როგორაა შესაძლებელი - დაიმახსოვრო მეტი, დაივიწყო ნაკლები ...
დღევანდელ რეალობაში სხვადასხვა მიზეზების გამო არსებობს მეხსიერებასთან
დაკავშირებული პრობლემები. ეს გამოიწვია იმ ფაქტორებმა, რაც ბევრ
ჩვენგანს სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ ამავე დროს უამრავ დროს გვაკარგინებს.
ფიტავს გონებას და შესაბამისად საფრთხეს უქმნის ჩვენი დამახსოვრების
უნარს, რომელიც "გაზარმაცებულია" და მხოლოდ იმ არასაჭირო ინფორმაციას
ისრუტავს, რომელიც მრავლად გვესმის სხვადასხვა სივრციდან, რომელსაც
მრავლად ვხედავთ სოციალური ქსელების საშუალებით.
მეხსიერებასთან არსებული პრობლემა ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი საკითხია,
მაგრამ რამდენი ზრუნავს მის გაუმჯობესებაზე, რამდენი ფიქრობს ამ პრობლემაზე
ჩემთვის უცნობია... ვფიქრობ, მეხსიერების თავისებურებების ცოდნა
დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მასალის დახსომების ხარისხი და შევძლოთ
მისი აღდგენა მაქსიმალური სიზუსტით.
წარმოგიდგენთ მეხსირების რამდენიმე თავისებურებას, რომლის დახმარებითაც
შეძლებთ დაიმახსოვროთ მეტი და დაივიწყოთ ნაკლები...
მეხსიერების ფსიქოლოგიაში რემინისცენციის ცნებით აღნიშნავენ მოვლენას,
რომლის დროსაც ადამიანი უკეთ აღადგენს მასალას არა უშუალოდ მისი აღქმის
შემდეგ არამედ მოგვიანებით. მოგონების გაუმჯობესება ხდება დროის გასვლის
შემდეგ.
კვლევებმა აჩვენა, რომ მაქსიმალური მოცულობის მასალის აღდგენა დასწავლიდან
ორი სამი დღის შემდეგ ხდება. როგორც ჩანს, გამოცდის წინა ღამეს მთელი
მასალის სწავლა არც ისე წარმატებული სტრატეგიაა, ჯობს ორი ან სამი დღით
ადრე დაისწავლოთ, რადგან თქვენთვის მნიშვნელოვან დროს ადვილად
შეძლოთ მისი აღდგენა.
ინფორმაციის გადამუშავების დონეების თეოორიის მიხედვით ინფორმაციის
გაანალიზება სხვადასხვა დონეზე ხდება. გადამუშავდება როგორც ზედაპირულ
ისე საშუალო და ღრმა დონეზე, ამ თეორიის მიხედვით ინფორმაცია, რომელიც
ღრმა სემანტიკურ დონეზე გადამუშავდება უფრო ხანგრძლივი დროით
ამახსოვრდება ადამიანს, ვიდრე ზედაპირულ დონეზე... სწორედ ამიტომ
სწავლის პროცესში უნდა ვეცადოთ, რომ მასალა ღრმად გადავამუშაოთ.
დახსომების პროცესში მასალის ორგანიზაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ახალი ინფორმაციის მეხსიერებაში უკვე არსებულ ინფორმაციათა
კატეგორიაში მოხვედრა ხელს უწყობს მის დახსომებას.
დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა რომ გამეორება მასალის დამახსოვრების
საუკეთესო გზა იყო, თუმცა 162O წელს ფრენსის ბეკონი წერდა:
" ტექსტის ფრაგმენტის დასწავლა უფრო ნაყოფიერი იქნება თუ მას 2O-ჯერ
წაკითხვის ნაცვლად 1O-ჯერ წაიკითხავთ, ეცდებით ზეპირად გაიხსენოთ
წაკითხული და ტექსტს პერიოდულად გადახედოთ, მაშინ როცა რაიმეს ვერ
გაიხსენებთ."
წლების შემდეგ ბეკონის ეს მოსაზრება, რომელიც მან თავის თავზე დაკვირვების
შედეგად შეიმუშავა ექსპერიმენტულად შეამოწმეს და შედეგებმა ამ მოსაზრების
სისწორე დაადასტურა. ასე რომ სწავლისას ეცადეთ მასალის ბევრჯერ გამეორების
ნაცვლად საკუთარ თავს გამოკითხოთ.
ინფორმაციის კოდირებას გარკვეული სპეციფიკა გააჩნია, რაც იმას გულისხმობს
რომ აღდგენილი ინფორმაციის რაოდენობა მატულობს, თუ დახსომებისა და
აღდგენის პროცესში ერთი და იგივე მიმნიშვნელები მოქმედებენ. ეს
მოსაზრება მრავალი ექსპერიმენტით შემოწმდა და დადგინდა რომ მეხსიერებაზე
კონტექსტის გავლენა საკმაოდ ძლიერია. ინფორმაციის აღდგენა უკეთ ხდება
თუ კოდირებისა და დეკოდირების პროცესები ერთ კონტექსტში მიმდინარეობს.
მეხსიერების ამ თავისებურების გამოყენებით შეგიძლიათ ინფორმაციის
დამახსოვრებისა და აღდგენის პროცესში ერთნაირი მიმნიშვნელები გამოიყენოთ.
მაგალითად სწავლის და გამოცდის დროს დაისხით ერთნაირი სუნამო ან წერეთ
ერთი და იმავე კალმით...
მეხსიერების გაუმჯობესების სპეციალურ სტრატეგიას წარმოადგენს ნემონიკური
ხერხი. ნემონიკა მოიცავს რჩევებს რომლებიც ხელს უწყობენ ფაქტების გრძელი
მწკრივის აღბეჭდვას ნაცნობ და ადრე აღბეჭდილ ინფორმაციებთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი ნემონიკური ხერხია ლოკუსის მეთოდი, რომელიც გულისხმობს
სიტყვის თუ მოვლენის ადგილის მიხედვით დახსომებას და აღდგენას.
მაგალითად იმისთვის რომ დაიმახსოვროთ გარკვეული ტერმინები გონებაში
სათითაოდ განალაგეთ იმ გზაზე, რომლითაც უნივერსიტეტში მიდიხართ.
სემინარზე კი იმ ტერმინების გახსენების მიზნით უბრალოდ ჩამოუარეთ
განვლილ გზას და დაინახავთ შედეგს.
იმედს ვიქონიებ, რომ გარკვეული მეთოდები დაგეხმარებათ სწავლის
გაუმჯობესებაში, მასალის დახსომების გაუმჯობესებაში და შეძლებთ გაზარდოთ
მათი მეხსიერებში შენახვის ხანგრძლივობა.