დღეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა ჩამონათვალს ემატება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. ამასთან, დადგინდება, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი მოადგილისა. კანონპროექტის ინიციატორიები არიან პარლამენტის წევრები: გრიგოლ ლილუაშვილი, ოთარ დანელია, დავით სონღულაშვილი.
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც ხელფასის სახით, წელიწადში 3 მილიონ ლარზე მეტ დამატებით ხარჯს მოითხოვს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, „კანონპროექტის მიღების მიზეზია ის, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის საქმიანობა ნაკლებად ეფექტურია და უპრიანი იქნება მისი მმართველობის სისტემის უფრო დეტალიზება და ფუნქციების ეფექტიანი გადანაწილება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, რათა მოხდეს ფრაქციის შიდა ორგანიზაციული საკითხების უკეთ ორგანიზება და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებების სრულად განხორციელება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს. ამასთან, თანამდებობის პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, ფრაქციის თავმჯდომარის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოსახლეობასთან შეხვედრა, მათი პრობლემების ადგილზე გაცნობა, სხვადასხვა პოლიტიკურ ან/და არაპოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რაც ხშირ შემთხვევაში, საჭიროებს მივლინებას ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში. აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ფრაქციის საქმიანობის შეფერხების ობიექტური რისკი, ვინაიდან ფრაქციის თავმჯდომარე არის ფრაქციის საქმიანობის ერთპიროვნული წარმმართველი.“
ფრაქციის ხელმძღვანელი საკრებულოებში ერთერთი მაღალანაზღაურებადი პოზიციაა. მუნიციპალიტეტებში ფრაქციების თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 1000 ლარს აღემატება.