქცეულა სავლედან პავლე, ვერ დაუფარავს ნიღაბი სახეს... სულში წყვდიადის შუქი ელვარებს, ფარისევლობა პირველად ვნახე ასეთი დოზით ქონოდა ვინმეს, შეფარულ წმინდანს მერჩივნა მრუში. ავაზაკებით გაივსო მღვიმე, და უსირცხვილოდ ჩადგნენ ფერხულში... საოცარია განგება ღმერთის, და ფიქრობ ნეტავ როდემდე ითმენს. ან რა დროს დაშრა სინდისის წვეთი, გაასწრეს როგორ ცხოვრების რითმებს... სინათლეს ღამე ვერაფრით ფარავს, ოცდაათ ვერცხლით ისვრიან ხელებს. ამიტომ ლოცვას აღარ აქვს ძალა, იუდას რწმენას ვინ დაიჯერებს... *** ვინც გიყვარს, იმას ადვილად, მცირედსაც ვერ აპატიებ... რადგან თვლი სულის ნაწილად, ვისთვისაც ღამე ათიე... ვისაც უწოდე გული და, შენი პატარა ტაძარი... თუმცა კი დასასრულიდან, მიხვდები, შენთვის რაც არის!.. *** სხვას შეიძლება წაართვა სახლი, მერე ითხოვო მაინც შენდობა... ამოუძირკვო კართან ვენახი, მაგრამ არ ქონდეს უიმედობა... ანდა პირიქით, აჭამო პური, და მაინც ცოდვით აღსავსე გერქვას, რადგან იმდენად ატკინო გული, დაკარგოს ბოლო იმედის ფეთქვა. *** ქარიშხალს გავდა დღეს შენი ნახვა, ხმელ ტოტებივით მამტვრევდა ძვლებში, თანაბრად მიღირს, რჩები თუ წახვალ, რადგან დროებით მაცვია ლეში... მთის წვერზე დაშლილ ნატაძრალს ვგავარ, იშვიათად რომ შეავლებ თვალებს... ეს ქარიშხალიც თავისით წავა, მეც წავალ ალბათ, ჩემი გზით მალე... *** ისეთი ცრემლით მინდა ვიტირო, არ ჩანს და სადღაც გულში იგრძნობა. მსურს სიჩუმეში რომ ჩავიძირო, მაფორიაქებს მარადისობა... ისეთი სიტყვით მინდა ლოცვები, რომელიც დღემდე არსად არ თქმულა. მერე ბურუსით შევიმოსები, როცა ჩაქრება ყველა ნათურა... მე გავექცევი სხეულს ადრიან, შემოგეხვევი მხრებზე ლანდებად. ზეცა ღვთისმშობლის თეთრი ჩადრია, როცა ნისლები გაიფანტება... აირევიან გზაზე ჩრდილები, და ვერ გაიგებ საით მიდიან... თუ კი ოდესმე გემორჩილები, ეს ნება არა, მხოლოდ რიდია... *** დარდად გამყვება შენი ცხოვრება, მოციქულივით გაორებული... შენი თავიც კი არ გეყოლება, და არც იესო ჯვარზე ვნებული... გამოფიტული სული გაგექცა, მძიმედ მოგყვება მკვდარი ლანდები. წუთისოფელი მოგეალერსა, ისიც მაწუხებს, რომ მედარდები... გავეკიდები, ზღვისფერ თოლიებს, დს ჩემს სხეულში მშვიდად ვიქნები... როგორც მართალი მეისტორიე, მკვდარსაც ათასჯერ დაგესიზმრები... 3144 7-ს მოსწონს
|