x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139082
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ცხოვრება გორის ომგამოვლილ სოფლებში (ინტერვიუ მოსახლეობასთან +ფოტოები)
2008 წლის ომი სრულიად საქართველოსათვის მძიმე დარტყმა იყო, თუმცა განსაკუთრებით გორის რაიონი დაზარალდა. მოსახლეობის დიდი ნაწილის საცხოვრებელი სახლ-კარი 2008 წლის შემდეგ “საზღვრის" მიღმა აღმოჩნდა, კიდევ უფრო მძიმეა იმ ადამიანებისათვის “აგვისტოს ომის" გახსენება, ვინც ახლობელი ადამიანები დაკარგა.



image

იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა 2008 წელს გორის რაიონში და როგორ ცხოვრობს ახლა იქ მოსახლეობა, რამდენიმე სოფლის მცხოვრებს გავესაუბრე. ერთ-ერთი მათგანია სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ქალბატონი მედიკო მერებაშვილი.

–ქალბატონო მედიკო, მესმის მძიმეა ომის პერიოდის გახსენება, მაგრამ... აქ იყავით, როდესაც ომი დაიწყო?


–კი, ომი უკვე დაწყებული იყო, როდესაც აქედან წავედით, (ფიქრობს)მგონი 7 აგვისტო იყო, მაშინ ჯერ არ იყვნენ რუსები და ოსები ქართულ სოფლებში შემოსულები.

–სად შეაფარეთ თავი?

– თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ვიყავით, სადაც, ძირითადად, სოფელ აჩაბეთიდან დევნილები იყვნენ. ჩვენ კი დავბრუნდით ჩვენს სახლში, მაგრამ ისინი...(მძიმედ ამოიოხრა).

–შინ დაბრუნებულებს ყველაფერი რიგზე დაგხვდათ?

– კი, ჩვენც და თითქმის ყველა მეჯვრისხეველს. ჩვენს ზემოთ ოსური სოფელი ღრომია და მათთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთს გვერდში ვედექით ხოლმე. ამბობენ, 2008-ში იმ სოფლის ოსებმა გადაარჩინეს მეჯვრისხევი მარადიორობისგან და გაპარტახებისგან.

–ახლა გაქვთ ურთიერთობა ღრომის მაცხოვრებლებთან?

–ახლა აღარ, მეჯვრისხევის თავზე ჯარი დგას (იგულისხმება ბლოკ-პოსტი.ავტ.), არც აქედან გვიშვებენ იქით და არც იქიდან აქეთ.

–სხვა რა შეიცვალა სოფელში ომის შემდეგ?

– განსაკუთრებულად არაფერი, სხვა სოფლებისგან განსხვავებით. გორი-ცხინვალის გზაზე რომ სოფლებია, იქ უფრო დაზარალდა ხალხი, ბევრიც დაიღუპა.

–ძირითადად, რა პრობლემები გაქვთ ახლა?როგორც ვიცი, სარწყავი წყლის პრობლემა და უმუშევრობა გორის სოფლებისთვის დამახასიათებელი პრობლემაა.

– არა, უწყლოობას ნამდვილად არ ვუჩივით, აი, უმუშევრობა კი ნამდვილად პრობლემაა. ახალგაზრდები ზოგი გორში დადის სამუშაოდ, ზოგი თბილისში. აქ ძნელია რამე სამსახური გქონდეს.

ქალბატონ მედიკოსთან საუბარი ამით დავასრულე და მის მიერ ნახსენებ გორი-ცხინვალის გზას დავადექი.


გორიდან 20 კილომეტრში სოფელი ტყვიავია.


ის დღესდღეობით ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლებიდან ერთ-ერთია, რომელსაც ომის დროს დიდი ზიანი მიადგა. სოფელში დამწვარი და დანგრეული სახლებიც შეინიშნება. ჩემი შემდეგი რესპონდენტი ზეინაბ ოდიაშვილია, რომელიც ომის დაწყების დროს ტყვიავში იმყოფებოდა.

–ქალბატონო ზეინაბ, როგორ გაიხსენებდით ომის დასაწყისს?

- ცხინვალის მხრიდან ყოველთვის ისმოდა ხოლმე სროლების ხმა. ამბობდნენ “უჩენიები" აქვთო. 2008 წელს კი გამოჩნდა რისთვისაც ემზადებოდნენ.

