სხვა რა ინვესტიციები იგეგმება საქართველოში და როგორია მათი მოზიდვის სწორი სპეციფიკა? - ინტერვიუ რატი ქირიასთან 2017, 5 დეკემბერი, 2:53
ქვეყნის წარმატებული მომავალი პროგრესული ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაშია. ეს ის თემაა, რაზეც საზოგადოება თანხმდება, თუმცა გააჩნია ვის როგორ ესმის რა არის პროგრესი და რა პოტენციალი გვაქვს ამისათვის. საქართველოს ჰყავს წარმატებული ახალგაზრდები, ეს ეხება თითქმის ყველა სფეროს და მიმართულებას, თუმცა რატომღაც ჯერ მათი დრო არ დამდგარა, ანუ ისინი არ არიან ფართო სამოღვაწეო ასპარეზზე წარმოჩინებულნი და ჯერ ქვეყნის მართვის სადავეები მათ ხელში არაა. სამაგიეროდ ისინი ზრდიან საკუთარ შესაძლებლობებს, იღებენ კარგ განათლებას და ფიქრობენ როგორ განავითარონ, როგორ გააუმჯობესონ ქვეყნის მომავალი. ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდა რატი ქირიაა, რომელიც საინვესტიციო ანალიტიკოსია და უკვე მრავალი წარმატების კვალდაკვალ ცდილობს განვითარებას, პროგრესის მიღწევას. საკუთარ ხედვებსა და გამოცდილებაზე იგი “ინტერმედიას“ ესაუბრა.
-მოგესალმებით რატი, გვიამბეთ თქვენი პროფესიის, საქმიანობისა და ამჟამინდელი აქტივობების შესახებ.
- პროფესიით საინვესტიციო ანალიტიკოსი გახლავართ, რასაც ასევე ვეუფლები ბრიტანეთში, შოტლანდიაში, სტირლინგის უნივერსიტეტში. იმის გამო, რომ აქეთ წამოვედი ჩემი აქტიობები საქართველოში თავისთავად დასრულდა გარკვეული პერიოდით, თუმცა ჩამოსვილსთანავე ვაპირებ ძალიან განსაკუთრებულ და ეფექტური საქმიანობის გაგრძელებას. ასევე სექტემბრიდან ვმუშაობ DataPartner-ში, რომელიც საინვესტიციო კომპანიაა და 53 ქვეყანაში ფუნქციონირებს, ვემსახურებით ისეთ კომპანიებს, როგორიც არის მერსედეს ბენცი, როლს როისი, სხვადასხვა ავია კომპანიები და სხვა.
- გვიამბეთ თქვენი ბოლო ინიციატივის და რუმინელ პარტნიორებთან ურთიერთობის შესახებ, რას გეგმავთ და რა ნოვაციებს ველოდებით?
ვინაიდან და რადგანაც საინვესეტიციო მიმართულებით საკმაოდ კარგი და წარმატებული სამუშაო გამოცდილება მაქვს ინვესტორები მარტივად მპოულობენ და შემდგომ მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკებები. ეს მორიგი შემთხვევაც ასეთივე იყო, როცა რუმინეთიდან დამიკავშირდა იტალიელი საკმაოდ ცნობილი და მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც ევროპაში არა ერთ ქვეყანაში ფლობს კომპანიებს. ბიზნესს ინტერებიდან გამომდინარე სამწუხაროდ ვერ დავასახელებ მის სახელსა და გვარს და მის მომავალ ინვესტიციებს საქართველოში ბაზარზე არსებული კონკურენტების გამო, თუმცა დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, რომ მას უკვე დაგეგმილი აქვს შეხვედრები სამთავრობო უწყებებთან და გავუწიე სხვადასხვა რეკომენდაციები. ამ ეტაპზე ორ ქალაქზე აქვს აქცენტი, თბილისსა და ქუთაისზე, როგორც მისივე შემოთავაზებიდან შევიტყვე სურს, რომ მისი ინვესტიციები და ბიზნესი საქართველოში ჩემი გავლით მოხდეს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რუმინეთში შეხვედრაზე იყვნენ სხვა ბიზნესმენები, მათ შორის გერმანელთა ჯგუფი, რომლებიც ასევე დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციებით და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
-როგორ ფიქრობთ რით დაინტერესდა რუმინული მხარე, რომ საქართველოში მოახდინოს ინვეატირება?
