x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
შირაქის ველზე მიწების დაბრუნების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გაიმართა
image
ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს მოსახლეობა „საქართველოს ბანკის“ მიერ დაქირავებული დაცვის კომპანიის წარმომადგენლების შირაქში მობილიზებას კიდევ ერთხელ აპროტესტებს. დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოსახლეობა შირაქის ველზე საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოებს ისევ ვერ ასრულებს. ადგილობრივებს გადაადგილების საშუალებას დაცვის სამსახური არ აძლევს.


მოსახლეობის თქმით, 3600 ჰექტარი მიწა „ნაციონალურმა მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კომპანია „ჯეო-აგროს“ მათგან მალულად მიყიდეს. მაგრამ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ჯეო -აგროსთან“ ხელშეკრულებით ადგილობრივებს მიწის დამუშავების შესაძლებლობა მიეცათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც „საქართველოს ბანკიდან“ აღებული კრედიტი „ჯეო-აგრომ“ ვერ გადაიხადა, მიწა ბანკის საკუთრება გახდა.


ბანკსა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება რამდენჯერმე შედგა, თუმცა თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ საზღვრისპირა რეგიონში მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა და ორასზე მეტი ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება.


აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლებაც იმყოფებოდა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოსახლეობას პრობლემის კანონის ფარგლებში გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჯანიაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობამ პროტესტი ბანკიდან საბოლოო პასუხის მიღებამდე უნდა შეწყვიტოს.



მოსახლეობა ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ადგილობრივები წინა კვირას თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ოფისთანაც შეიკრიბნენ. როგორც ბანკის წარმომადგენლებმა განმარტეს, საკითხი ბანკის დირექტორთა საბჭოზე გავა განსახილველად, რის შემდეგაც გაირკვევა, დათანხმდება თუ არა ბანკი მოსახლეობის შემოთავაზებას. აქციას სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარიც ესწრებოდა. ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ ბანკი მზადაა ნაკვეთის დროულად რეალიზაცია მოახდინოს.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასა და დაცვის პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება ორი კვირის წინაც მოხდა.

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0