"გუნდა, გუნდა, თოვლის გუნდა, მეთამაშოს, ვისაც უნდა..." - ქართული მულტფილმის უკვდავი გმირი გუნდა გამომცემლობა "პალიტა L-მა" გააცოცხლა. ალბათ, არ არსებობს ბავშვი, რომელსაც მულტფილმი "თოვლის გუნდა" უნახავს და ასეთი ქუნქულა გუნდის ქონაზე არ უოცნებია. წლების წინ ეს აუხდენელი ოცნება იყო უამრავი პატარასთვის, ახლა კი ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.
მაღაზიის დახლებზე მალე გამოჩნდება ფუმფულა სათამაშო გუნდა. "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა მისი 2 სხვადასხვა ზომა შექმნა და მათი ფასი დაახლოებით 15-დან 30 ლარამდე იქნება.
"ჩვენ პატარა მკითხველებს ყოველთვის საინტერესო შეთავაზებებით ვანებივრებთ. ბევრ ახალს ვქმნით, ბევრს
უცხოურს ვიღებთ და ვთარგმნით. პარალელურად, ქართველი პერსონაჟების პოპულარიზაციაც გადავწყვიტეთ. გუნდას პროექტის ფარგლებში უკვე გვაქვს გამოცემული არაერთი წიგნი, სასკოლო ნაკრები და თემატური ყუთი. მათ შორის 10 წიგნი გუნდაზე, რომლებშიც გმირის ისტორიებია მოთხრობილი, ფაზლიანი წიგნი - "გუნდა ცირკში", რბილ ყდაში ჩასმული წიგნი, სახელად "თოვლის გუნდა მეგობარს დაეძებს", ასევე, გუნდას ფორმის წიგნი "თოვლის შვილიშვილი", " - განმარტავს "პალიტრა L-ის" პროექტის მენეჯერი ელისო რეხვიაშვილი.
გამომცემლობა გუნდას პერსონაჟთან დაკავშირებული პროდუქტების გამოცემას სამომავლოდაც აპირებს. 15 ნოემბრიდან გავა ქსელში ახალი ნაკრები "დაბადების დღე თოვლის გუნდასთან ერთად". ეს იქნება ყუთი, რომელშიც მოთავსდება წიგნი ისტორიით, თუ როგორ გადაიხადა გუნდამ დაბადების დღე და დაბადების დღის უამრავი აქსესუარი, მათ შორის, კედლისა და მაგიდის გასაფორმებლები. მუშაობა მიდის გუნდას დიზაინის ჭიქაზეც. მომავალი წლიდან გამოვა გუნდას მემო თამაშიც.
"გუნდას პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ თითოეული დეტალი ქართველების მიერ იქმნება. თუ საბავშვო წიგნების უმეტესობის შემთხვევაში, ჩვენ გამოცემის უფლებას ვიღებთ და არსებულ პროდუქციას ქართულად ვთარგმნით, ამ შემთხვევაში ყველაფერს ჩვენ ვქმნით. ისტორიებზე მუშაობენ ქართველი საბავშვო ავტორები, წიგნის ან პროდუქტის სპეციფიკას, სტილს, დიზაინსა დაყველა სხვა დეტალს თავად ვამუშავებთ და გამოვცემთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტია. უამრავ საერთაშორისო გმირთან ერთად, ქართველებს საყვარელი ქართველი პერსონაჟიც ჰყავთ, " - განმარტავს ელისო რეხვიაშვილი.