- როგორც ყოველთვის ყველა პოტენციური ინვესტორი კარგად მომზადებულია ხოლმე კითხვებით თუნდაც არასწორი თუ სწორი ინფორმაციით. რუმინული მხარე ძალიან მოხიბლულია იმ ბოლო დროინდელი პროგრესით, რაც საქართველოში მიმდინარეობს მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ მათ სრული ინფორმაცია აქვთ და დეტალურად იციან აბრეშუმის გზის შესახებ. ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ იმ მსოფლიო რეიტინგებს, რაც ყოველ წლიურად დგება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა: Doing Business, International Financial Corporation, მსოფლიო ბანკი და სხვები. მოგეხსენებათ, რომ საქართველო მეცხრე პოზიციაზე მსოფლიოში ბიზნესის კეთების მხრივ, ვუსწრებთ ძალიან ბევრ ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებს თუმცა ამ პლუსის გამო ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ ნაკლებ ბიუროკრატიასა და ბიზნესის მოქნილობას.
-გვიამბეთ, როგორ ხდება ინვესტორისადმი რეკომენდაციის გაწევა და ამ მხრივ როგორია თქვენი გამოცდილებანი?
-ვიდრე შოტლანდიაში წამოვიდოდი, ვმუშაობდი ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოში უფროსს სპეციალისტად, სადაც ყოველდღიურად ვახდენდი ქვემო ქართლის რეგიონის შესწავლას, შესაბამისი პროექტების წერასა და შემდგომ ინვესტორებისთვის შეთავაზებას. ხშირ შემთხვევაში პროექტებს ცარიელი ფურცლიდან ვწერდი და კონკრეტული ადგილის შესწავლის შემდეგ ვანაალიზებდი თუ რა იქნებოდა პერსპექტიული ამა თუ იმ მხარეში. ქვემო ქართლი ძალიან მდიდარი რეგიონია ბუნებრივი რესურსებით თუმცა ამ ყველაფერს სწორი გამოყენება სჭირდება.
სწორედ უწყების არასწორი ხედვების გამო გადავწყვიტე ამ სამსახურის დატოვება და თვითგანვითარება ვამჯობინე.
ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, როცა ინვესტორს გააჩნია თანხა, თუმცა არასწორი ხედვა, ასეთი ბიზნესები საქართველოში ძალიან ბევრი ვიცი, რომლებიც მალევე გაკოტრდნენ. ინვესტიციის განხორციელებამდე არ აქცევენ ყურადღებას იმ არსებულ სიტუაციას და არ აანალიზებენ მათივე პროექტის ძლიერ და სუსტ მხარეებს. მსგავს შეცდომებს უშვებენ როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინვესტორები, თუმცა უცხოელები ყოველთვის ითხოვენ რჩევას და კონკრეტული საქმის შესწავლას, რადგან მოხდეს პროექტის კრიტიკა, ხოლო ამის შემდეგ მარტივად ხდება ლავირება და პროექტის გაძლიერება ან საერთოდ სხვა პროექტის მომზადება და შეთავაზება.
-რა პრიორიტეტები აქვს დღეს საქართველოში ინვესტირებას?
- მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წელს გაფორმებული ევროკავშირის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება (Deep and Comprehensive Free Trade Area - DCFTA), რის გამოც ევროპული კომპანიები და ინვესტორები გააქტიურდნენ ასევე საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (2017). მინიმუმ ამ ორი ხელშეკრულებით საქართველოს ცნობადობამ ერთი ორად მოიმამატა საინვესტიციო სფეროში მომუშავე და დაინტერესებული ხალხისთვის. ამას ემატება ის მსოფლიო რეიტინგები, რაც ჩვენთან მიმართებაში საკმაოდ პოზიტიურია. ამ ყოველივეს შემდეგ დაინტერესებულ პირებს სურთ, რომ მსგავს ქვეყანაში ჰქონდეთ მინიმუმ საწარმო ან უშუალოდ ფუნქციონირებდნენ ბაზარზე. განვმეორდები, რომ არიან ინვესტორები თუმცა მათი დაყოლიება და ინვესტიციის განხორციელებას ეს უკვე ის პროფესიონალური მხარეა, რაც საჭიროა საქართველოში.
- როგორია დღევანდელი რეალობა, რამდენად სასურველია საქართველო ინვესტორთათვის?
საქართველო ყოველთვის სასურველი ქვეყანა იყო საინვესტიციოდ მინიმუმ სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, თუმცა გვახსოვს არაერთი ცნობილი კომპანია, რომელზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სულ მალე შემოდიოდნენ ბაზარზე, თუმცა შემდგომ თავს იკავებდნენ, რადგან ქვეყანა არასტაბილურად ითვლებოდა. ამ მხრივ, ვფიქრობ, გვაქვს პროგრესი და თუნდაც ვიზა ლიბერალიზაციამ შეგვმატა ის, რომ მინიმუმ მსხვილი კომპანიები დაფიქრდნენ ღირს თუ არა ამ პატარა ქვეყანაში ინვესტიცია. ეტაპობრივი და სწორი რეფორმებია ის ამოსავალი წერტილი, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს მომხიბვლელი ადგილი საინვესტიციოდ. კარგია, როცა ქვეყანაში არა ერთი თავისუფალი ინდუტრიული ზონა გვაქვს ამ ფაქტით არა ერთი ინვესტორი აღრფროთვანებულა. თუმცა ჩემი აზრით საჭიროა რამოდენიმე კანონის განახლება და გადახედვა თუნდაც, მაგალითისთვის: კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ ან თუნდაც „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ „ რომლის რამოდენიმე მუხლი პირადად არ მომწონს.
-ინფლაციის მზარდი დინამიკა არის თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორი ინვესტორთათვის?
ინფლაცია საქართველოში ბევრი საგარეო და შიდა პრობლემების გამო ხდება და არასწორია თითის გაშვერა მხოლოდ გლობალურ პრობლემებზე. ინფლაცია საქართველოში, თითქოს შეუჩერებელ პროცესად იქცა, რაც ძალიან ნეგატიურად მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებზე და პირდაპირ ზიანს აყენებს ხშირ შემთხვევაში საშუალო და მცირე ბიზნესს, არა და მოგეხსენებათ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაცილებით ძლიერია, როდესაც მისი მცირე და საშუალო ბიზნესი ძლიერია ქვეყანაში. რაც შეეხება ინვესტორებს, რომელბსაც რამოდენიმე მილიონის ჩადება სურთ საქართველოში რა თქმა უნდა უყურადღებოდ არ ტოვებენ იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში მზარდი ინფლაციაა განსაკუთრებით კი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში თუმცა მათივე ინტერესების და გამო ინფლაციაზე დიდ ყურადღებას არ ქცევენ, რადგან ხშირ შემთხვევაში მსხვილ ინვესტიციებს სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს და ასევე ხდება მათთვის სხვადასხვა შეღავათების გაწევა. თუ უილიამ ფილიპის მოსაზრებას დავეყრდნობით, რომელიც ცნობილია, როგორც „ფილიპის მრუდე“ ეკონომიკაში ნათლად გამოჩნდება, საქართველოს ერთერთი ძირითადი პრობლემის არსებობა, რაც არის უმუშევრობა. უმუშევრობა კი პირდაპირ პროპორციულად აისახება ინფლაციის მაღალ პროცენტზე. სახელმწიფო შტატების გაზრდა და ინფლაციის ამ კუთხით შემცირება თუ დაბალანსება პირდაპირ ზიანს აყენებს სახელმწიფო სტრუქტურების მოქნილ მუშაობასა და საქართველოს ბიუჯეტს ანუ რეალურად გვჭირდება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ინვესტიციები, საწარმოების აშენება და მსგავსი კატეგორიის მსხვილი ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი.