სანამ ტელევიზორში გამოაცხადებდენ, რომ ომი დაიწყო, რამდენიმე დღით ადრე ძალიან გახშირდა სროლები და აფეთქებებიც. მგონი, 6 თუ 7 რიცხვი იყო, ქართველმა სამხედროებმა რომ აიარეს ცხინვალისკენ. არც მიფიქრია, რომ ასეთი ამბავი მოყვებოდა. მერე აფეთქებების ხმა უფრო მომძლავრდა და 8-ში თვითმფრინავებიც გამოჩდა.

–თქვენ ბოლომდე აქ იყავით?

–არა, 10 აგვისტოს წავედი თბილისში. თითქმის დაცლილი იყო უკვე სოფელი, ქართველების ჯარი ცხინვალიდან უკან იხევდა. ძლივს გავაღწიეთ აქედან.

– 8 აგვისტოს დაბომბვა რომ დაიწყო, თქვენს სოფელშიც ჩამოყარეს ბომბები?

–კი, ერთ-ერთი ჩემი ძმის ნაკვეთსაც დაეცა, საძოვარზე გაშვებული ხბო იმსხვერპლა.

-თქვენთან დაზიანდა რამე?ომმა ძალიან დაგაზარალათ, ალბათ.

–არა, ღმერთის წყალობით გადავრჩით, მაგრამ სოფელში ბევრი სახლი დაწვეს, ზოგს ბომბი დაეცა. ოსები და რუსები რომ შემოვიდნენ, მერე ბევრიც გაძარცვეს.

–მსხვერპლი იყო თქვენს სოფელში?

– სამწუხაროდ, კი. ჩვენი ნათესავიც დაიღუპა, სოსო ოდიაშვილი. ოსებს გაუტაციათ, გამოქცევია და უსვრიათ, მალევე დაიღუპა მერე. ბევრი დაიღუპა, ერთი ბიჭი მახსენდება ახლა, გვერდზე სოფლიდან, ფლავიდან ყოფილა მოჭიდავე, 22-23წლის იყო, მგონი, ყველა კარგად ახასიათებს. ტყვიავში ჩაუცხრილავთ, სამხედრო ფორმა ცმია საშინაო ტანსაცმლად, აი, ისეთი ბაზარშიც რომ იყიდება ხოლმე, ნამდვილი არა და მაგიტომ ესროლეს. ზოგმა თქვა, ოსების მანქანას არ მიაწვა და იმიტომო. რაც არ უნდა ყოფილიყო, ძალიან შემეცოდა.(პაუზა) ომის მერეც ბევრი დაიღუპა, მოხუცები.. აქ ვინც დარჩა და თავის თვალით ნახა ყველაფერი, ძალიან იმოქმედა მათზე. მამაც 2009 წელს დამეღუპა.

–ვიზიარებ.(ხანმოკლე დუმილი)ახლა რა სიტუაციაა სოფელში?

– უმუშევრობა, წვალებით მოგვყავს მოსავალი, სარწყავი წყალი ჭირს, მოსავლის მისაღებად დიდი ხარჯი უნდა გაწიო და მერე გაყიდვა ჭირს, კაპიკები ღირს, 25კგ. ვაშლს რომ 2 ლარად ჩააბარებ ქარხანაში...ახალგაზრდებიც აღარ ჩერდებიან სოფელში, ფასი აღარ აქვს მიწაზე მუშაობას.


გორის სოფლების მაცხოვრებლების უმეტესობას მსგავსი და კიდევ უფრო მძიმე ისტორიები აქვთ 2008 წლის ომზე და პრობლემებიც იდენტური.


image

image

image

image

image

imageimage

image

image


ასევე დაგაინტერესებთ:

ისევ ემუქრება თუ არა გორის რაიონს დატბორვის საშიშროება?


გზა ცხინვალისკენ – ომგამოვლილი სოფლები და დევნილები


ერგნეთის ბაზრობა და მისი ავკარგიანობა საქართველოსათვის


შიდა ქართლი საფრთხეშია


10 ცნობილი ქართველი, რომელიც გორში დაიბადა

1
146
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
146
  
2017, 29 ნოემბერი, 12:33
:(((((((((((
0 1 1