ფილოსოფია გზა ბედნიერებისაკენ ანტიკურ ფილოსოფიაში 2017, 27 ნოემბერი, 15:52 რა არის ბედნიერება? ვინ არის ბედნიერი? როგორ შეიძლება იყოს ადამიანი ბედნიერი? ასეთი საკითხი პირველად ბერძნულ ფილოსოფიაში შეგნებულად ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსმა დემოკრიტემ დააყენა და ამიტომ იგი არის პირველი ეთიკოსი. ფილოსოფოსი მოსე გოგიბერიძე ნაშრომში „ფილოსოფიის ისტორია“ (1941წ.) აღნიშნავს, რომ ეთიკა, როგორც ფილოსოფია, სოკრატეზე ადრე დემოკრიტეს აჰყავს პრინციპულ სიმაღლეზე და ასაბუთებს ეთიკური ნორმისა და ბედნიერების ევდემონისტურ თეორიას. როგორც სწორი აზროვნების მიზანს შეადგენს ჭეშმარიტი შემეცნების მიღწევა, ასევე ბედნიერების (ევდემონია) მიღწევა, დემოკრიტეს აზრით, ადამიანის არსებობის მიზანია. ბედნიერება არ არის ის, რაც გრძნობას უხარია, ე. ი. იგი არ არის გრძნობით მისაღწევი სიამოვნება, ნამდვილ ბედნიერებას ადამიანი აღწევს სულის სიმშვიდის საშუალებით. სულის სიმშვიდე ადამიანის ნამდვილი ბედნიერებაა, ვინც გრძნობას აჰყვება და განცხრობას დაეძებს, მან არ იცის რა არის ბედნიერება. შემმეცნებელი და მცოდნე სულის ატომი აღწევს სიმშვიდეს და ბედნიერებას ადამიანისთვის, ამიტომ ურჩევს დემოკრიტე მოქალაქეს უარი თქვას გარეგან სიკეთეზე და ცოდნის შინაგან ხმას დაუჯეროს. მაშასადამე, მისი ეთიკა ამავე დროს რაციონალისტურიც არის. ვინც უკანანოდ მოქმედებს იგი უფრო უბედურია, ვიდრე ის, ვისაც უკანონობა მიაყენეს. ცხოვრების უმაღლესი იდეალი მიღწეული იქნება მაშინ, თუ ადამიანი დასძლევს თავის ვნებას და გრძნობას და სულიერ სიმშვიდეს შემეცნებასა და სიბრძნეში ჰპოვებს. ასეთ მშვიდ სულს უფლება აქვს თავის თავს უწოდოს მხნე და გაბედული. „მამაცი მარტო იგი არ არის, ვინც თავის მტერს დასძლია, არამედ უპირველეს ყოვლისა იგი, რომელმაც თავისი ვნება დაიმორჩილა“-დემოკრიტე. „ყველაზე უსაშინლესია თუ ადამიანი საკუთარი ვნების მონა გახდა“- ამბობს ანტიკური ფილოსოფიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ანტისთენე. ანტისთენე სასტიკი მტერია იმდროინდელ საზოგადოებაში გაბატონებული ფუფუნების, სიმდიდრისა და განცხრომის. იგი ურჩევს ადამიანს ბუნებას დაუბრუნდეს, იშრომოს, ივარჯიშოს, სხეული წვრთნას. მისი ეთიკა არ იცნობს განსხვავებას ქალსა და ვაჟს, ბატონსა და მონას შორის. სათნოება ყველასთვის ერთი და იგივეა. სწორედ სიკეთე და სათნოება არის ბედნიერების საფუძველი, ბედნიერება კი ცხოვრების უმაღლესი იდეალია. ადამიანის ცხოვრების უმაღლესი მიზანი ბედნიერებისკენ სწრაფვაა და ეს სწრაფვა თვით ბუნებამ ჩადო ადამიანში- აცხადებს ციცერონი. "ზოგს სიმდიდრე მიაჩნია ჭეშმარიტ ბედნიერებად, ზოგს განცხრომა და ამქვეყნიური სიამით ტკბობა, ზოგსაც სახელი, პატივი თუ ძალაუფლება. მაგრამ ყოველივე ეს უხანოა და უფასური; ყველაფერი ისევე სწრაფად ქრება, როგორც კვამლი - ქარში, ან წამი - მარადმედინი დროის ნაკადში. რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე განუწყვეტელი რუდუნებით, ოფლისღვრითა და ჭაპანწყვეტით ვიძენთ, ვიხვეჭთ და ვაგროვებთ, შეიძლება ერთ წამში გამოგვეცალოს ხელიდან. აქედან - ჩვენი მუდმივი შიში და ძრწოლა, წრიალი და მოუსვენრობა, მოსალოდნელი უბედურების დამთრგუნველი და მტანჯველი განცდა. მერედა, ამას ჰქვია ჭეშმარიტი ბედნიერება? ეს შეცდომა, ფასეულობათა ეს აღრევა დასაბამს იღებს იქიდან, რომ ადამიანში ერთმანეთს ერწყმის უკვდავი სული და მკვდარი სხეული, ეს ხრწნადი გვამი, რომელსაც სული იძულებით დაათრევს ყველგან. მაგრამ არსებობს ადამიანური ცთომილების, სულის ამ სნეულების სამკურნალო საშუალება, რომელსაც გვთავაზობს ფილოსოფია, ათასგვარი ცრურწმენისაგან რომ გვათავისუფლებს, ბედნიერების ილუზორულობაში გვარწმუნებს და სიქველის სიყვარულს გვინერგავს გულში. სიქველის გარეშე არ არსებობს ბედნიერება; ესაა სიკეთე, რომელსაც ვერავითარი ძალა, თვით ბედის უკუღმა ტრიალიც კი ვერ წაგვართმევს. თუმცა თვით სიქველეც კი არ არის ლტოლვის საბოლოო მიზანი, რადგანაც მის არსებობას ცხოვრებისეული უბედურება, სულისა და სხეულის კავშირი განაპირობებს. თუკი „ნეტართა კუნძულები“ მართლაც არსებობენ, სადაც სხეულის დილეგიდან თავდაღწეული სულები აუმღვრეველი ბედნიერებითა და სრული ნეტარებით ტკბებიან, მაშინ იქ ადგილი აღარ რჩება სიქველეს, რადგანაც სიქველე არსებობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ბიწიერებას უპირისპირდება, ბიწიერების სათავე კი მატერიაა, ხოლო „ნეტართა კუნძულები“ აბსოლუტურად იმმატერიალური სინამდვილეა, წმინდა სულიერების საუფლო. სულის ნეტარება სხვა არა არის რა, თუ არა ამ იდეალური სამყაროს ჭვრეტა და მარადიული ჭეშმარიტების შემეცნება. ამიტომ ჩვენი ამქვეყნიური არსებობის დანიშნულებაცა და უზენაესი მიზანიც ისაა, რომ მთელი არსებით ვესწრაფვოდეთ ცოდნას და ფილოსოფიის მეშვეობით შეძლებისდაგვარად ვეზიარებოდეთ ჭეშმარიტებას, რომელიც ცთომილებისაგან გვათავისუფლებს და ამრიგად, გვიჩვენებს ნეტარებისაკენ მიმავალ გზას"-ციცერონი. მაშასადამე, ფილოსოფიას აქვს პრაქტიკული დანიშნულება-ადამიანის ბედნიერებისათვის წყაროების ძებნა-რასაც ეთიკა აკეთებს და ამიტომ ეთიკა პირველი ფილოსოფიაა. ადამიანი ბედნიერი ვერ გახდება, თუ იგი ცრუმორწმუნეობისაგან არ გათავისუფლდება, ცრუმორწმუნეობისგან კი მას სწორი ცოდნა გაათავისუფლებს. მთლიანად ფილოსოფიას ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსი ეპიკურე განმარტავს, როგორც სიტყვითა და კვლევით ბედნიერების გამონახვის პრაქტიკას. 267 1-ს მოსწონს
|