-მოკლედ რომ აგვიხსნათ, როგორია ინვესტორთან გასაუბრების სპეციფიკა, რა სტანდარტულ კითხვებს სვამენ და რა ინფორმაციის მიღება სურთ თქვენგან?
-სიმართლე გითხრათ ყველას თავისებური კითხვები გააჩნია თუმცა შემიძლია გითხრათ თუ რა აქვს ამ ყოველივეს საერთო, ყველა მათგანისგან. რა თქმა უნდა პირველი, რაც ახსენდებათ ეს არის ოკუპაცია და ძალიან მრავალფეროვანი კითხვები თუ საიდან დაიწყო ეს ყოველივე... საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად მათი ინტერესისა, მათ ყოველთვის სურთ, რომ გაიგონ კიდევ ერთხელ და დავუსახელო ის მიზეზები თუ რატომ უნდა ჩადონ ფული საქართველოში, თითქოს ამით კიდევ ერთხელ იმყარებენ თავიანთვე მოსაზრებას საქართველოს შესახებ, რაც ერთგვარად კარგია. კითხვები არის საქართველოს ეკონომიკაზე, ასევე ინტერესდებიან მსგავსი ინვესტიციებით, რომლებიც უკვე განხორციელებულია საქართველოში ანუ რამდენად მომგებიანია ესა თუ ის საქმე. მოკლედ, რომ გითხრათ კითხვები ყველაფერს ეხება, როგორც პოლიტიკას ასევე ეკონომიკასა და სხვა თემებს. მე აგრეთვე საინტერესო პროექტის შემთხვევაში ვახდენ მის ფინანსურ მოდელირებას, ანუ ვითვლი პროექტის მომავალს გარკვეული თანხის ინვესტიციების შემთხვევაში, სადაც პროგრამით ხდება ყველანაირი რისკისა და საფრთხეების გაანალიზება, თუნდაც ინფლაციის და სხვა ძალიან ბევრი დეტალის. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის დათვლის შემდეგ უკვე იწყება მეორე ფაზა, სადაც უკვე მოცემული შედეგების შეჯამება ხდება, თუ რამდენად გამართლდება პროგრამის მიერ ნაჩვენები ციფრები რეალურ ცხოვრებაში.
- შეგიძლიათ მიმართოთ ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს, რა უნდა გაითვალისწინონ და რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ მეტი ინვესტორის მოზიდვა მოხდეს.
- უხერხულია ჩემი მხრიდან მივმართო ქართულ საზოგადოებას. მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს, რომ გამოვიყენოთ ყველანაირი შესაძლებლობა, რადგან არ გავუშვათ ქვეყნიდან ძალიან მსხვილი ინვესტორები, როგორი ქეისებით ჩემთვის ძალიან ნაცნობია და პირადაც მიმუშავია მათზე, პრობლემა კი იყო კონკრეტული კანონის კონკრეტული მუხლი ან უბრალოდ გაჭიანურებული პასუხები და სამწუხაროდ არაპროფესიონალიზმი, ვფიქრობ დრო არაა ამდენი ფიქრის, რადგან როდესაც ინვესტორი ინტერესდება ქვეყნით ეს იმას ნიშნავს, რომ მას იმ კონკრეტულ მომენტში აქვს ის ფული და შეყოვნებული მოქმედებებით ისინი უკვე იმ თანხას სხვა საქმეში დებენ.
გიორგი ჩუბინიძე
137 1-ს მოსწონს
|