x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138415
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ" - რას სწერდა ნიკოლოზ ბარათაშვილი მაიკო ორბელიანს

image

ამბობენ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს თავის სულიერ მეგობრად მაიკო ორბელიანი მიაჩნდა, ამას მოწმობს პირადი მიმოწერები. იგი მაიკოს უზიარებდა თავის გრძნობებს და სწორედ მისადმი მიწერილი წერილებიდან ვიგებთ, თუ როგორ განიცდიდა ნიკოლოზ ბარათაშვილი სულით ობლობას.

გთავაზობთ ნაწყვეტს მაიკოსადმი მიწერილი წერილიდან:


სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული. მოიგონე ცოტასხანს დრონი წარსულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და, ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი.




“ძნელი არის მარტოობა სულისა:


მას ელტვიან სიამენი სოფლისა,


მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,



ოხვრა არის შვება უბედურისა!“




შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა? თუ ფიქრობ, ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არა ჰქონდეს, ასეთს რას მიიღებ, რომ არ დაკარგო? მიჩვენე კაცი, რომ მადლიერი იყოს ამ წუთის სოფლისა. დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა! აი, ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებეთა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან!


თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარშიც მაქვს ნასწავლი და, თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს. გემდუდურები, რომ წიგნს არა მწერ; ხომ იცი, მეამება, თუ მეტადრე ბევრ ამბებსაც მამწერ. თუ ნინუცას* ანუ (რადგანაც ჯავრობენ ზოგიერთი ქალები) ანნა ივანოვნას წიგნი მისწერო ან შენ თითონ ნახო, ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარ: დიდად ვწუხვარ, რომ აღარ გაციებს-თქო. ილიას მალე ვნახავთ.


შენი მარად ერთგული ძმა ნ ი კ ო ლ ო ზ ბ ა რ ა თ შ ვ ი ლ ი








0
149
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0